
გარკვეული კატეგორიის უძრავი ქონების დღგ-ისგან გათავისუფლების ვადა 2033 წლამდე გახანგრძლივდა
გარკვეული კატეგორიის უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული 2033 წლის 1 იანვრამდე იქნება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა.
როგორც BDO-ს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილება 2026 წლის 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული კანონით განხორციელდა. მანამდე არსებული რეგულაციით, საგადასახადო შეღავათი ვრცელდებოდა იმ უძრავი ქონების მიწოდებაზე, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე განხორციელდებოდა, იმ პირობით, რომ შესაბამისი საპროექტო დოკუმენტი ან სამშენებლო ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტომდე იყო აღებული.
ახალი ცვლილებით, აღნიშნული შეღავათის მოქმედების პერიოდი ოთხი წლით, 2033 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა. შეღავათი ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული კატეგორიის უძრავი ქონების მიწოდებაზე, ასევე ამ ქონების მიმწოდებლის მიერ მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევაზე.
ცვლილება ასევე ითვალისწინებს აღნიშნულ საგადასახადო შეღავათთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადების კორექტირებას. კერძოდ, 2015 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული იმ გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების მიმართ, რომლებიც ამ შეღავათით სარგებლობდა, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები ოთხი წლით იზრდება.
კანონი ძალაში 2026 წლის 17 ოქტომბრიდან შევიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge