
პირველად თბილისში, „ლოკო პარკში”, სტეფანო ბოერის არქიტექტურული პროექტი განხორციელდება
„ლოკო პარკის” არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდია გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობა მალე თბილისსაც შეემატება.
22 ოქტომბერს „ლოკო პარკის” საცხოვრებელი ზონის არქიტექტურული კონკურსის ფინალი შედგა. ერთმანეთს კონკურენციას ხუთი წამყვანი ქართული და იტალიური არქიტექტურული სტუდია უწევდა: სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდია, „პიუარკი”, „არტსტუდიო” X Architecture და „ურბანიკა”. მათი ნამუშევრები დამოუკიდებელმა საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებული გამოავლინა. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ჰოლანდიელი არქიტექტორი და ურბანისტი მარკუს აპენცელერი იყო.
საცხოვრებელი ზონის პირველი ფაზის არქიტექტურული კონცეფციების კონკურსი მიზნად ისახავდა ისეთი არქიტექტურის გამოვლენას, რომელიც შეინარჩუნებდა არსებული სივრცის ხასიათს და ჰარმონიულად შექმნიდა მის მომავალ სახეს. კონკურსს საფუძვლად ედო „ლოკო პარკის” გენერალური გეგმა, რომელიც 2025 წელს ნიდერლანდურმა კომპანია MLA+-მა შეიმუშავა. სწორედ ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული ტერიტორიის განვითარების საერთო ხედვა, რასთან თანხვედრაც კონკურსის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო.
სტეფანო ბოერი საერთაშორისოდ აღიარებული იტალიელი არქიტექტორი და ურბანისტია, რომელიც ცნობილია ბუნებისა და არქიტექტურის შერწყმით, ასევე ინდუსტრიული ტერიტორიების მწვანე, ცოცხალ გარემოდ გარდაქმნით. მისი სავიზიტო პროექტია მილანის „ვერტიკალური ტყე“ (Bosco Verticale) – ორი მრავალსართულიანი შენობა, რომელთა ფასადებზეც ვერტიკალურად ათიათასობით მცენარეა გაშენებული. არაერთ ჯილდოსთან ერთად, პროექტმა საუკეთესო მრავალსართულიანი შენობის წოდებაც დაიმსახურა.
სტეფანო ბოერი – არქიტექტორი, ურბანისტი: „ძალიან ბედნიერები ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წვლილი შევიტანოთ „ლოკო პარკის” განვითარებაში, გავაუმჯობესოთ და ვაქციოთ ის ფანტასტიკურ, დინამიკურ და ცოცხალ საცხოვრებელ გარემოდ. ეს ჩვენი შრომის ფანტასტიკური შედეგია. პირადად მე, „ლოკო პარკის” მომავალს ვხედავ, როგორც რაღაცას, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს თბილისში. ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ღია იქნება ყველასთვის – დიდი ქსელი საჯარო, საფეხმავლო და მწვანე, დაჩრდილული ზონებისა. ძალიან ბედნიერი ვარ და მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა აქ ჩამოვალთ და ამ პარკში შემოვალთ, გვექნება განცდა, რომ ერთგვარ ურბანულ არქიპელაგში ვსეირნობთ – გარშემორტყმული შენობებით, რომელთაგანაც თითოეულს თავისი იდენტობა აქვს, მაგრამ ამავდროულად, საერთო დნმ-ს იზიარებენ – და ვივლით დაჩრდილულ, მწვანე გარემოში. ეს არის ის, რისი გაკეთებაც, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია და რის გაკეთებასაც „ლოკო პარკი” გვთხოვს.”
მარკუს აპენცელერი – ჟიურის თავმჯდომარე, არქიტექტორი, ურბანისტი: „არჩევანი არ იყო მარტივი, რადგან ყველა მონაწილეს ჰქონდა კარგი იდეები. საბოლოოდ კი ამ კარგი იდეებიდან საუკეთესო უნდა იპოვო. ჩვენ განვიხილეთ ყველა პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა იყო საუკეთესო გადაწყვეტა, საუკეთესო პასუხი ამ ტერიტორიისთვის, რადგან „ლოკო პარკი” განსაკუთრებული სივრცეა – სივრცე, რომელსაც აქვს ინდუსტრიული მემკვიდრეობა, თანაც, გამორჩეული ინდუსტრიული მემკვიდრეობა უზარმაზარი შენობებითა და იშვიათი ინფრასტრუქტურით. ჩვენი განხილვის მთავარი ფოკუსიც ამის გარშემო იყო.”
გიორგი კოსტავა – „ლოკო პარკის” აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის არქიტექტურა არ არის მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტა. ეს არის გარემოს შექმნის ინსტრუმენტი, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ არქიტექტურული კონკურსის გამართვაც, რათა მოგვესმინა პროფესიონალ არქიტექტორთა განსხვავებული ხედვები და მათ შორის საუკეთესო აგვერჩია. ეს არის ტერიტორიის საცხოვრებელი ზონის განვითარების პირველი ფაზა. საერთო ჯამში კი „ლოკო პარკი” მოიცავს საცხოვრებელ, საზოგადოებრივ, კულტურულ, სახელოვნებო, რეკრეაციულ და კომერციულ სივრცეებს. 2027 წლიდან უკვე გაიხსნება საზოგადოებრივი პარკი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ასევე ვავითარებთ ცალკე მიმართულებას Loco Arts. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ყოფილი ინდუსტრიული სივრცე თბილისის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ.”
„ლოკო პარკი“ გურამიშვილის გამზირზე, თბილისის ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული სივრცის გარდაქმნას მრავალფუნქციურ ურბანულ გარემოდ, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, კულტურულ, საზოგადოებრივ, რეკრეაციულ და კომერციულ სივრცეებს.
BM.GE
წყარო: bm.ge