
გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
საინვესტიციო კომპანია გალტ ენდ თაგარტის ჩართულობით და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით, კომპანია ნუტრიმაქსმა, წარმატებით დაასრულა სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსება. ემისიის ჯამურმა ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა.
2 წლიანი ვადის მქონე ობლიგაციების გამოშვების თარიღად 2026 წლის 29 მაისი განისაზღვრა, ხოლო საპროცენტო სარგებლის (კუპონის) გადახდა განხორციელდება ნახევარწლიურად. საბოლოო საპროცენტო სარგებლის მაჩვენებელმა 8.5% შეადგინა.
ობლიგაციებიდან მიღებულ სახსრებს ნუტრიმაქსი არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად მიმართავს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების სს „თბილისის საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში იქნება დაშვებული.
“მოხარული ვართ, რომ როგორც განთავსების აგენტმა, მონაწილეობა მივიღეთ ნუტრიმაქსის სადებიუტო ობლიგაციების განთავსებაში. ეს ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ქართული კომპანიები სულ უფრო აქტიურად იყენებენ კაპიტალის ბაზარს როგორც ზრდის, ისე დაფინანსების დივერსიფიკაციის ინსტრუმენტად.
ემისია წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს დივერსიფიცირებული ინვესტორთა წრე და მაღალი ნდობა კომპანიის ბიზნეს მოდელისა და მისი რეგიონული განვითარების პერსპექტივების მიმართ. ვფიქრობთ, მსგავსი გარიგებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას და მისი გამჭვირვალობის ზრდას. ვულოცავთ კომპანიას წარმატებულ სადებიუტო ემისიას და გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში სამომავლოდ ბაზარს მრავალ წარმატებულ ტრანზაქციას შევთავაზებთ ერთად”, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
"ჩვენთვის ეს სადებიუტო ემისია განაცხადია, რომ ნუტრიმაქსი მზად არის განვითარების ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ეტაპისთვის. სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ დაფინანსების სტრუქტურა, უფრო ეფექტიანად ვმართოთ კომპანიის ფინანსური რესურსები და მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ კორპორატიული მმართველობის სტანდარტები. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი ნაბიჯი გახდება მყარი საფუძველი ნუტრიმაქსის შემდგომი ზრდის, ახალი შესაძლებლობების ათვისებისა და კომპანიის ღირებულების კიდევ უფრო გაზრდისთვის", - განაცხადა ბექა ბექაიამ, ნუტრიმაქსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.