მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾212-მილიონიანი გზის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიას დარიალის ხეობაში 19,238 კვ.მ მიწა იჯარით გადაეცა
₾212-მილიონიანი გზის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიას დარიალის ხეობაში 19,238 კვ.მ მიწა იჯარით გადაეცა

₾212-მილიონიანი გზის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიას დარიალის ხეობაში 19,238 კვ.მ მიწა იჯარით გადაეცა

BM.GE27 ივლისი, 2026, 13:59|bm.ge

საქართველოს მთავრობამ დარიალის ხეობაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ჩინურ კომპანია „China Railway Tunnel Group Co.“-ს გადასცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №1449 განკარგულებით მიიღეს. China Railway Tunnel Group Co.-მ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2024 წლის ოქტომბერში დასრულებული ტენდერით დაიწყო, პროექტის ღირებულება 212.5 მილიონ ლარს შეადგენს.

განკარგულების მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მდებარე 19,238 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცა. კომპანია საქართველოში წარმოდგენილია როგორც „შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო.-ს ფილიალი საქართველოში“.

მიწის გადაცემის გადაწყვეტილება დაკავშირებულია სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასთან, რომლის შესრულებაზეც ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან 2024 წლის ოქტომბერში გაფორმდა.

მთავრობის განკარგულებით, მიწის ნაკვეთი კომპანიას 4 წლის ვადით გადაეცა. წლიური საიჯარო ქირა 11,543 ლარს შეადგენს.

ტერიტორიის გამოყენება დაგეგმილია ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობისთვის, რაც აუცილებელია გზის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი მასალის განსათავსებლად.

ამასთან, კომპანიას ეკისრება გარემოსდაცვითი ვალდებულებებიც. კერძოდ, სამუშაოების დაწყებამდე მან უნდა უზრუნველყოს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და შენახვა მოქმედი კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.

იჯარის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე კომპანიამ ტერიტორიის რეკულტივაცია უნდა განახორციელოს და მიწის ნაკვეთი პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღადგინოს.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი რუსეთის საზღვრის მიმართულებით მიმავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია.

პროექტი მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში ხორციელდება, სადაც რთული რელიეფის გამო ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი ხელოვნურ ნაგებობებზე მოდის — გზის დაახლოებით 88% გვირაბებსა და ესტაკადებზე განთავსდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზის ფარგლებში ორი ესტაკადა და ორი გვირაბი აშენდება, მათი პარამეტრები ასეთი იქნება:

• ესტაკადა N1 მდ.თერგზე - სიგრძე 2018 მეტრი; • ესტაკადა N2 - სიგრძე 636 მეტრი; • გვირაბი N1 - სიგრძე 460 მეტრი; • გვირაბი N2 - სიგრძე 846 მეტრი.

მთლიანობაში გვირაბებსა და ესტაკადაზე დაგეგმილი საპროექტო მანძილის 88% მოდის, სწორედ ამის გამო, ერთი კილომეტრის აშენება ბიუჯეტს 47 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც გზის ყოველ მეტრზე 47,232 ლარს შეადგენს.

გზის საპროექტო პარამეტრები ასეთი იქნება:

• საანგარიშო საპროექტო სიჩქარე - 60 კმ/სთ; • მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ; • სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ; • სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ; • სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2.

China Railway Tunnel Group Co.-ს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამოცდილება უკვე აქვს. კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 900 მილიონ ლარს შეადგენდა.

სტეფანწმინდა-გველეთის ახალი ორზოლიანი გზა არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია გადაადგილების დროის შემცირება და სატრანზიტო და ადგილობრივი ტრანსპორტისთვის უსაფრთხოების გაუმჯობესება.

იჯარით გადასაცემი მიწის მდებარეობა:

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუსმა გეკა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით თაღლითობის ბრალდებით ყოფილი ძალოვანი დააკავა

სუსმა გეკა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით თაღლითობის ბრალდებით ყოფილი ძალოვანი დააკავა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ჯეოკეპმა“ ახალი საწარმო გახსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ჯეოკეპმა“ ახალი საწარმო გახსნა

BM.GE

Paramount-მა და Warner Bros-მა $110-მილიარდიანი გარიგება 1 წლით შეაჩერეს

Paramount-მა და Warner Bros-მა $110-მილიარდიანი გარიგება 1 წლით შეაჩერეს

BM.GE

CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში

CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში

BM.GE