
გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე
თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გზისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე შენობა-ნაგებობების სრული განახლება დაიწყება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გამზირზე არსებული შენობების სრული რეაბილიტაცია-განახლება მომავალი წლიდან არის დაგეგმილი.
ამ ეტაპზე ადგილზე საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კალაძის თქმით, დაპირებისამებრ, გზის საფარის, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ტროტუარების მოწესრიგება ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ახლდება, წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები... კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. გვესმის, რომ რთულია. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დამთავრდება, გამზირი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კალაძის თქმით, ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა უკვე გახსნილია. ამჟამად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რათა ასფალტის ბოლო ფენა მთლიან გამზირზე ერთიანად დაიგოს. მერის განცხადებით, პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ სამუშაოების ვადაგადაცილებით მიმდინარეობის გამო კიდევ ექვსჯერ დააჯარიმა. მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე კომპანიას სამივე მონაკვეთზე ჯამში 8 694 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
BM.GE
წყარო: bm.ge