
₾3.5-მილიონიანი ინვესტიცია ნორიოში - "აგროქიზიყი" თანამედროვე ფერმის მშენებლობას ასრულებს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოსთან ახლოს თანამედროვე ფერმის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება ₾3,5 მილიონია, დასასრულს უახლოვდება.
როგორც BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში “აგრიქიზიყის” დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა, ობიექტი, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებზეა აწყობილი, კომპანიას საშუალებას მისცემს, როგორც ცოცხალი საქონლის ექსპორტის, ისე ადგილობრივი ხორცის წარმოების მასშტაბები მკვეთრად გაზარდოს.
"ფერმაში უშუალოდ პროცესების წარმართვისთვის სულ, დაახლოებით, ოთხი ადამიანია საჭირო, ხოლო მთლიან მართვაზე - ხუთი-ექვსი. პერსონალის ასეთი ოპტიმალური რაოდენობა იმით არის განპირობებული, რომ პროცესებში აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს“, - განმარტავს ბექა გონაშვილი.
აგრობიზნესმენმა დეტალურად ისაუბრა ახალი ფერმის წარმადობაზე, ექსპორტის პერსპექტივებსა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მთავარ გამოწვევებზე.
“აგროქიზიყის” ახალი ფერმის გეგმები
ახალი ფერმის ინფრასტრუქტურის სრულად გამართვის შემდეგ, კომპანია ცხვრის ექსპორტის მიმართულებით წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს, სადაც ძირითადი აქცენტი ისევ არაბულ ქვეყნებზე გაკეთდება.
„ცხვრის მიმართულებით, წელიწადში, დაახლოებით, 100 000-დან 120 000 სულამდე მიღებას შევძლებთ. ცხვარი გაივლის კარანტინს და ეტაპობრივად გავიტანთ ექსპორტზე, როგორც ცოცხალი სახით, ისე - ხორცად. ჩვენი ძირითადი ბაზარი არაბული ქვეყნებია - ამ საქმიანობას 2009 წლიდან, უკვე 17 წელია ვეწევი და შესაბამისი გამოცდილებაც მაქვს.
რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსანს, წლის განმავლობაში 6 000 სულამდე ბუღას გასუქება შეგვიძლია. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ადგილობრივი მოხმარების 5-10%-ის დაკმაყოფილებას შევძლებთ, თუმცა ეს ხანგრძლივი შრომის შედეგი იქნება და ერთ-ორ წელიწადში ვერ მოხერხდება“, - აცხადებს ბექა გონაშვილი.
„გადავერთოთ მეხორცულ მიმართულებაზე“ - გენეტიკის შეცვლის ინიციატივა
აგრობიზნესმენის თქმით, მისი მთავარი მიზანი მხოლოდ უცხოეთიდან საქონლის ჩამოყვანა და გასუქება არ არის - სტრატეგიული ამოცანა საქართველოში არსებული ჯიშების გენეტიკის გაუმჯობესება და ფერმერული მიდგომების შეცვლაა.
„ჩემი სურვილია, საქართველოში საქონლის გენეტიკა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. უნდა შევცვალოთ დღეს არსებული მიდგომა, როცა ხალხი 2-3 ლიტრს წველის და ხბოს თავიდან იშორებს. მინდა, ფერმერები დავაინტერესო, რომ საქონლის წველას თავი დაანებონ - მერძეულ სექტორში 10 მილიონი აქვს სახელმწიფოს გამოყოფილი თითო პროექტზე და იმან გააკეთოს, ვისაც თანამედროვე ჯიშების შემოყვანა შეუძლია. მცირე ფერმერებმა კი, საქმიანობა მეხორცულ მიმართულებაზე უნდა გადართონ. რამდენიმე ფერმერთან უკვე ვმუშაობთ, რომ სწორად გაზარდონ ცხოველი. ეს საშუალებას მოგვცემს, ნედლეული ქვეყნის შიგნითვე გვქონდეს და საქონლის ჩამოყვანა შორი ქვეყნებიდან - ევროპიდან თუ ბრაზილიიდან - აღარ მოგვიწიოს“, - აღნიშნავს აგრობიზნესმენი.
რა არის საჭირო მეხორცული მესაქონლეობის განვითარებისთვის?
ბექა გონაშვილის თქმით, სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია ინტეგრატორული სისტემისა და ერთიანი ჯაჭვის აწყობა, სადაც სახელმწიფო მხოლოდ ფასილიტატორის როლს შეასრულებს, ხოლო პროცესში მსხვილი ქსელები, საქონლის გამსუქებლები და პირველადი მწარმოებლები ჩაერთვებიან.
"მთავარია, ეს ჯაჭვი აიწყოს: მაგალითად, მე ფერმერს ვუკვეთავ 10 მოზვრის გაზრდას, ხოლო ჩემთან შეკვეთა შემოდის „კარფურისგან“ ან „აგროჰაბისგან“. დღეს ეს სისტემა არ გვაქვს - ხორცის რეალიზატორი, გამსუქებელი და ფერმერი ერთმანეთთან ვართ დაპირისპირებულები. რას ვერ ვიყოფთ? ჩემი აზრით, ეს არის გარკვეული შინაგანი აგრესია, რომელიც ერთმანეთის წარმატებას გვიბლოკავს. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ტაში დავუკრათ და ამ განვითარებას ავყვეთ, პირიქით, ცდილობენ ხელი შეგიშალონ. ბიზნესში კოოპერაცია და ერთობა ჯერჯერობით არ არის, თუმცა მწამს, რომ ეს შეიცვლება“, - აღნიშნავს ბექა გონაშვილი.
მისივე თქმით, ის მზადაა, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს, რადგან ჯანსაღი კონკურენცია და პარტნიორობა ბაზარს გააძლიერებს. ამის მაგალითად მან უკვე დაწყებული მოლაპარაკებები დაასახელა:
„ყველაფერს ღიად ვამბობ, რადგან ჩემთვის დასაფარი არაფერია. რაც მალე დამეწევა ვიღაც, ის ჩემს გვერდით დადგება. ახლაც, ორ კომპანიასთან ერთად უკვე გვაქვს მოლაპარაკება, რომ გემით ერთობლივად შემოვიყვანოთ გასასუქებელი საქონელი“, - დასძენს ბექა გონაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge