
გელა ხანიშვილი აგრობიზნესში დაბრუნდა და შინდისში ესპანური ჯიშის ატმის ბაღებს აშენებს|ინვესტიციაა ₾7 მლნ
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი აგრობიზნესში აქტიურად დაბრუნდა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის კომპანია „შინდისის ატამი მელოტერას“ დამფუძნებელი და დირექტორია და პარტნიორ დავით ბერუაშვილთან ერთად, შინდისში, 32 ჰექტარ ფართობზე ესპანური ჯიშის ატმის ბაღებს აშენებს. პირველ მოსავალს სამ წელიწადში ელიან.
„მიზანია, ატმის ბაღები 200 ჰა-მდე გავზარდოთ“, - ამბობს ის.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 7 მილიონი ლარია. ბიზნესის დასაწყებად ინვესტორებმა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ ისარგებლეს.
გელა ხანიშვილის განმარტებით, არჩევანი ესპანურ ჯიშებზე მაღალი ხარისხისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნის გამო შეაჩერეს. მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ბაღების გაშენების პირველი გამოცდილება უკვე არსებობს ქანდაში.
„ბაღების გაშენებისა და მოვლის პროცესს, ესპანელი კონსულტანტების ზედამხედველობით, კომპანია „აგროვერო“ უძღვება. ესპანური ჯიში იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს არის ძალზე მაღალხარისხიანი ნერგი და შესაბამისად, პროდუქცია - აბსოლუტურად თანამედროვე, მსოფლიო და ევროპის ბაზრისთვის მისაღები. მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, საკუთარ თავზე არაფერი ამიღია. ესპანელები გვყავს დაქირავებული, როგორც საკონსულტაციო კომპანია. მთელი აგრონომიული ჯგუფი ესპანელების დიდი რეკომენდაციების ქვეშ აშენებს ამ ბაღებს და უვლის“, - აცხადებს გელა ხანიშვილი.
მისივე თქმით, პროექტი სრულად თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. ბაღში უკვე მოწყობილია ჭაბურღილები და წვეთოვანი სარწყავი სისტემა, იტალიიდან იმპორტირებული ბოძებითა და ბადეებით კი საქართველოში პირველი ანტიგრადუსული (სეტყვისგან დამცავი) ატმის ბაღი შეიქმნება. გარდა ამისა, კომპანია საგაზაფხულო ყინვების საწინააღმდეგო აპარატურისა და საკუთარი მეტეოსადგურის შეძენას გეგმავს. პროექტი თავიდანვე GlobalGAP-ის სტანდარტების სრული დაცვით შენდება.