
ფულის გათეთრების ფაქტები ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის და ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს - ქობულია
ფულის გათეთრების გახმაურებული საქმეები საქართველოს ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის და ქვეყნის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს.
საქმე ისაა, რომ 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ უცხოურ სპეცსამსახურებთან ერთად ასეულობით მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების ცნობით, ყადაღა დაედო 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით იყო შეძენილი, ძვირად ღირებულ უძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) 58 შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ გასულ წელს გამოვლინდა 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტიც.
როგორც ქობულიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სავარაუდოა, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შედეგად გარკვეული თანხები საქართველოში რჩება და ის საბოლოოდ ეკონომიკაშიც ხვდება. თუმცა მისი შეფასებით, გაცილებით დიდია ის დანაკლისი და ზიანი, რასაც საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და რეპუტაცია მსგავსი ფაქტებისგან იღებს.
გიორგი ქობულია ამბობს, რომ კეთილსინდისიერი ინვესტორებისთვის საქართველოში ფულის გათეთრების ფაქტების აღმოჩენა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა ძალიან მაღალი რისკის მქონეა. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია ის ფაქტი, რომ ფულის გათეთრების საქმეებში ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობაც იკვეთება.
“მე მგონია [ფულის გათეთრების] საქმეები ხელს უშლის ჩვენი ეკონომიკის ზრდას და მე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვნად უშლის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ “შავ ფულს” დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის ზრდაში, ეს ასე არ არის. ავიღოთ მაგალითი [კრიპტოვალუტებთან] დაკავშირებული თაღლითური სქემის, რომელიც ახლა აღმოაჩინეს. დაკავებული არიან მგონი რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები, საუბარი არის იმაზე, რომ ამ თაღლითურმა ორგანიზაციამ რამდენიმე წლის განმავლობაში გაათეთრა დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, საიდანაც როგორც მედიიდან გავიგეთ, ხუთ პროცენტს იღებდნენ. 300 მილიონ დოლარის ხუთი პროცენტი არის 15 მილიონი. ეს 15 მილიონიც ბოლომდე საქართველოში ალბათ არ დაიხარჯებოდა. რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა, წელიწადში გვაქვს დაახლოებით სამი მილიარდი დოლარის. 15 მილიონი ამ სამ მილიარდში ზღვაში წვეთიც არ არის. ამიტომ მტკიცება, რომ ვითომ “შავ ფულს” რაღაცა დიდი შედეგი მოაქვს ჩვენი ეკონომიკის ზრდაში, რადგან ეს შავი ფული იხარჯება, არის მცდარი.
საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენი ქვეყნის ზომის მიხედვით, ეკონომიკის მიხედვით, თვითონ თაღლითური სქემები მაინც მასშტაბურია. ამას კი ძალიან ნეგატიური ეფექტი მოაქვს ჩვენი ეკონომიკისთვის. იმიტომ, რომ ეს გვაყენებს ჩვენ, როგორც ქვეყანას, ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს. ბევრი ინვესტორისთვის, იქნება ეს დასავლელი თუ არადასავლელი ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია კანონიერი ბიზნესის წარმოებით ჩვენს ქვეყანაში, ასეთი თაღლითური სქემების აღმოჩენა საქართველოში იძლევა ისეთ გზავნილს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მაღალი რისკის ქვეყანა, სადაც თავს იყრიან ყველა ჯიშის თაღლითები, ხან ქოლცენტრებს ხსნიან, ხან კრიპტოვალუტას ათეთრებენ და საერთოდ ქართველებიც კი არ არიან.
ეს ინვესტორები როდესაც ამას უყურებენ, იცით რას ფიქრობენ? ეს თაღლითები რატომ შეიყარნენ ამ პატარა ქვეყანაში? ამდენი ქოლცენტრი რატომ გახსნეს საქართველოში და თბილისში და რატომ ზის ეს ხალხი კრიპტოვალუტის გათეთრებაზე ბათუმში? მათ ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენთან არ არის კანონიერი ქვეყანა, რომ ჩვენთან თაღლითებს შეუძლიათ აწარმოონ თაღლითური ბიზნესი, აქ იკრიბებიან იმიტომ, რომ რაღაც გარიგებაში არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან. ჩვენ ეს დავინახეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი დაკავებულია და ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც გაჟღერდა იყო ის, რომ ის მფარველობდა ქოლცენტრებს, თაღლითურ ქოლცენტრებს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი ინვესტორი უყურებს ამას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მფარველობს თურმე ქოლცენტრებს ამ ქვეყანაში. საქართველო ისედაც მაღალი რისკის ქვეყანაა, ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნად ითვლება მსოფლიო მასშტაბით და ასეთ რამეს რომ ხედავს ინვესტორი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ითრევს ფეხს, რომ აქ შემოვიდეს, ბიზნესი აწარმოოს და ინვესტიციები ჩადოს”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge