
გერმანიაში, სადაც ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "ff.k Public Relations" ორგანიზებით გაიმართა.
სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ადგილობრივ სამზარეულოსთან შეხამება იყო. დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტ კრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი შვიდი დასახელების ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ. ანალოგიური ფორმატის ღონისძიებები გაიმართა გერმანიის ქალაქებში - დიუსელდორფსა და კიოლნში.
ღონისძიებას ცნობილი გერმანელი შეფმზარეული და რესტორატორი კრისტოფ ფრიდრიხი უძღვებოდა.
"გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან ff.k Public Relations 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა", - წერს სააგენტო პრესრელიზში.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია $3.25 მილიონის ღირებულების 670 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.
რაც შეეხება 2025 წელს, 12 თვის განმავლობაში საქართველოდან გერმანიაში 1 255 073 ლიტრი ღვინო გავიდა, რომლის საექსპორტო ღირებულებამაც $5.9 მილიონი შეადგინა.
სულ მცირე 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით გერმანიაში ღვინის ექსპორტის ღირებულება ყოველწლიურად იზრდება. ამ პერიოდში კლება არცერთ წელს არ დაფიქსირებულა. ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2023 წელს, როდესაც ექსპორტის ღირებულება წინა წელთან შედარებით 42.5%-ით გაიზარდა და 4.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მაღალი აქტივობით ხასიათდებოდა 2024 წელიც, სადაც ზრდამ 27.1% შეადგინა.
ექსპორტის მონაცემები და წლიური ზრდის დინამიკა:
წელი ექსპორტის ღირებულება (ათასი აშშ დოლარი) 2020 2 571.3 2021 3 147.2 2022 3 242.6 2023 4 620.9 2024 5 873.7 2025 5 940.4
BM.GE
წყარო: bm.ge