
"ფულს მთხოვენ იმაში, რომ ნებართვა მომცენ" - ლევან ვეფხვაძის თქმით, BAG-თან ასეთი წუხილი არავინ მისულა
საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კერძო სექტორში არსებული ბიუროკრატიული ბარიერები კორუფციულ პროცესებს არ უკავშირდება. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” წამყვანის შესაბამის კითხვას.
„ფულს მთხოვენ იმაში, რომ ნებართვა მომცენ - ასეთი წუხილით ჩვენთან არავინ მოსულა”, - თქვა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
საქმე ის არის, BAG-ინდექსის მესამე კვარტალში შედეგების მიხედვით, ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია.
ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ დღეს ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევას გაურკვეველი რეგულაციები და კანონმდებლობის განსხვავებული ინტერპრეტაციები წარმოადგენს, თუმცა ამ საკითხების მოსაგვარებლად მთავრობასთან აქტიური დიალოგი მიმდინარეობს.
- როდესაც ბიზნესი ადმინისტრაციულ და სამართლებრივ ბარიერებზე საუბრობს, ხომ არ გულისხმობს კორუფციულ პრობლემებსაც? ბოლო თვეებში გამოვლენილი მასშტაბური კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე, რამდენად ეხებოდა ეს "კორუფციის ტალღა" კერძო სექტორს და ხომ არ გამოხატავდა ბიზნესი ამ უკმაყოფილებას სწორედ ბიუროკრატიულ ბარიერებზე მითითებით?
- ვერ გეტყვით... ანუ კითხვა ის არის, უფრო ღრმად რომ ჩავიდეთ, ბიუროკრატიული პროცედურების პრობლემა უკავშირდებოდა თუ არა კორუფციას?! - არ ვიცი, ვერ გეტყვით, არა. მსგავსი ქეისი, რომ ვიღაცას ეთქვას - „თუ გინდა დაგიჩქარო, ფული მომეცი“ - პირდაპირ გეტყვით, არ მახსოვს. შეიძლება ვიღაც ვიღაცას ემეგობრება, ეძმაკაცება და პირდაპირი ხაზი ჰქონოდა რაღაცაზე - ესეც თეორიულად დავუშვათ, მაგრამ ის, რომ „ნებართვას არ მოგცემთ, თუ ფულს არ გადამიხდით“ - ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეგეთი არაფერი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან მსგავსი წუხილით არავინ მოსულა, რომ „ფულს მთხოვენ იმაში, რომ ნებართვა მომცენ“ - ასეთი ქეისი არ მქონია.
- BAG-ში 170-მდე ბიზნესჯგუფში შემავალი 1500-მდე კომპანიაა და ანუ [კორუფციულ პრობლემებზე წუხილით არავინ მოსულა?]
- ჩემთან მსგავსი საკითხით არავინ მოსულა. საიდან უნდა გამეგო - ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა?!
- დიახ. მაგალითად, უნდა ეთქვათ, რომ „BAG-ის წევრი ვარ, ასეთი პრობლემა მაქვს და დამეხმარეთ”...
- ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის BAG-ის წევრებსა და [სახელისუფლებო] ადმინისტრაციებს შორის შევასრულოთ „ხიდის“ როლი და ამას ძალიან ხშირად ვასრულებთ. თუ მან [ბიზნესმა] ქრთამის გადახდით გადაწყვიტა ნებართვების მიღება, მაშინ ჩემთან რატომ მოვა?! მე ვერ ვატყობ ამას ჩემი წევრების რაოდენობის კლებით ან რამე მსგავსით… თუ ვიღაცამ ქრთამით დაიწყო ნებართვების მიღება, ეს ადამიანები ბიზნესასოციაციაში არ გაწევრიანდებიან - წავლენ პირდაპირ, გადაიხდიან და აიღებენ. ამიტომ ნამდვილად ვერ გეტყვით. ცალსახად ვიტყვი, რომ მსგავსი გამოცდილება არ მქონია - ვინმე გასულიყოს იმის გამო, რომ „შენ ვერ დამეხმარე, ფული გადავიხადე და აღარ მინდა შენთან ყოფნა“, მსგავსი ქეისი ჩვენ არ გვქონია.
- გასაგებია. დღეს ყველაზე მეტად რა აწუხებს ბიზნესს და ძირითადად რა საკითხებზე მოგმართავენ BAG-ის წევრები? რა თემებია ისეთი, რის გადასაჭრელად თუ ლობირებისთვისაც მთავრობასთან კომუნიკაცია გიწევთ?“
- პირველი, ისევ და ისევ რეგულაციებია, რომელიც ინერგება ჩვენთან და საერთო ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არაა; გამოცდილება ეფუძნება ინტერპრეტაციებს და რაღაც რომ წერია, მე და თქვენ ერთნაირად თუ არ აღვიქვამთ, ეს ხშირად ქმნის პრობლემებს. ამიტომ მეტი სიცხადე და საერთო პრაქტიკის შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მოკლედ, გამოწვევაა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტაცია ერთსა და იმავე რეგულაციაზე... ჩვენი მისიაც ეს არის, რომ მაქსიმალურად შევასრულოთ „ხიდის“ როლი [ბიზნესსა] და [მთავრობას[ შორის; გარდა იმისა, რომ ვისაუბროთ, “მკურნალობის” სხვა გზა არ არსებობს. ლაპარაკსა და დიალოგში იგულისხმება სწორედ ის, რომ ავიღოთ რომელიმე რეგულაციის კონკრეტული მუხლი და ვისაუბროთ - ეს თქვენ როგორ გესმით და მე როგორ მესმის…
- ერთი საუბარი და მეორეა - გადაჭრა. ამ მხრივ, რამდენად მოქნილია მთავრობა?
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით მთავრობასთან პრობლემა გვაქვს. ახლა არის ზუსტად ის დრო, როდესაც კომპანიებიდან წამოსულ საკითხებს ვიღებთ და ინდივიდუალურად ვცდილობთ, გავიდეთ მარეგულირებელთან, პოლიტიკის განმსაზღვრელ სამინისტროსთან და ა.შ. რატომ? იმისთვის, რომ შეიქმნას საერთო პრაქტიკა და ხვალ და ზეგ აღარ იყოს განსხვავებული ინტერპრეტაციები.
BM.GE
წყარო: bm.ge