მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას მიაღწია ტრამპმა ირანთან ომით? — რეალური შედეგების ანალიზი
რას მიაღწია ტრამპმა ირანთან ომით? — რეალური შედეგების ანალიზი

რას მიაღწია ტრამპმა ირანთან ომით? — რეალური შედეგების ანალიზი

BM.GE24 ოქტომბერი, 2026, 00:31|bm.ge

2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ვაშინგტონის მიზნები ბირთვული საფრთხის განეიტრალება, სარაკეტო შესაძლებლობების მოსპობა, რეჟიმის შესუსტება და ირანის რეგიონული გავლენის შემცირება იყო.

ამჯერად შევეცდებით შევაფასოთ, თუ რას მიაღწია დონალდ ტრამპმა ირანთან ომით და რატომ გრძელდება ეს კონფლიქტი თითქმის 8 თვის შემდეგაც.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ძალებმა დააზიანეს ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურა, სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, საჰაერო თავდაცვა და საზღვაო ძალები. მოკლული იქნა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები, რაც ირანის ხელისუფლებისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო.

თუმცა სამხედრო ობიექტების განადგურება არ ნიშნავს, რომ ქვეყანას წინააღმდეგობის გაგრძელება აღარ შეუძლია. ირანის განკარგულებაში რჩება მობილური სარაკეტო გამშვები სისტემები, დრონები, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და რეგიონული მოკავშირეები, მათ შორის ჰუსიტები. მართალია, ამ 8 თვის განმავლობაში ამერიკამ ირანი დაასუსტა, მაგრამ მისი სამხედრო პოტენციალი სრულად მაინც ვერ გაანეიტრალა, რადგან ამისათვის მხოლოდ საჰაერო დარტყმები საკმარისი არ არის.

მთავარი მაინც ისაა, რომ აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი ირანის პოლიტიკური სისტემის დასასრულად არ ქცეულა, რადგან 8 მარტს ახალ უზენაეს ლიდერად მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს. ძალაუფლება იმავე მმართველი ელიტის შიგნით დარჩა და ის არ გადასულა ვაშინგტონისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალებთან. შესაბამისად, ირანის მმართველი რეჟიმი კვლავ არსებობს და მან სამხედრო ზეწოლას ნამდვილად გაუძლო. აი, ვინ იქნება ახალი აიათოლა, ამას არსებითი მნიშვნელობა მაინც არ აქვს.

გაურკვეველია ბირთვული პროგრამის ბედიც. დარტყმამ ინფრასტრუქტურა გაანადგურა და პროგრამის აღდგენაც შეფერხდა, თუმცა ყველა ობიექტის მდგომარეობა და გამდიდრებული ურანის მარაგის მდგომარეობა სრულად ცნობილი არ არის. ომამდე ირანს 60%-მდე გამდიდრებული ურანის დაახლოებით 441-კილოგრამიანი მარაგი ჰქონდა. ამჟამად რამდენი კილოგრამია ირანისთვის ხელმისაწვდომი, ეს ამერიკის დაზვერვამაც არ იცის. შესაბამისად, რთულია იმის მტკიცება, რომ ბირთვული საფრთხე სამუდამოდ აღმოიფხვრა. მართალია, პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილების წყალობით, ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს არ ექნება, თუმცა ამ განცხადების მიღმა სარწმუნო მონაცემები არ დგას და პრეზიდენტის პოზიციას ვერც ისრაელის დაზვერვა ვერ ადასტურებს.

და მაინც, ომის მთავარი პარადოქსი ჰორმუზის სრუტეა, რომელიც გლობალური ენერგეტიკული სექტორის საკვანძო მარშრუტია. ირანმა, მიუხედავად სამხედრო დანაკარგებისა, სატვირთო გემებისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა მაინც შეინარჩუნა და მოახერხა ის, რომ ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად პარალიზებულია. თუ ომამდე სრუტეში დღეში დაახლოებით 140 გემი გადაადგილდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი დღეში 2-3 გემის ფარგლებშია. აი, სწორედ ეს განაპირობებს ნავთობის 88%-ით და გაზის 230%-ით გაძვირებას.

ომის ფინანსური ფასიც საკმაოდ მაღალია. ოფიციალური მონაცემებით, სექტემბრისთვის ამერიკის სამხედრო ხარჯების შეფასება დაახლოებით 44 მილიარდ დოლარს აღწევდა. ბუნებრივია, ეს თანხა ყველა არაპირდაპირ დანაკარგსა და რეგიონული ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯებს არ მოიცავდა. შესაბამისად, რეალური ფინანსური დანაკარგი, რომელიც რეგიონმა და ამერიკის ბიუჯეტმა მიიღო, ამ თანხაზე გაცილებით მეტია და ის ცნობილი რამდენიმე თვის შემდეგ გახდება.

საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, ტრამპმა ნაწილობრივ სამხედრო წარმატებას მიაღწია: ირანის შესაძლებლობები შესუსტებულია და ქვეყანამ მძიმე დანაკარგებიც განიცადა. თუმცა რეჟიმი არ დამხობილა, ბირთვული იარაღის საკითხი საბოლოოდ არ მოგვარებულა, ირანის რეგიონული გავლენა სრულად არ გამქრალა და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობა აღდგენილი არ არის. ამასთან, სამშვიდობო შეთანხმებაც მიღწეული არ არის და საერთოდ ისიც არ ვიცით, მშვიდობა იქნება თუ არა.

ამ ეტაპზე ტრამპს თამამად შეუძლია ისაუბროს ირანის სამხედრო პოტენციალის დასუსტებაზე, მაგრამ არა ყველა სტრატეგიული მიზნის შესრულებაზე. უფრო მეტიც, ამ კონფლიქტით ამერიკამ ირანს გადასცა ახალი გეოპოლიტიკური ზეწოლის იარაღი ჰორმუზის სრუტის სახით, რომლის პარალიზებით ირანის ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკულ კრიზისს იწვევს. შესაბამისად, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რეჟიმის დამხობა არც ბომბებს და არც სანქციებს არ გამოუწვევია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 8-თვიანი სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იყო – მან ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს და ამ კრახის პოლიტიკურ ფასს, სავარაუდოდ, ტრამპის პარტია 3 ნოემბერს, შუალედურ არჩევნებში გადაიხდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 150 სტატია.

  • სკოტ ბესენტის თქმით დემოკრატები ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეაჩერებენფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმებარუსთავი 2
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

BM.GE

Rosneft-ის წმინდა მოგება უკრაინული დარტყმების გამო 2026 წლის პირველ 6 თვეში 20%-ით შემცირდა

Rosneft-ის წმინდა მოგება უკრაინული დარტყმების გამო 2026 წლის პირველ 6 თვეში 20%-ით შემცირდა

BM.GE

პირველად თბილისში, „ლოკო პარკში”, სტეფანო ბოერის არქიტექტურული პროექტი განხორციელდება

პირველად თბილისში, „ლოკო პარკში”, სტეფანო ბოერის არქიტექტურული პროექტი განხორციელდება

BM.GE

განვითარებადი ქვეყნებისთვის რაც უფრო მაღალია FDI-ს წილი ეკონომიკაში, მით უკეთესია - რატი წიკლაური

განვითარებადი ქვეყნებისთვის რაც უფრო მაღალია FDI-ს წილი ეკონომიკაში, მით უკეთესია - რატი წიკლაური

BM.GE