
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა, რომელზეც საინვესტიციო კომპანიამ ბაზრის კომპლექსური კვლევა წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და ბაზრის სხვა მონაწილეები, რომლებიც სასაწყობე ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობებით არიან დაინტერესებული.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა - Tbilisi Logistics Center, Nikora Management Group, Sharm Trading, JAY Warehouse და LSG Solutions.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასაწყობე ბაზარზე დღემდე არ არსებობდა ერთიანი მონაცემები, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა ინფორმაციას ფართის მოცულობაზე, ხარისხზე, ქირის დინამიკაზე, საკუთრების სტრუქტურასა და არსებულ საწყობებში გამოყენებულ ლოგისტიკურ მოდელებზე. ეს კი ართულებდა როგორც ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ისე პროექტების დაფინანსების შეფასებას. აღნიშნული კვლევა ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა.
კვლევის მიხედვით, 2025 წელს თბილისში სასაწყობე ფართი 1.26 მლნ კვ.მ-ს შეადგენდა, თუმცა ამ მოცულობის 80%-ზე მეტი დაბალი კლასის საწყობები იყო. ამავდროულად, ქირა 2022 წლიდან 60%-ით გაიზარდა და 6.3 აშშ დოლარს მიაღწია კვ.მ-ზე. ეს ზრდა ნაწილობრივ სწორედ მაღალი კლასის ფართების დეფიციტით არის განპირობებული.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2027 წლის ბოლომდე მიწოდება 31%-ით გაიზრდება. დაგეგმილი პროექტების 85% სამგორსა და თბილისის შემოსასვლელებშია კონცენტრირებული. გაზრდილი მიწოდების ფონზე კი ქირის სტაბილიზაციაა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გაზრდილმა ქირამ კომპანიების ნაწილს საკუთარი საწყობების მშენებლობისკენ უბიძგა. კვლევის შეფასებით, ეს ნაბიჯი A კლასის საწყობისთვის ფინანსურად მიზანშეწონილია მინიმუმ 7,000 კვ.მ სტაბილური და გრძელვადიანი მოთხოვნის შემთხვევაში. დაბალი კლასის შემთხვევაში ეს ნიშნული უფრო დაბალია. ამის ფონზე, საბითუმოდ მოვაჭრე სექტორთან ერთად, FMCG და ელექტრონიკის სექტორის კომპანიებიც გადადიან ცენტრალიზებულ სადისტრიბუციო მოდელებზე მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გასაზრდელად.