
გამრეკელის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - GWP
გამრეკელის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიის ინფორმაციით, დღეს, 18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საათზე საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. მილის დაზიანების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
"შემთხვევის ადგილზე მოხდა კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფების დაუყოვნებელი მობილიზება. წყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით კომპანიამ უზრუნველყო აღნიშნულ არეალში მდებარე აბონენტების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა.
ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები, რათა დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას. პარალელურად, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და კომპანია მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს", - აცხადებენ GWP-ში.
BM.GE
წყარო: bm.ge