
აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთთან ოფიციალურად გააფორმა სამოქალაქო ბირთვული ხელშეკრულება, რომელმაც სამეფოს ტერიტორიაზე ურანის 20%-მდე გამდიდრებას პოტენციური გზა გაუხსნა.
The Wall Street Journal-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე საწვავის გამდიდრების შესაძლებლობას შემდგომი ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე უშვებს. დოკუმენტის თანახმად, გამდიდრების მაქსიმალურ ზღვრად 20% განისაზღვრა. როგორც მედია წერს, პრეზიდენტის მხარდაჭერით გადადგმულმა ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ბირთვული მასალის გაუვრცელებლობის ირგვლივ არსებული საფრთხეები მკვეთრად გააღრმაოს.
საყურადღებოა, რომ ხელშეკრულება ურანის დაუყოვნებლივ გამდიდრებას გამორიცხავს და პროცესის ეტაპობრივ განვითარებას ითვალისწინებს. მხარეები ორი წლის განმავლობაში ერთობლივ კვლევებს ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესაფასებლად ჩაატარებენ. ამ პერიოდში ბირთვული რეაქტორების გაყიდვა ნებადართული იქნება, თუმცა ურანის უშუალო გამდიდრება აიკრძალება. კვლევის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ამერიკული კომპანიები და საერთაშორისო პარტნიორები შექმნიან იმ საწარმოო ობიექტებს, სადაც გამდიდრების საწყისი ზღვარი 5% იქნება.
აღსანიშნავია, რომ 20%-მდე გამდიდრებული ურანი სამხედრო დანიშნულების მასალის შექმნის ტექნიკურ საფუძველს ფაქტობრივად სრულად ქმნის. ორგანიზაცია "ბირთვული საფრთხის ინიციატივის" ვიცე-პრეზიდენტის, სკოტ როკერის შეფასებით, ამ დონეზე საბრძოლო მასალის მისაღებად საჭირო სამუშაოს უდიდესი წილი უკვე შესრულებულია. ექსპერტის თქმით, მთავარი გამოწვევა რეგიონში მასალის ზუსტი ადგილმდებარეობის კონტროლი და მასზე სრული ზედამხედველობა იქნება. ანალიტიკოსი შიშობს, რომ საუდის არაბეთი რეგიონული საფრთხეების საბაბით საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნას შეეცდება. სამეფოს ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა მანამდე პირდაპირ განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში, ერ-რიადი ანალოგიურ გზას დაუყოვნებლივ აირჩევდა.
BM.GE
წყარო: bm.ge