
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
„გადავასწრებ“, „გავძვრები“, „დამინახავს“, „დამითმობს“, „გამიძლებს“ - ხშირად ამ სიტყვებით იწყება გადაწყვეტილებები, რომლებიც გზაზე მძიმე შედეგებით სრულდება. სწორედ ამ იდეაზე ააგო „თეგეტა ჰოლდინგმა“ საგზაო უსაფრთხოების ახალი კამპანია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომელიც მაისის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაიშლება და საზოგადოების ყურადღებას გზებზე პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.
საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანიაში ამ თემაზე მუშაობა წლებია, სისტემურად მიმდინარეობს. მათ შორის, „თეგეტა“ ყოველწლიურად უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კამპანიას.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით კი საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა. ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები იზრდება.
წელს გადავწყვიტეთ, განსხვავებული და კრეატიული ფორმით შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ. ყველაზე სახიფათო სწორედ ის სიტყვებია, რომლებიც გზაზე ხშირად გაგვიელვებს ხოლმე თავში: „გადავასწრებ“, „გავძვრები“ და ა.შ. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილიც არის - მეტი რომ გავიაროთ უსაფრთხოდ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ“.
კამპანიის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო Joyboy-მ იმუშავა. იდეა კი იმ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ეფუძნება, რომელიც ბევრ მძღოლსა თუ ქვეითს აქვს - რომ კონკრეტული საფრთხე მათ არ შეეხებათ და გამონაკლისები სწორედ ისინი იქნებიან. ამის საპირისპიროდ კამპანიის მთავარი გზავნილია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“.