
გასულ წელს OpenAI-ის ხარჯებმა შემოსავლებს გადააჭარბა და $34 მილიარდს მიაღწია
ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ, დაგეგმილი საფონდო ბირჟაზე განთავსების (IPO) წინ, სწრაფად მზარდ AI ბაზარზე დომინირების მოსაპოვებლად გასულ წელს 34 მილიარდი დოლარი დახარჯა - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
ინფორმირებული წყაროების მიერ დადასტურებული აუდიტირებული ფინანსური მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს კომპანიამ კვლევასა და განვითარებაზე დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი, ხოლო გაყიდვებზე, მარკეტინგსა და სხვა მიმართულებებზე 6 მილიარდ დოლარამდე დახარჯა.
ხარჯების მაჩვენებლები, რომლებიც წინა წელთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი, AI ბუმის უკან მდგომ ეკონომიკაზე იშვიათ წარმოდგენას გვიქმნის - კერძოდ, იმაზე, თუ რამხელა თანხებს ხარჯავს OpenAI მოდელების შესაქმნელად, მონაცემთა ცენტრების დასაფინანსებლად და წამყვანი მკვლევრების დასაქირავებლად.
მონაცემები, რომლებიც თავდაპირველად დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ედ ზიტრონმა Financial Times-ს გაუზიარა, მიუთითებს, რომ OpenAI-ის ხარჯები მის შემოსავლებს აჭარბებს.
გასულ წელს OpenAI-მ დაახლოებით 13 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2025 წლის ბოლოსთვის მისი ყოველთვიური შემოსავალი 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა (შედარებისთვის, 2024 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი კვარტალში 1 მილიარდი დოლარი იყო), რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბიზნესად აქცევს.
თუმცა, უზარმაზარმა დანახარჯებმა OpenAI-ის წმინდა ზარალი თითქმის რვაჯერ გაზარდა - 2024 წლის 5 მილიარდიდან 2025 წელს დაახლოებით 39 მილიარდ დოლარამდე. ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ამ ნახტომის უდიდესი ნაწილი კომპანიის წინა სტრუქტურასთან დაკავშირებულ არაფულად სააღრიცხვო ხარჯებს ასახავს და არა მის ძირითად ოპერაციებს.
გასული წლის ბოლოს "საზოგადოებრივი სარგებლის კორპორაციის" სტატუსზე გადასვლამდე, OpenAI-ის ინვესტორები ტრადიციული აქციების ნაცვლად კონვერტირებად წილობრივ უფლებებს იღებდნენ. აშშ-ის სააღრიცხვო წესების თანახმად, ეს წილები განიხილებოდა როგორც ვალდებულებები და კომპანიის ღირებულების ზრდასთან ერთად პერიოდულად ხელახლა ფასდებოდა.
წყაროს თქმით, OpenAI-ის ღირებულების ზრდასთან ერთად, ინვესტორთა ამ უფლებების გაზრდილმა ღირებულებამ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ხარჯი შექმნა. მოსალოდნელია, რომ რესტრუქტურიზაციის შემდეგ მსგავსი ხარჯი აღარ განმეორდება.
თუ არ გავითვალისწინებთ ამ და სხვა არაფულად ხარჯებს (მაგალითად, თანამშრომლებისთვის აქციებით კომპენსაციასა და Microsoft-ისგან მიღებულ გამოთვლით კრედიტებს), OpenAI-ის საოპერაციო ზარალმა 8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამ დრომდე კომპანიის ხარჯებს ის ინვესტორები აფინანსებენ, რომლებსაც AI ინდუსტრიის მომავალ ლიდერში წილის მოპოვება სურთ. მიმდინარე წლის დასაწყისში OpenAI-მ 122 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიზიდა (კომპანიის შეფასებამ ახალი ინვესტიციის გარეშე 730 მილიარდი დოლარი შეადგინა). ახლა ის საჯარო ბირჟაზე (IPO) გასასვლელად ემზადება, სადაც მისი ღირებულება შესაძლოა 1 ტრილიონ დოლარს გადასცდეს.
მიმდინარე თვის დასაწყისში OpenAI-მ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში IPO-სთვის დოკუმენტაცია კონფიდენციალურად წარადგინა. ოლტმენმა ეს ნაბიჯი ახსნა, როგორც კომპანიისთვის საჯარო ბაზრებზე გასვლის ვარიანტის მიცემა, თუმცა დასძინა, რომ კერძო სტატუსის შენარჩუნება შესაძლოა უკეთესი გზა აღმოჩნდეს.
OpenAI-ის სხვა მაღალჩინოსნები და ინვესტორები ბირჟაზე გასვლას უკვე ამ შემოდგომაზე ელიან. ეს ნაბიჯი პირდაპირ კონკურენციაში აყენებს მას Anthropic-თან, რომელმაც 900 მილიარდ დოლარად შეფასების ფონზე 65 მილიარდი დოლარის მოზიდვის შემდეგ, ამ თვეში ასევე წარადგინა IPO-ს დოკუმენტაცია (რითაც OpenAI-ზე უფრო ძვირად ღირებული გახდა).
OpenAI-მ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
BM.GE
წყარო: bm.ge