
₾13 200 თვიური ხელფასი ეროვნულ ბანკში - რა ქონებას ფლობს ოთარ შამუგია?
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მისი და მისი მეუღლის ძირითად შემოსავლის წყაროს სახელმწიფო სექტორში მიღებული შრომის ანაზღაურება წარმოადგენდა.
დეკლარაციის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შრომის ანაზღაურების მაჩვენებლები ასე განაწილდა:
• ოთარ შამუგიამ, როგორც სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საბჭოს წევრმა (სადაც თანამდებობა 2025 წლის 9 თებერვლიდან უკავია), გასულ წელს ხელზე აღებული ანაზღაურების სახით 145 201 ლარი მიიღო. • მისი მეუღლე, მარიამ სამხარაძე, დასაქმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად. მან იმავე პერიოდში ხელფასის სახით ხელზე 31 345 ლარი აიღო.
შესაბამისად, ოჯახის ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა მხოლოდ შრომის ანაზღაურებიდან 176 546 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახს საბანკო ანგარიშებზე შემდეგი ნაშთები ერიცხებოდა:
ოთარ შამუგია: „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 8 369 ლარი; „ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 675 ლარი.
მარიამ სამხარაძე: „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 6 593 ლარი; ამავე ბანკის ანაბარზე 17 001 ლარი; „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 10 000 აშშ დოლარი.
დეკლარაციაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონებაც:
ოთარ შამუგიას საკუთრებაშია 100%-იანი წილით ბინა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე (33.8 კვ.მ), რომელიც 2024 წლის დეკემბერში გაცვლის ფორმით შეიძინა (ღირებულება 75 000 აშშ დოლარი). მარიამ სამხარაძე ფლობს 100%-იან წილ ავტოფარეხს ლუბლიანას ქუჩაზე (შეძენილია 2023 წელს, 5 000 აშშ დოლარად) და ბინას ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც 2016 წელს ჩუქებით მიიღო.