
გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, გაზის და წყლის ტარიფების საფეხურებრივი წესით განსაზღვრა სოციალურ ზრუნვას არ ემსახურება და რეალურად, ფასების გარდაუვალი გაძვირების "შეფუთული და უმტკივნეულო მექანიზმია". "დიფერენცირებული ტარიფის მთავარი ფარული არსი გაზის გაძვირების უფრო მისაღები ფორმით წარდგენაა", - ამბობს ის.
პოლიტიკოსის შეფასებით, ცვლილება ტვირთად დააწვება როგორც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს, ისე ბიზნესს, რაც საბოლოოდ მაინც პროდუქტებისა და მომსახურების ფასების ზრდაში აისახება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში იგი ხაზს უსვამს, რომ სოციალური მხარდაჭერა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით უნდა ხორციელდებოდეს და არა - სატარიფო მანიპულაციებით, რადგან სოციალური ზრუნვა ტარიფების რაოდენობით არ იზომება. "ის იმით იზომება, რეალურად რამდენად უმსუბუქდება ადამიანს ცხოვრების ხარჯი", - წერს ყოფილი დეპუტატი, რომლის პოსტსაც BMG უცვლელად გთავაზობთ.
"გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ გაძვირების უფრო უმტკივნეულო მექანიზმი? - როგორც ჩანს, წლის ბოლოს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფების მატება იგეგმება. პარალელურად, პარლამენტმა დაჩქარებული წესით [მიიღო] ცვლილება, რომელიც გაზის ტარიფის მოხმარების მოცულობის მიხედვით დიფერენცირების საშუალებას იძლევა.
ოფიციალური არგუმენტი სოციალურ ინტერესებზე ზრუნვა და ენერგიის რაციონალური მოხმარების წახალისებაა. თუმცა, მთავარი კითხვა ასეთია: ეს ცვლილება მოსახლეობის დასაცავად კეთდება თუ გაზის გაძვირების შედარებით უმტკივნეულო ფორმაა?
თითქმის 30 წელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ფასი მოხმარების მოცულობაზეა დამოკიდებული. რატომ გახდა ამ სისტემის შეცვლა აუცილებელი სწორედ ახლა, როცა ტარიფების გადახედვის დრო ახლოვდება?
როგორ ასაბუთებენ ხელისუფლებაში ამ ცვლილების დადებით მახარეს?
-მცირე რაოდენობით გაზის მომხმარებლებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის დაწესებას სოციალური შეღავათის სახით წარმოაჩენენ;
-მაღალი მოხმარებისთვის უფრო მაღალი ტარიფი შესაძლოა ენერგიის დაზოგვის სტიმული გახდეს;
-დიფერენცირებულმა ტარიფმა შეიძლება ხელი შეუწყოს რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას.
თუმცა ეს შესაძლო სარგებელი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სატარიფო ცვლილებები მოსახლეობის უმრავლესობის მდგომარეობას გააუმჯობესებს.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ გაძვირდება ყველასთვის, ოღონდ განსხვავებულად.
დიფერენცირებული ტარიფის მთავარი ფარული არსი გაზის გაძვირების უფრო მისაღები ფორმით წარდგენაა. გაზი მოსახლეობის ყველა კატეგოტიას გაუძვირდება, უბრალოდ, სხვადასხვა მომხმარებლისთვის ზრდა განსხვავებული იქნება.
დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებისთვის შედარებით ნაკლები ზრდა შეიძლება შეღავათად წარმოჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ გადასახადი შეუმცირდებათ ან არსებული ხარჯი შეუნარჩუნდებათ.
აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის შენარჩუნების ხარჯი სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება - ამ ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვა საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებმა უნდა იკისრონ. ანუ ერთი ჯგუფისთვის შეღავათის შექმნა მეორე ჯგუფისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთად იქცევა.
ამასთან, დაბალი მოხმარება ავტომატურად არ ნიშნავს დაბალ შემოსავალს, ისევე როგორც მაღალი მოხმარება-მაღალ შემოსავალს. გაზის საჭიროება დამოკიდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, საცხოვრებლის ფართობზე, სახლის თბოიზოლაციაზე (განსაკუთრებით სოფლად), გათბობის სისტემასა და კლიმატურ( მათ შორის სეზონურ) პირობებზე. შესაძლოა, მრავალშვილიან ოჯახს ან დიდ, ცუდად იზოლირებულ სახლში მცხოვრებ ადამიანს გაზის მეტი მოხმარება ჰქონდეს არა ფუფუნების, არამედ აუცილებლობის გამო.
ვინ უნდა დააფინანსოს სოციალური შეღავათი?
თუ დაბალშემოსავლიანი ოჯახების დახმარება მართლაც აუცილებელია, ამისთვის სახელმწიფოს მიზნობრივი სოციალური პროგრამები აქვს და უნდა იყენებდეს კიდეც. სოციალური შეღავათი სახელმწიფოს მიზნობრივი მხარდაჭერით უნდა ფინანსდებოდეს და არა ტარიფების ისეთი დიფერენცირებით, რომლის შედეგადაც ერთი ჯგუფის ხარჯი სხვა მომხმარებლებს ეკისრებათ.
სოციალური პოლიტიკა ტარიფების დაყოფით არ უნდა ჩანაცვლდეს. თუ მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაა, დახმარება მათ რეალურ საჭიროებებსა და შემოსავალს უნდა ეფუძნებოდეს და არა მხოლოდ მოხმარებული გაზის მოცულობას.
კიდევ ერთი სერიოზული საკითხი - ბიზნესისთვის გაზის შესაძლო გაძვირება. აქამდე გაზის კომპანიები ყოველთვის ბიზნესის ხარჯზე აბალანსებდნენ შემოსავლებს. ოჯახებისთვის შედარებით დაბალი ტარიფის შენარჩუნება ბიზნესისთვის უფრო მაღალი ტარიფის დაწესებით ფინანსდებოდა. ასეთი მიდგომა პრობლემას არა თუ ვერ აგვარებს, არამედ ართულებს კიდევაც. ბიზნესს გაზრდილი ხარჯი პროდუქციისა და მომსახურების ფასებში გადააქვს, რის გადახდაც საბოლოოდ ისევ მოსახლეობას უწევს. შედეგად, ოჯახებს შეიძლება ერთ მხარეს თითქოს შეღავათი ეძლევათ, მეორე მხარეს კი ფასების ზრდით იგივე ტვირთი უბრუნდებათ.
მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ მოსახლეობას გაზის გარდაუვალ გაძვირებას დიფერენცირებული ტარიფის სახელით უფრო მარტივად შეაგუებენ. ერთი შეხედვით, ხელისუფლება თითქოს დაბალი მოხმარების მქონე ოჯახებზე ზრუნავს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს რეალურ შეღავათს. თუ საბოლოოდ ყველა ოჯახი მეტს გადაიხდის, ბიზნესის ხარჯები კი ფასების ზრდით ისევ მომხმარებლებს დაუბრუნდება, მაშინ საკითხავია, ვის იცავს ეს მოდელი და ვის აკისრებს მის საფასურს.
სოციალური ზრუნვა ტარიფების რაოდენობით არ იზომება. ის იმით იზომება, რეალურად რამდენად უმსუბუქდება ადამიანს ცხოვრების ხარჯი", - წერს რომან გოცირიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge