მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ღია ბანკინგი კონკურენციის განვითარების ინსტრუმენტია - ვარლამ ებანოიძე
ღია ბანკინგი კონკურენციის განვითარების ინსტრუმენტია - ვარლამ ებანოიძე

ღია ბანკინგი კონკურენციის განვითარების ინსტრუმენტია - ვარლამ ებანოიძე

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 19:39|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვარლამ ებანოიძის განცხადებით, ღია ბანკინგი კონკურენციის განვითარების ინსტრუმენტია.

ამის შესახებ მან გასულ კვირას ჩატარებულ კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე განაცხადა, სადაც ისაუბრა თუ როგორ იყენებს საქართველო ღია ბანკინგს საბანკო სექტორში კონკურენციის გასაძლიერებლად.

2019 წლიდან დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მან განმარტა, როგორ შეუძლია რეგულატორულ ინოვაციებს ფინტექ კომპანიებს ბაზარზე შესვლის ბარიერების გადალახვაში, საბანკო ინფრასტრუქტურაზე წვდომასა და ახალი სერვისების განვითარებაში დაეხმაროს.

„მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი საქმიანობა მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით რეგულაციებით განპირობებულ ინოვაციებს უკავშირდება“, - აღნიშნა მან.

საქართველოს საბანკო ბაზარზე ორი მსხვილი ბანკი - “თიბისი” და “საქართველოს ბანკი” - დომინირებს და მათზე ბაზრის დაახლოებით 80% მოდის. ორივე ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. თუმცა, მათი საბაზრო პოზიცია ახალი მონაწილეებისთვის მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნის, განსაკუთრებით კი იმ ფინტექ კომპანიებისთვის, რომლებსაც მსგავსი რესურსები და ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ.

ვარლამ ებანოიძის თქმით, საქართველოს ბანკებს გარკვეული კონკურენტული უპირატესობა აქვთ განვითარებული ქვეყნების ზოგიერთ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან შედარებით.

„ისინი დიდი ფინტექ კომპანიებივით მოქმედებენ. მათ ინოვაციების სწრაფად დანერგვა შეუძლიათ ისეთ ინსტიტუტებთან შედარებით, როგორიცაა HSBC და Citi სხვა ქვეყნებში“, - განმარტა მან.

ეს გარემოება რეგულატორებისგან ტრადიციული მიდგომების გადახედვასა და კონკურენციის ხელშეწყობის ახალი გზების ძიებას მოითხოვს, ისე, რომ ბაზარზე უკვე მოქმედი ინსტიტუტების საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა საჭირო არ გახდეს. როგორც ებანოიძემ აღნიშნა, „ჩვენ უნდა გავცდეთ რეგულატორების აზროვნების სტანდარტულ ჩარჩოებს და ვიყოთ კრეატიულები, რათა არსებული მდგომარეობა შევცვალოთ“.

ღია ბანკინგზე დაფუძნებული რეგულატორული მიდგომა

საქართველომ ღია ბანკინგის განვითარება 2019 წელს დაიწყო, ევროკავშირის სტანდარტებთან მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაციის მიზნით. ამ პროცესის საფუძველი ევროკავშირის გადახდის მომსახურების მეორე დირექტივა (PSD2) გახდა. მიუხედავად იმისა, რომ PSD2 ძირითადად გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებასა და გადახდის ინიციირებას მოიცავს, ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში დაინახა შესაძლებლობა, შეექმნა ალტერნატიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ფინტექ კომპანიებს დამკვიდრებულ ბანკებთან კონკურენციაში დაეხმარებოდა.

ვარლამ ებანოიძემ ეს სტრატეგია „არაქირურგიულ ჩარევად“ შეაფასა, რომლის მიზანიც ბაზრის სტრუქტურის პირდაპირი ცვლილების გარეშე ბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებაა. მომხმარებლის თანხმობით, ფინტექ კომპანიებს შეუძლიათ ბანკებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა და მისი გამოყენებით საკუთარი სერვისების განვითარება. ამჟამად საქართველო მუშაობს ღია ბანკინგის საწყისი შესაძლებლობების გაფართოებასა და ღია ფინანსების განვითარებაზე.

პროგრესის შეფასება ბაზრის ახალი მონაწილეების ჩართულობით

ვარლამ ებანოიძის განცხადებით, საქართველოს ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ამჟამად ათი არასაბანკო მესამე მხარის პროვაიდერი (TPP) მონაწილეობს. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Kursi.ge, აჩვენებენ, როგორ შეუძლიათ ფინტექ ბიზნესებს ღია ბანკინგის გამოყენება მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე საქმიანობისა და კონკურენციისთვის საჭირო ალტერნატიული ინფრასტრუქტურის სახით.

ბაზარზე ახალი მონაწილეების ჩართულობა პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. როგორც ებანოიძემ აღნიშნა, „ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებელია (KPI), რომლითაც საქართველოში ღია ბანკინგის წარმატებას ვაფასებთ“.

ეროვნული ბანკისთვის მიზანი მხოლოდ ტექნიკური ინფრასტრუქტურის შექმნა არ არის. ღია ბანკინგმა ბიზნესებს სიცოცხლისუნარიანი სერვისების განვითარების და დამკვიდრებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან კონკურენციის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

ვარლამ ებანოიძის თქმითვე, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ღია ბანკინგის ღია ფინანსების მიმართულებით გაფართოებაზე, რაც ფინანსურ სექტორში და, მომავალში, სხვა სფეროებშიც მონაცემებზე დაფუძნებული უფრო მრავალფეროვანი სერვისების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საავიაციო საწვავი 120%-მდე არის გაძვირებული - IATA

საავიაციო საწვავი 120%-მდე არის გაძვირებული - IATA

BM.GE

400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია - მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება|ლექვინაძე

400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია - მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება|ლექვინაძე

BM.GE

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

BM.GE

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

BM.GE