
განვითარებადი ქვეყნებისთვის რაც უფრო მაღალია FDI-ს წილი ეკონომიკაში, მით უკეთესია - რატი წიკლაური
განვითარებადი ქვეყნებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ BMG-ის ეკონომისტმა რატი წიკლაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძირითადად უკრაინის ომით გამოწვეულმა ფაქტორებმა: ფულადმა გადმორიცხვებმა, სავალუტო ტრანზაქციებმა და სატრანზიტო დერეფნის როლის გაძლიერებამ განაპირობა. ამიტომ ეკონომიკურ ზრდაში ინვესტიციების წილი მაღალი არ იყო.
"საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) და მასზე მოქმედი პოზიტიური თუ ნეგატიური ფაქტორები, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკაში მის წილზე დაყრდნობით უნდა გაიზომოს. თავისთავად აღებული 100 მილიონი დოლარი შეიძლება ძალიან დიდი თანხა იყოს ერთი ქვეყნისთვის და ფაქტობრივად ზღვაში წვეთი მეორესთვის. როდესაც განვითარებადი ქვეყანა ხარ, შენთან შემოსული ნებისმიერი რაოდენობის FDI შენი მომავალი განვითარების პოტენციური საწინდარია. ამიტომ, განვითარებადი ქვეყნებისთვის რაც უფრო მაღალია FDI-ს წილი ეკონომიკაში, მით უკეთესია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მაღალ FDI-ზე უნდა გვქონდეს მოთხოვნა და მცირედს არ უნდა ვჯერდებოდეთ. მაგრამ იმის თქმა, რომ 10% ან 15%-ია მშპ-თან მიმართებით კარგი მაჩვენებელი, ცოტა ზედაპირული მსჯელობა გამოვა.
რაც შეეხება ამ რიცხვებს, 2022 წელს საქართველოს მშპ-ში FDI-ის წილი 9% იყო, 2025 წელს კი 5% ხდება. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, განახევრდა, ხომ? ეს შეიძლება ჩაითვალოს იმის ნიშნად, რომ ან ინვესტორები აღარ ინტერესდებიან ჩვენით, ან რაღაც დავაშავეთ. აქ ბევრი ფაქტორია მათ შორის ისეთებიც, რაც ჩვენ დავაშავეთ, ცხადია, და ახლა ამ დეტალებში არ შევალ.
თუმცა მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი როდესაც ვზომავთ FDI-ის წილს მთლიან შიდა პროდუქტში, თავად მთლიანი შიდა პროდუქტი არის ძალიან დიდი განმსაზღვრელი ფაქტორი. როგორც არაერთხელ გვისაუბრია, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძირითადად უკრაინის ომზე, სავალუტო ტრანზაქციებსა და გადმორიცხვებზე იყო დამოკიდებული. ამ გადმორიცხვებმა, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოლოსალური იყო, ძალიან წაეხმარა ქართულ მშპ-ს. ასევე ხელი შეუწყო სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულებამაც, რამაც ბოლო სამ-ოთხ წელიწადში მშპ ფაქტობრივად არნახულად გაზარდა.
რადგან ახლა მშპ-ის წილზე ვლაპარაკობთ, FDI სულაც რომ არ შეცვლილიყო ანუ აბსოლუტური მნიშვნელობა 2022 და 2025 წლებში ერთი და იგივე რომ ყოფილიყო, ეს მაჩვენებელი მაინც შემცირდებოდა, რადგან მშპ-ის ზრდას სრულიად სხვა ხასიათის დრაივერი განაპირობებდა", - აცხადებს წიკლაური.
საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების [FDI] სტრუქტურაში განსაკუთრებით მაღალია რეინვესტიციის წილი, რომელიც ბოლო წლებში 80%-ს აჭარბებდა. კერძოდ, 2024 წელს მან 84.6%, ხოლო 2025 წელს 82.5% შეადგინა. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის მთლიანად საქართველოში უკვე მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული მოგების ხელახალ დაბანდებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება მოცულობას, ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2.2 მლრდ დოლარი 2022 წელს დაფიქსირდა, შარშან კი 19%-ით 1.9 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
ინვესტიციების მოცულობა ბოლო ხუთ წელში:
• 2025 წელი - 1.9 მლრდ დოლარი; • 2024 წელი - 1.6 მლრდ დოლარი; • 2023 წელი - 2.1 მლრდ დოლარი; • 2022 წელი - 2.2 მლრდ დოლარი; • 2021 წელი - 1.3 მლრდ დოლარი;
BM.GE
წყარო: bm.ge