
₾2.7 მლრდ 6 თვეში: საქართველოს მთავრობამ დაგეგმილზე მეტი შიდა ვალი ისესხა, საგარეო კრედიტებში ჩამორჩენაა
6 თვეში საქართველოს მთავრობამ ₾2.7 მილიარდის ვალი აიღო, რითაც წლის პირველი ნახევრის გეგმა 102.3%-ით შეასრულა, წლიური გეგმა კი - 53.9%-ით.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ შიდა ვალის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო საგარეო კრედიტების ჩამორიცხვის მიმართულებით, გარკვეული ჩამორჩენაა.
კერძოდ, 6 თვეში 1.8 მილიარდი ლარის საგარეო კრედიტი უნდა აეღო ბიუჯეტს, მაგრამ 1.7 მილიარდი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო თანხის 92.4%-ია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო ვალი მოიცავს გრძელვადიან შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს. როგორც ხაზინის ანგარიშიდან ირკვევა, 6 თვის გეგმა იყო 489 მლნ ლარი, მაგრამ შესრულება 367 მილიონი ლარია ანუ გეგმის 75%.
რაც შეეხება საგარეო ვალის კიდევ ერთ კომპონენტს - ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს - წლიური გეგმა 640 მლნ ლარია, თუმცა ხაზინის სამსახურის მონაცემებით, 6 თვეში მთავრობას არ ჰქონდა დაგეგმილი ამ ვალის აღება. სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარშია ჩარიცხვა გათვალისწინებული.
საგარეო ვალდებულების სექციაში გვხვდება ასევე ფასიანი ქაღალდები (გარდა აქციებისა ანუ ევრობონდები) და როგორც დოკუმენტში წერია, წლიური გეგმა იყო 1 მლრდ 350 მლნ ლარი, რომლის ათვისება წლის პირველ ნახევარში იყო დაგეგმილი და გეგმა 98.7%-ით შესრულდა.
რაც შეეხება საშინაო ვალდებულების ზრდა, ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, 6 თვეში მთავრობას 831 მილიონი ლარის შიდა ვალის აღება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ 1 მლრდ 32 მილიონის ლარი ისესხა, რითაც გეგმა 124.2%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.