
გასულ უქმეებზე აშშ-ში კინოს ბილეთების გაყიდვებმა $160 მილიონს გადააჭარბა - რის ხარჯზე იზრდება კინოგაქირავება?
კინოგაქირავებაში საზაფხულო სეზონი წარმატებით დაიწყო - გასულ უქმეებზე, 8-9-10 მაისს, აშშ-ის შიდა ბაზარზე ბილეთების გაყიდვებმა 161 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2025 წლის იმავე სამდღიან პერიოდთან შედარებით თითქმის 88%-იანი გაუმჯობესებაა.
ლიდერობდა Disney-ისა და 20th Century Studio-ს "ეშმაკს აცვია პრადა 2", რომელმაც პრემიერიდან მეორე კვირაში 41.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მას მოსდევს Warner Bros.‑ის "Mortal Kombat II", რომელმაც პრემიერის კვირაში 38.5 მილიონი დოლარი შეაგროვა.
Lionsgate-ის ფილმმა "მაიკლი" კინოთეატრებში მესამე კვირას 37.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
უქმე დღეების წარმატებას ხელი შეუწყო ისეთმა ახალმა ფილმებმა, როგორებცაა Amazon MGM-ის "ცხვარი დეტექტივები" და Paramount-ის "ბილი აილიში - Hit Me Hard and Soft: The Tour, ასევე ძველმა ჰიტებმა - Universal-ის "სუპერ მარიოს გალაქტიკის ფილმი" (მეექვსე კვირა) და Amazon-ის "პროექტი ჰეილ მერი" (მერვე კვირა).
ერთობლიობაში, ეს კინოინდუსტრიისთვის გამორჩეული შაბათ-კვირა აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც ინდუსტრია აშშ-ში წლიური 10 მილიარდი დოლარის კინოგაქირავების შემოსავლის მიღწევას ისახავს მიზნად.
შაბათ-კვირის ტოპ 10 ფილმიდან შვიდი სწორედ უკვე გამოსული ფილმი იყო. Comscore-ის მონაცემებით, ხუთ მათგანს წინა შაბათ-კვირასთან შედარებით ბილეთების გაყიდვების 50%-ზე ნაკლები ვარდნა ჰქონდა.
კინოგაქირავების ანალიტიკოსებისთვის ეს მნიშვნელოვანი მეტრიკია. როგორც წესი, ფილმები კვირიდან კვირამდე 50%-დან 70%-მდე ვარდნას განიცდიან. როდესაც ბილეთების გაყიდვები უფრო მცირე კლებას აჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ ფილმი ძლიერ რეკომენდაციებს იღებს და ბილეთებს ახალი მაყურებლები ყიდულობენ - ან ფილმის ხელახლა სანახავად ბრუნდებიან.
"ეშმაკს აცვია პრადა 2"-ს ბილეთების გაყიდვების 46%-იანი კლება ჰქონდა მეორე კვირაში, "მაიკლის" გაყიდვება მეორე და მესამე კვირებს შორის მხოლოდ 30%-ით დაიკლო, ხოლო "სუპერ მარიოს გალაქტიკის ფილმი" მეხუთე და მეექვსე კვირებს შორის მხოლოდ 45%-ით შემცირდა. ყველაზე შთამბეჭდავია "პროექტი ჰეილ მერი", რომელიც მერვე კვირაში მხოლოდ 23%-ით დაეცა.
