
₾742 683 შემოსავალი კლინიკიდან და თოფი საჩუქრად მეგობრისგან|დეპუტატ იოსებ ჯორბენაძის დეკლარაცია
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა იოსებ ჯორბენაძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.
პარლამენტში, დღევანდელი იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას ადგილმონაცვლედ იოსებ ჯორბენაძე 2025 წლის აპრილში შევიდა. საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში, მას ბოლო ერთ წელიწადსა და 2 თვეში სულ 1347 კენჭისყრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 1342-ის შემთხვევაში ინიციატივას მხარი დაუჭირა, 5-ის შემთხვევაში - არა. 18 შემთხვევაში კი კენჭისყრას არ ესწრებოდა ან არ მიუცია ხმა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იოსებ ჯორბენაძეს გასულ წელს საწარმოს საქმიანობით 742 683 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ დეპუტატი შპს "ივერმედის" 15%-იან წილს ფლობს, რომლის მმართველადაც ამჟამად ავთანდილი ჯორბენაძეა. თავის მხრივ “ივერმედის” მფლობელობაშია აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.
გარდა ამისა, ჯორბენაძე ნაღდი ფულის სახით 78 750 ლარს ფლობს. როგორც დეპუტატი დეკლარაციაში უთითებს, რომ ეს თანხა “ივერმედის” დივიდენდის სახით აქვს მიღებული.
ამასთან, დეკლარაციის შევსებისას, ჯორბენაძეს "თიბისი ბანკის" სახელფასო ბარათზე 229 727,65 ლარი ჰქონდა.
ხელფასი
რაც შეეხება ხელფასს, დეპუტატის პოზიციაზე გასული წლის 16 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 80 032 ლარი აიღო, მანამდე კი, 2025 წლის 1 იანვრიდან 16 აპრილამდე ჩაფიძის გულის კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე აღებული აქვს 58 634 ლარი.
მისი მეუღლე ნინო კობალაძეც ამავე კლინიკაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერადაა, სადაც მან გასულ წელს ჯამში 13 681 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.
უძრავი ქონება
იოსებ ჯორბენაძე ფლობს წყნეთში, 520 კვ.მ ფართობის სახლს, რომელიც 2023 წელს აქვს მიღებული მემკვიდრეობით (მიწის ნაკვეთის ფართობი 693 კვ.მ-ია).
ამასთან, დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული 2016 წელს გამოშვებული "მერსედესი", რომელშიც 2024 წელს 30 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
სხვა უძრავი ქონება მისი და მისი მეუღლის სახელზე დეკლარაციაში არ ფიქსირდება.
სესხები და გასავალი
დეპუტატ ჯორბენაძეს თიბისი ბანკში 2022 წელს აღებული 240 000 ევროს სესხიდან გასულ წელს გადახდილი აქვს 74 279 ევრო.
მას გასავალში მითითებული აქვს ანასტასია ჯორბენაძის სწავლის გადასახადი 10 500 ევროს ოდენობით და მისივე ბინის ქირა 2277 ევროს ოდენობით.
ამასთან, მას “ოცნებისთვის” შეწირული აქვს 50 000 ლარი.
დედისთვის კი ნაჩუქარი აქვს 141 500 ლარი.
შემოსავალი და საჩუქრები
დედისთვის თანხის ჩუქების პარალელურად, მასაც აქვს მიღებული საჩუქარი დედისგან - წლის განმავლობაში 44 600 ლარი, ძმისგან კი - 34 360 ლარი. მეგობრისგან საჩუქრის სახით მიღებული აქვს 9500 ლარის ღირებულების თოფი.
“ოცნების” დეპუტატი ასევე აფიქსირებს ავტომანქანის გასხვისებით მიღებულ 11 000 აშშ დოლარის შემოსავალს.
BM.GE
წყარო: bm.ge