
გადამუშავებული ყურძნიდან 99.4% მაღალი და საშუალო ხარისხისაა, 0.6% უხარისხო და მკვახეა | სააგენტო
12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებული მონაცემებით, ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა.
კახეთში გადამუშავებული 252 091 ტონა ყურძნის 99,4%-მდე - 250 401 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 0,6% -მდე - 1 690 ტონაა უხარისხო და მკვახე.
გადამუშავებული ყურძნიდან 121,8 ათასი ტონა რქაწითელი, 114 ათასი ტონა საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 24 ლოკაციაზე იბარებს.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
BM.GE
წყარო: bm.ge