მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 4-10 მაისი
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 4-10 მაისი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 4-10 მაისი

BM.GE10 მაისი, 2026, 09:32|bm.ge

გთავაზობთ 4-10 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

6 მაისს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს, რადგან აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს 2024 წლის 22 მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პირველი გადაწყვეტილებაა.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომლის თქმითაც გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური წნეხის პირობებში მოლოდინების მართვას და ინფლაციის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან დაბრუნებას ისახავს მიზნად.

პირველი ივლისიდან 1 მილიონ ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 1,000,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 6 მაისს მიიღო.

2025 წლის აგვისტოდან დღემდე აღნიშნული ზღვარი 750,000 ლარს შეადგენდა, ხოლო 1-ელი ივლისიდან კი ის 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის შეფასებით, მსესხებლების სავალუტო მოწყვლადობის შესამცირებლად არაჰეჯირებული კრედიტორებისთვის სავალუტო კრედიტების მინიმალური ზღვარი 750,000 ლარიდან 1,000,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

სებ-მა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე, ინფლაციის პროგნოზი კი 4.9%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა - ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში არის აღნიშნული. უფრო დეტალურად, სებ-ი 2026 წლის თებერვალში გაკეთებული პროგნოზით 2026 წელს საქართველოში 5%-ის ეკონომიკურ ზრდას და 3.7%-ის ინფლაციას მოელოდა. განახლებული შეფასებით კი, წელს ეკონომიკური ზრდა 6.5%-ს მიაღწევს, ინფლაცია კი 4.9% იქნება.

ეროვნული ბანკის განმარტებით ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა განაპირობა 2026 წლის პირველი კვარტალის შედეგებმა, რომლის თანახმადაც ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა. ინფლაციის პროგნოზის გადახედვა კი განაპირობა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა მოჰყვა. გარდა საწვავის ფასის მატებისა, სებ-ის თანახმად, საქართველოში ინფლაციის ზრდაზე გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატებაც.

სებ-მა ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შეუმცირა - სებ-ის პროგნოზით, ამით $250 მლნ გამოთავისუფლდება

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის 5 პროცენტული პუნქტით შემსუბუქებით კომერციულ ბანკებს დაახლოებით 250 მლნ დოლარის რესურსი გამოუთავისუფლდებათ.

როგორც BMG-სთან სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი BMG-სთან განმარტავს, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების მოლოდინია, რამაც შესაძლოა, უცხოური ვალუტის სესხები საქართველოშიც გააძვიროს. შესაბამისად, ამ გავლენის შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ბანკებს უცხოური ვალუტის რესურსი გამოუთავისუფლა.

დავით უტიაშვილის თქმით, სარეზერვო მოთხოვნების შემცირება პოზიტიურად აისახება როგორც საბანკო სექტორის შემოსავლებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე.

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, სებ-მა 2025-ში რეკორდული ₾1.7 მილიარდის მოგება მიიღო და მთავრობაზე 670 მილიონის დივიდენდი გასცა

2024 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1.7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან - 1.15 მილიარდ ლართან შედარებით 48%-ით მეტია. სებმა 2025 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში საკუთარი მოგებიდან 670 მილიონი ლარი გადარიცხა, შედარებისთვის, 2024 წელს მთავრობისთვის გადარიცხული დივიდენდი 302.8 მილიონი ლარი იყო. ეროვნული ბანკის ფინანსური შედეგების შესახებ ცნობილი სების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2025 წლის ანგარიშიდან ხდება, რომელიც ეროვნული ბანკის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშსაც მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სების წმინდა მოგების ზრდა დაკავშირებულია უცხოური ვალუტით და მონეტარული ოქროთი განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებულ მოგებასთან, რამაც 2025 წელს 879 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წელს კი ამ მიმართულებით აღრიცხული მოგება 447 მილიონი ლარი იყო. საქმე ისაა, რომ 2024 წლის მარტში სებმა 500 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო იყიდა, რომლის ღირებულებაც 2025 წლის დეკემბერში, ანუ ფინანსური ანგარიშის მომზადებისას და წლიური მოგების დათვლისას 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა კი სწორედ ამ ოპერაციის მოგებაში აისახა.

საქართველოს რკინიგზის განვითარების ახალი სტრატეგია

5 მაისს საქართველოს რკინიგზამ განვითარების ახალი გეგმები წარადგინა, რაც მოიცავს 10 ახალი სამგზავრო შემადგენლობის , 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი სატვირთო ვაგონის შესყიდვას. ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მატარებლების გადაადგილების სიჩქარის გაზრდას.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, რომ ამჟამად როგორც აზიის განვითარების ბანკთან, ასევე მსოფლიო ბანკთან საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის არანაკლებ 300 მილიონი დოლარის კრედიტის მიღებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

საქართველოს სავალუტო რეზერვები 154 მილიონი დოლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება რომ გასული თვის განმავლობაში რეზერვები მარტთან შედარებით 154 მილიონი დოლარით, 6.47 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სავარაუდოდ სებ-მა განაგრძო სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა, თუმცა აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა ცნობილი გახდება 27 მაისს, ხოლო იანვარ-მარტის სტატისტიკის თანახმად, სებ-ის წმინდა შესყიდვები 499.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. უშუალოდ მარტში კი სებ-მა 16 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას უკავშირდებოდა.

წლიურ ჭრილში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.15 მილიარდი დოლარით, ანუ 43%-ით გაიზარდა. ძირითადი მიზეზი სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვა (2.8 მლრდ დოლარის ოდენობით), ასევე ოქროს ფასის ზრდა იყო, რამაც ჯამურად ერთწლიან ჭრილში 343 მილიონი დოლარი შეადგინა.

12 ივნისს დინამო არენაზე, სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ორგანიზებით, ქანიე უესთის კონცერტი გაიმართება

Kanye West საქართველოში ჩამოდის. კონცერტი 12 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება. ღონისძიების დაფინანსებას და ორგანიზებას კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო შპს "სთარინგ ჯორჯია" უზრუნველყოფს.

შპს "სთარინგ ჯორჯია" 2024 წლის ნოემბერში, რამდენიმე სახელმწიფო შპს-ს კონსოლიდაციით დაფუძნდა, ესენი იყვნენ "ბლექ სი არენა ჯორჯია" და "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი". რის შედეგადაც ამ კომპანიამ გადაიბარა 2022 წლის დეკემბერში დაწყებული პროექტი Starring Georgia. უფრო დეტალურად, 2022 წლის დეკემბერში მაშინდელმა მთავრობამ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა დაანონსა ორწლიანი კონცერტების პროგრამა, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალი უნდა გაეძლიერებინა და პოსტ-პანდემიური აღდგენისთვის უნდა შეეწყო ხელი. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 70 მლნ ლარი.

რითეილ სექტორი "სოციალური კალათის" შექმნას აანონსებს

საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ „საოჯახო კალათის“ ინიციატივის განხორციელებას, რაც სავაჭრო ქსელებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური, შეღავათიანი საფასო პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს. ასოციაციის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაეცნენ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ვრცელ დასკვნას, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა. პროცესს გამოეხმაურა კობახიძეც, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება ბაზარზე უხეშ ჩარევას არ გეგმავს, თუმცა ბიზნესთან კოორდინაციას მიესალმება.

შერწყმის შემდეგ, Fitch-მა “ბაზის ბანკის” და“ლიბერთი ბანკის” პერსპექტივა გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა “ბაზის ბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” ყიდვის ფონზე ორივე ბანკის შეფასებას გადახედა და მათი პერსპექტივა გააუმჯობესა. კერძოდ, 5 მაისს განახლებული შეფასებით, ორივე ბანკის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გაიზარდა, რეიტინგი კი 'B+' დონეზე დარჩა.

Fitch "ლიბერთი ბანკისთვის" პოტენციურ მხარდაჭერას ელის მისი ახალი მფლობელისგან იმ ფონზე, რომ “ლიბერთი" "ბაზის ბანკის" ჯგუფის ძირითად ნაწილად იქცა განსაკუთრებით საცალო სესხების სფეროში. სარეიტინგო სააგენტო ასევე მიუთითებს აქტივების კარგ ხარისხზე, მაღალ მოგებიანობასა და გონივრულ დაფინანსების პროფილზე. რეიტინგზე დადებითად მოქმედ ფაქტორებში აღნიშნულია, რომ ძლიერი ეკონომიკური პირობები, რომლებიც პოლიტიკური დაძაბულობის მიმართ მდგრადები რჩებიან, კვლავაც უჭერს მხარს ბანკების მაჩვენებლებს. სააგენტო საქართველოში 2026-2027 წლებში საშუალოდ 5%-იან ზრდას პროგნოზირებს. პოზიტიურ ჭრილშია აღნიშნული "ლიბერთი ბანკში" სესხების სტაბილური ხარისხი და ზრდა, ასევე სექტორზე დაბალი დოლარიზაცია. ბანკს Fitch-ის რეიტინგის მქონე ქართულ ბანკებს შორის სესხების დოლარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე აქვს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

BM.GE

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

BM.GE

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

BM.GE

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

BM.GE