რა ქონებით დატოვა შალვა თადუმაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა
შალვა თადუმაძე შს მინისტრის მოადგილე აღარ არის. ოფიციალური ინფორმაციით, ის დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა.
შალვა თადუმაძე ხსენებულ თანამდებობას 2024 წლის 30 დეკემბერიდან იკავებდა.
რა ქონებით დატოვა თადუმაძემ თანამდებობა?
ქონებრივი მდგომარეობის შესახებ 2026 წლის 28 მაისს ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, შალვა თადუმაძე და მისი მეუღლე - მზევინარ ანსიანი ფლობენ 5 ბინას, 4 კომერციულ ფართსა და 1 აგარაკს.
შალვა თადუმაძეს ეკუთვნის:
• ბინა (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N78ა): 93.2 კვ.მ - შეძენილია 2016 წლის 27 ივნისს, 55 000 აშშ დოლარად. • ბინა (თბილისი, ვარკეთილი, III მასივი, ზემო პლატო, კორპ. 14): 45 კვ.მ შეძენილია 2010 წლის 18 თებერვალს, 8 000 აშშ დოლარად. • აგარაკი (მცხეთა, სოფ. ნატახტარი): 1 037 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა - შეძენილია 2013 წლის 17 ივნისს, 32 000 აშშ დოლარად. • კომერციული ფართი (თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. N4): 53.55 კვ.მ - შეძენილია 2023 წლის 1 მარტს, 131 000 ლარად. • კომერციული ფართი (თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. N4): 51.9 კვ.მ - შეძენილია 2023 წლის 27 თებერვალს, 127 000 ლარად. • კომერციული ფართი (თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N11ა): 62.19 კვ.მ - შეძენილია 2011 წლის 27 დეკემბერს, 50 000 აშშ დოლარად.
მზევინარ ანსიანის საკუთრებაში კი არის:
• ბინა (ბათუმი, ანგისას ქ. N85): 29.2 კვ.მ - შეძენილია 2026 წლის 8 აპრილს, 46 720 აშშ დოლარად. • ბინა (ბათუმი, ანგისას ქ. N85): 27.6 კვ.მ - შეძენილია 2026 წლის 8 აპრილს, 44 160 აშშ დოლარად. • კომერციული ფართი (თბილისი, არჩილ ცაგარელის ქ. N70): 112.8 კვ.მ - შეძენილია 2018 წლის 22 მარტს, 90 000 აშშ დოლარად. • ბინა (თბილისი, ბახტრიონის ქ. N11): 118.43 კვ.მ - შეძენილია 2013 წლის 27 მარტს, 100 000 აშშ დოლარად.
დეკლარაციაში ასახულია თადუმაძის და მისი ოჯახის ჯამური საბანკო ნაშთები და ნაღდი ფულიც: 78 547 აშშ დოლარი, 70 456 ლარი (საკრედიტო ბარათის 6 976 ლარიანი ლიმიტის ჩათვლით) და 2 225 ევრო. მათ შორის, მზევინარ ანსიანი ნაღდი ფულადი დანაზოგის სახით ფლობდა 27 000 ლარს, ანაბრების სახით კი - 53 240 დოლარს.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, შალვა თადუმაძე ფლობს 100%-იან წილს კომანდიტურ საზოგადოებაში „შალვა თადუმაძე და ბი-ელ-ფი კონსალტინგი“ (მართვის უფლებით გადაცემული აქვს მეუღლისთვის) და არის დამფუძნებელი კს „მზევინარ ანსიანის ლოია კლაბისა“, საიდანაც გასულ წელს მას შემოსავალი არ მიუღია.
მის მეუღლეს, მზევინარ ანსიანს კი, როგორც „მზევინარ ანსიანის ლოია კლაბის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, 2025 წელს კს-დან შემოსავლის სახით 40 099.5 ლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა, იგი ფლობს წილებსა და დირექტორის პოზიციებს სხვა კომპანიებშიც: შპს „სამართლის ინოვაციური სკოლა“ (100%), შპს „მარმარე“ (100%), შპს „ევრო აგრო“ (33%), შპს „მწვანე და განახლებადი ენერგია საქართველოსთვის“ (25%), ასევე რეგისტრირებულია ინდმეწარმედ („მარმარე“). აღნიშნული კომპანიებიდან წინა წელს შემოსავალი არ დაფიქსირებულა.
დეკლარაციის მიხედვით, შალვა თადუმაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე 2025 წელს ხელფასის სახით 144 661 ლარი მიიღო.
მზევინარ ანსიანს ორი საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან 2025 წელს ჯამში 31 200 ლარი აქვს მიღებული. იმავე წელს ანსიანმა გაასხვისა ავტომობილი, საიდანაც შემოსავლის სახით 22 500 აშშ დოლარი მიიღო.
შალვა თადუმაძეს 2023 წელს აღებული აქვს 159 317 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის მომსახურებაზე 2025 წელს 34 120 ლარი დაიხარჯა.
ამასთან, 2025 წელს შალვა თადუმაძემ საოჯახო ხარჯებისთვის - 12 380 ლარი, ხოლო სარემონტო სამუშაოებისთვის 6 000 ლარი დახარჯა.
