მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გიორგი ვახტანგიშვილი და CMC-ის გლობალური ამბიცია
გიორგი ვახტანგიშვილი და CMC-ის გლობალური ამბიცია

გიორგი ვახტანგიშვილი და CMC-ის გლობალური ამბიცია

BM.GE11 აგვისტო, 2026, 12:33|bm.ge

17-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CMC განვითარების ახალ ეტაპზე გადადის: განახლებული მართვის მოდელით, საერთაშორისო ბაზრებზე უფრო აქტიური გაფართოებით და უფრო ამბიციური მიზნებით.

150-ზე მეტი განხორციელებული პროექტი, 150-მდე პროფესიონალი საქართველოში, მოგვიანებით კი საერთაშორისო ბაზრებზე დაგროვებული გამოცდილება დღეს ის საფუძველია, რომელზეც კომპანია განვითარების შემდეგ ეტაპს აშენებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საცავი, იუსტიციის სახლი, ბათუმის სტადიონი, ფუნიკულიორის რესტორანი, ACBA ბანკის სათავო ოფისი სომხეთში - ეს CMC-ის პორტფელის მხოლოდ ნაწილია. წლების განმავლობაში კომპანია დამკვეთებს პროექტების მართვის სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება - პროექტისა და დიზაინის მენეჯმენტით, მშენებლობის ზედამხედველობით, ტენდერების მართვით, ბიუჯეტირებითა და ხარისხის კონტროლით.

2026 წელს CMC-ში ცვლილებები უკვე მენეჯმენტის დონიდან იწყება. კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიცია გიორგი ვახტანგიშვილმა დაიკავა, რომლის გამოცდილება საბანკო, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიურ სექტორებს აერთიანებს.

კარიერის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, მონაწილეობდა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე IPO-სა და ობლიგაციების განთავსებაში, M&A ტრანზაქციებსა და მსხვილი ბიზნესების ტრანსფორმაციაში. მის გამოცდილებას გლობალურ კონტექსტს აშშ-ში, Andromeda Health Corporation-ში საქმიანობაც მატებს.

მისი ხელმძღვანელობით m2 Real Estate ნულიდან შეიქმნა და ოპერირების მეორე წელს ბაზრის ლიდერი გახდა, Georgia Global Utilities-ში კი განხორციელდა მასშტაბური მენეჯერული და ციფრული ტრანსფორმაცია, საერთაშორისო ბაზარზე განთავსდა $250 მილიონის ობლიგაციები და დასრულდა წყლის ბიზნესის საკონტროლო წილის $225 მილიონად Aqualia-სთვის მიყიდვა.

ახლა გიორგი ვახტანგიშვილის ამოცანაა, ეს გამოცდილება CMC-ის შემდეგ ეტაპზე გადაიტანოს გააძლიეროს კომპანიის მართვის სისტემა, გაზარდოს საერთაშორისო მასშტაბი და CMC რეგიონულ ბაზარზე უფრო ძლიერ მოთამაშედ ჩამოაყალიბოს.

როგორ აპირებს ის ამ გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებას, რა შეიცვალა კომპანიაში მისი მოსვლის შემდეგ და როგორი შეიძლება იყოს CMC-ის როლი პროექტების მართვის კულტურის განვითარებაში რეგიონში - BM.GE-ის კითხვებს გიორგი ვახტანგიშვილი პასუხობს.

- CMC-ს 17-წლიანი გამოცდილება, მნიშვნელოვანი პროექტების პორტფელი და საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის პრაქტიკა უკვე ჰქონდა. გიორგი, რატომ დადგა სწორედ ახლა კომპანიის განვითარების ახალი ეტაპის საჭიროება?

- კომპანიაში უკვე დაგროვდა საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ CMC-ის ექსპერტიზა საერთაშორისო ბაზრებზე უფრო ფართოდ გავიტანოთ. 17 წლის განმავლობაში დაახლოებით 150-კაციანმა გუნდმა საქართველოში მომსახურების მაღალი სტანდარტი შექმნა და დღეს ეს გამოცდილება უკვე სხვა ქვეყნებისთვისაც შეიძლება რეალურ ღირებულებად იქცეს.

ჩვენ მიზანმიმართულად ვირჩევთ იმ ბაზრებს, რომლებიც განვითარების ისეთ ეტაპზე იმყოფებიან, სადაც CMC-ის ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ასეთ ქვეყნებად დღეს ვხედავთ სომხეთს, უზბეკეთს, ყაზახეთს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ბუნებრივია საქართველოს.

ჩვენი მთავარი ფოკუსი მზარდ ეკონომიკებზეა, სადაც პროფესიული პროექტების მართვისა და საკონსულტაციო სერვისები ჯერ სრულად არ არის ჩამოყალიბებული. ხშირად ასეთ ბაზრებზე არჩევანი ან ადგილობრივი კომპეტენციის დეფიციტს, ან ძალიან ძვირ საერთაშორისო კომპანიებს შორის კეთდება, რაც ბევრ ადგილობრივ დეველოპერსა და ინვესტორს ხარისხიან პროფესიულ მომსახურებაზე წვდომას ურთულებს.

სწორედ აქ ვხედავთ CMC-ის შესაძლებლობას - შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტის ექსპერტიზა უფრო მოქნილი და ადგილობრივ ბაზარზე მორგებული მოდელით. ამ გზით ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ ბიზნესს ვაფართოებთ, არამედ ამ ქვეყნებში უძრავი ქონების სექტორის უფრო პროფესიულ და სტრუქტურირებულ განვითარებასაც ვუწყობთ ხელს.

- რა ნიშნით არჩევს CMC ახალ სამოქმედო არეალს და ნიშნავს თუ არა ეს, იმას რომ ქართული კომპანია, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით სთავაზობს სერვისს იმ ქვეყნებს, სადაც ეს მომსახურება ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა?

- ჩვენ სამიზნე ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმით ვარჩევთ. პირველი, რა თქმა უნდა, არის თავად უძრავი ქონების ბაზრის ზრდა - ეს არის სექტორი, სადაც ძალიან დიდი კაპიტალი მოძრაობს, იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელ, კომერციულ, საინვესტიციო და სტუმარმასპინძლობის პროექტებზე და, შესაბამისად, ეკონომიკისთვის მისი მნიშვნელობაც ძალიან მაღალია.

თუმცა მხოლოდ ბაზრის ზრდა ჩვენთვის საკმარისი არ არის. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის მზაობა უცხოური ინვესტიციების მისაღებად ანუ რამდენად ღიაა ბაზარი, რამდენად ხელსაყრელია ბიზნესგარემო და რამდენად არსებობს საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის რეალური სურვილი.

მესამე კრიტერიუმი კი პროფესიული საკონსულტაციო ბაზრის განვითარების დონეა. ბევრ ჩვენს სამიზნე ქვეყანაში ბაზარი ჯერ კიდევ არ არის გაჯერებული იმ ტიპის კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურებით, რომელსაც CMC სთავაზობს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ შევიდეთ ბაზარზე და სწრაფად დავიმკვიდროთ პოზიცია, არამედ რეალურად მივიღოთ მონაწილეობა თავად სექტორის ჩამოყალიბებაში.

მე ვიტყოდი, რომ CMC-ის როლი ასეთ ბაზრებზე მხოლოდ კონკრეტული პროექტების კონსულტირება არ არის. ჩვენ გარკვეულწილად სექტორის სტრატეგიული „ტრეკერის“ ფუნქციასაც ვასრულებთ - ვაკვირდებით, სად არის რეალური მოთხოვნა, სად უნდა წავიდეს ინვესტიცია, რა ტიპის პროექტია ბაზრისთვის საჭირო და როგორ შეიძლება კაპიტალის უფრო სწორი და დროული ალოკაცია.

იქნება საუბარი სასტუმროზე, საცხოვრებელ პროექტზე, ოფისებზე, სავაჭრო სივრცეებზე თუ მსხვილ საინვესტიციო დეველოპმენტზე, როდესაც ბაზარზე ძლიერი პროფესიული საკონსულტაციო კომპანიაა წარმოდგენილი, გადაწყვეტილებები უფრო მეტად ეფუძნება მონაცემებს, ბაზრის რეალურ მოთხოვნას და ეკონომიკურ ლოგიკას.

საბოლოოდ, ჩვენი მიზანია არა უბრალოდ პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა, არამედ ხელი შევუწყოთ ისეთი უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, რომელიც იქნება უფრო სტრუქტურირებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი და გრძელვადიანად მდგრადი.

- დღეს CMC განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიის შიგნით ტრანსფორმაცია უკვე დაწყებულია. რა შეიცვალა ბაზარზე, პროექტების სირთულესა და CMC-ის ამბიციებში ისეთი, რამაც უფრო ძლიერი მმართველობითი არქიტექტურის შექმნა გახადა აუცილებელი?

- სამშენებლო პროექტების მართვის სფეროში ყველაზე დიდი ცვლილება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს უკავშირდება. ამასთან, ბუნებრივია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ ჩვენს ყოველდღიურობასა და ამ დარგშიც ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვია - გააჩინა კონკურენცია, გახადა შესაძლებელი ბევრი სხვა სერვისის ჩვენს დარგში კოპირება და განვითარება სხვა ქვეყნებში. საშუალება მოგვცა უფრო უკეთ გვემართა პროცესები, გაიზარდა ბიზნეს ანალიტიკის ხარისხიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომხმარებელთა უფრო ფართოდ მოცვის შესაძლებლობა და მათი მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილების საშუალება მოგვეცა გამომდინარე იმ ტექნოლოგიებიდან რომელიც უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენი სერვისების ხარისხი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენი ხარისხის ზრდა კი კლიენტების რისკების შემცირებაში ითარგმნება. რაც უფრო კარგად და რაც უფრო ჩქარა განვითარდება ტექნოლოგიური ნაწილი, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ჩვენს ბიზნესში, მით უფრო კარგად იგრძნობს თავს ჩვენი კლიენტი. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მაქსიმალური შემოტანაა.

- გიორგი, თქვენ ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება გაქვთ. რა არის ის, რასაც თქვენი გამოცდილებიდან CMC-ში პირველ რიგში გამოიყენებთ?

- ჩემი პირადი გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მემართა საერთაშორისო პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში, საერთაშორისო ინვესტორებთან, მულტინაციონალურ გუნდებთან და საკმაოდ რთულ საბიუჯეტო სტრუქტურებთან მუშაობის პირობებში. სწორედ ამ გამოცდილების გადმოტანა გვინდა დღეს CMC-ის მოდელში.

ჩვენი ამოცანაა, ინვესტორებთან, პროექტის მფლობელებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობა უფრო ინსტიტუციურ დონეზე ავაწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორსა და დამკვეთს ჰქონდეს სრული გამჭვირვალე სურათი, ზუსტად იცოდეს, სად, როგორ და რა ეფექტიანობით ხდება მისი კაპიტალის ალოკაცია; სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა დაინახოს, რომ გაცემული ნებართვები და შეთანხმებული ვალდებულებები რეალურად სრულდება; ხოლო პროექტში ჩართულმა კომპანიებმა მიიღონ პროფესიონალურად ორგანიზებული გარემო და მაღალი ხარისხის სერვისი.

რეალურად, ეს განვითარების ციკლი ბევრ განვითარებად ქვეყანაში საკმაოდ მსგავსია. საჭიროა სამი ძირითადი კომპონენტის თანხვედრა: კვალიფიციური და გრძელვადიანად მოაზროვნე ინვესტორი, სახელმწიფოს მზაობა და კეთილი ნება, და ძლიერი ადგილობრივი დეველოპერული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. სწორედ ამ სამ კომპონენტს შორის ეფექტიანი კავშირის შექმნაში ვხედავთ CMC-ის ერთ-ერთ მთავარ როლს.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაც სწორედ აქედან მოდის. CMC-ის გამოცდილება მხოლოდ საქართველოს ბაზრით არ შემოიფარგლება. პირიქით, ის განსაკუთრებით ღირებულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დღეს განვითარების იმ ეტაპზე იმყოფებიან, რომელსაც საქართველო დაახლოებით 10–15 წლის წინ გადიოდა.

საქართველომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გაიარა - ჩამოყალიბდა სისტემები, განხორციელდა მსხვილი ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული პროექტები, დაგროვდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პრაქტიკული გამოცდილება და ბაზარიც უფრო პროფესიონალური გახდა.

დღეს, ჩვენი სამიზნე ქვეყნების ნაწილი სწორედ ამ გზას გადის. ამიტომ CMC-ისთვის ეს უბრალოდ ახალი ბაზრები არ არის - ეს არის გარემო, სადაც ჩვენ უკვე განვლილი განვითარების ციკლის გამოცდილება შეგვიძლია რეალურ პრაქტიკულ ღირებულებად ვაქციოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ არა მხოლოდ საკონსულტაციო კომპანია, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სექტორის ინსტიტუციური და სისტემური განვითარების პროცესში.

- ანუ CMC-ის „ახალი მასშტაბი“ იქნება ის, რომ თავისი სიტყვა თქვას და წვლილი შეიტანოს სამშენებლო პროექტების მართვის განვითარების მიმართულებით?

- ნამდვილად, სწორედ ეს არის CMC-ის როლი. საქართველოში კომპანია უკვე ასრულებს დარგის სისტემური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის ფუნქციას და იგივე მისიით შევედით სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებზეც.

ქვეყნებსაც სწორედ ამ ლოგიკით ვარჩევთ - გვაინტერესებს ბაზრები, სადაც უძრავი ქონების სექტორი აქტიური განვითარების ეტაპზეა და არსებობს სივრცე უფრო სტრუქტურირებული, პროფესიული და ინსტიტუციური მიდგომების დასანერგად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მომენტი, როდესაც ბაზარი უკვე იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება სწორი ჩარჩო, გამოცდილება და პროფესიული მართვა. სწორედ ამ ეტაპზე შეუძლია CMC-ს ყველაზე დიდი ღირებულების შექმნა.

- კომპანიის სათავეში მოსვლისას რა იყო პირველი საკითხი, რომლის შეცვლაც აუცილებლად მიგაჩნდათ?

- პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო ბორდის ფორმირება იყო. ჩვენ შემოგვიერთდნენ დარგის მაღალი დონის ექსპერტები - ბრუნო მარტორანო და კიმ ბრედლი, რომლებსაც მსხვილი საინვესტიციო და უძრავი ქონების პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეს არის მოქმედი ბორდი, ახალ ბაზრებზე შესვლის სტრატეგიებსა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მათთან მუდმივად ვათანხმებთ. მათი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ხედვა საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივად დავაკალიბროთ.

ბრუნო მარტორანოკიმ ბრედლი

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება რეგიონებზე და კონკრეტულ ქვეყნებზე ფოკუსირება იყო. შევქმენით Country Manager-ების მოდელი, რათა თითოეულ ბაზარზე გვყავდეს ადგილობრივი პარტნიორი, რომელიც იცნობს ქვეყნის სპეციფიკას, მოთამაშეებსა და ბიზნესგარემოს. ანალოგიური მიდგომა დავნერგეთ საქართველოშიც - აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს განსხვავებული მენეჯმენტი ექნებათ.

ამავე ლოგიკით ვაყალიბებთ ადგილობრივ ერთეულებს სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ჩვენი მიზანია, ამ ქვეყნებში ეტაპობრივად ჩამოვაყალიბოთ CMC-ის საქართველოს მსგავსი ძლიერი ბიზნესერთეულები.

სტრატეგიული ამოცანა საკმაოდ ამბიციურია: სამწლიან პერსპექტივაში გვინდა, რომ საქართველოს წილი CMC-ის მთლიან გაყიდვებში დაახლოებით 20%-მდე შემცირდეს - არა ქართული ბაზრის შემცირების, არამედ საერთაშორისო პორტფელის სწრაფი ზრდის ხარჯზე.

მესამე ცვლილება მენეჯმენტის გაძლიერებაა. აღმასრულებელ გუნდს შემოუერთდნენ ქართველი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენეჯერები, რომლებსაც მსხვილი ინფრასტრუქტურული და კომპლექსური პროექტების მართვის პრაქტიკა აქვთ. ეს გუნდი გვაძლევს საშუალებას, რეგიონული გაფართოება უკვე უფრო ძლიერი ოპერაციული საფუძვლით განვახორციელოთ.

- კომპანიის მართვის მოდელის ცვლილება, მთლიან პორტფელში საქართველოს გაყიდვების 20%-იანი წილის განსაზღვრა - ნიშნავს თუ არა ეს, რომ CMC განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ძლიერი ორგანიზაციული სისტემების შექმნაა - გაყიდვებში, საოპერაციო მართვაში, აღრიცხვასა და კომუნიკაციაში. გვინდა, CMC-მ ყველა ქვეყანაში ერთიანი სტანდარტით და თანაბარი ხარისხით შეძლოს პროექტების მართვა.

ამ პროცესში ტექნოლოგიებს განსაკუთრებული როლი ექნება. უკვე დავნერგეთ BIM-ი (Building Information Modeling/Management) სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სამშენებლო და საპროექტო ინფორმაცია ერთიან ციფრულ გარემოში ვმართოთ, რეალურ დროში დავინახოთ პროექტის მდგომარეობა და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად და ზუსტად მივიღოთ.

ჩვენი მიზანია, CMC-ის ყველა რგოლი მზად იყოს იმ ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და უახლოეს წლებში კიდევ უფრო დაჩქარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ინტეგრირება. გვინდა, ტექნოლოგია გამოვიყენოთ არა როგორც დამატებითი ინსტრუმენტი, არამედ, როგორც მართვის ეფექტიანობის, ხარისხისა და მასშტაბირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

ჩვენს ბიზნესში ალბათ ის იქნება მოგებული, ვინც უფრო მალე დანერგავს ამ შესაძლებლობებს.

- რატომ გახდა CMC-ის განვითარების ამ ეტაპზე საერთაშორისო შემადგენლობის ბორდის შექმნა მნიშვნელოვანი?

- საერთაშორისო შემადგენლობის ბორდის შექმნა, იქიდან გამომდინარეობს, რომ ბორდის უცხოელ წევრებს ჩვენს სამიზნე ქვეყნებში წარმატებული პროექტები უკვე განხორციელებული აქვთ, ტექნოლოგიურად ეს ძვრები უკვე მომხდარია, მათ მიერ არის მართული. შესაბამისად, იმასთან დაკავშირებით თუ რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ და არ დავუშვათ შეცდომები, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის შეუფასებელია. გლობალურად პოზიციონების პროცესში კომპანიაში ამ ხალხის მოწვევა შეცდომების თავიდან არიდების მიზნით მოხდა, რომ ჩვენ დავაზღვიოთ ჩვენი განვითარების გზა.

- თქვენ, კომპანიის გენერალურ დირექტორს, რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ პირად პასუხისმგებლობად CMC-ის განვითარების ამ ეტაპზე?

- ფეხდაფეხ მივყვე პროგრესს. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ როგორც წესი ცვლილებები არ არის ყველასთვის სასურველი. ადამიანებს ეშინიათ ცვლილებების. ჩემი ამოცანაა, რომ ეს ცვლილებები განვახორციელო, თუმცა შესაძლებელია რომ გარკვეულ ეტაპზე დაბრკოლებები გქონდეს.

ჩემი პირადი ამოცანაა, CMC ტექნოლოგიური ცვლილებების ერთ-ერთი ფლაგმანი გახდეს. ამ მიმართულებით საქართველოში უკვე აქტიურად ვმუშაობთ, დაწყებული ერთიანი ოპერაციული სისტემის დანერგვით, რომელიც კომპანიის სამუშაო პროცესებს უფრო გამჭვირვალე, სტრუქტურირებულ და მართვად გარემოში გადაიყვანს. ჩვენი მიზანია, კომპანიის სრული საოპერაციო ციკლი ეტაპობრივად გადავიტანოთ ტექნოლოგიურად მდგრად სისტემაში და ბიზნესის განვითარება მაქსიმალურად დავუკავშიროთ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

ჩემთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის - ტექნოლოგიური განვითარება არ იყოს კომპანიისგან განცალკევებული პროცესი. პირიქით, CMC უნდა იყოს მზად სწრაფად აითვისოს ახალი ინსტრუმენტები, ინტეგრირდეს მათთან და გამოიყენოს ისინი ეფექტიანობის, ხარისხისა და მასშტაბირების გასაძლიერებლად.

- გიორგი, BIM სისტემა ახსენეთ, რომელსაც CMC უკვე მრავალი წელია იყენებს. რა იცვლება დღეს მის გამოყენებაში?

BIM-ის გამოყენებით დღეს ძალიან ბევრი დისციპლინა, საპროექტო დოკუმენტაციაში მარტივდება. ყველაფერი იქნება ერთ სივრცეში, 3D ფორმატში და ნებისმიერი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება, ან განხორციელდა, ან იგეგმება რომ განხორციელდეს პროექტში მათი ვირტუალურ სივრცეში განხორციელება და დაგეგმვაა ჯერ შესაძლებელი. ისეთი პრინციპი არსებობს ჰქვია digital twins, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია BIM-ის, რომელიც საშუალებას იძლევა რომ ნებისმიერი პროექტი ან ცვლილება განხორციელდეს ჯერ ვირტუალურ სივრცეში, გააზრებული იქნეს მასთან დაკავშირებული რისკები, შეფასდეს ბიუჯეტები და მხოლოდ შემდეგ მოხდეს მისი იმპლემენტაცია რეალურ დროში და სივრცეში, რაც აარიდებს ჩვენს კლიენტებს ძალიან დიდ დამატებით დანახარჯებს და რისკებს.

- რა როლი ექნება ხელოვნურ ინტელექტს CMC-ის მართვის ახალ მოდელში?

- ჩვენი ამოცანაა, CMC-ის ყველა კრიტიკულ მიმართულებას საკუთარი AI-აგენტები ჰყავდეს. ანუ მომავალში კომპანიის ოპერაციული მოდელი დაეყრდნობა როგორც ადამიანურ გუნდს, ისე ციფრულ აგენტებს, რომლებიც კონკრეტულ ფუნქციებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეასრულებენ.

პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით - მენეჯმენტის გუნდი სრულად გადამზადდა, რათა ზუსტად გვესმოდეს, რა შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს და სად შეიძლება მისი რეალური გამოყენება ბიზნესში.

შემდეგი ეტაპია ჩვენი საინფორმაციო და ბიზნესპროცესების სრული აღწერა AI-ისთვის. უნდა განვსაზღვროთ, რომელი პროცესების ავტომატიზაცია და გამარტივებაა შესაძლებელი, სად შეუძლია AI-ს დამოუკიდებლად მუშაობა და სად არის აუცილებელი ადამიანის პროფესიული ჩართულობა და გადაწყვეტილება.

სწორედ ამ გამიჯვნის დასრულებას ვგეგმავთ უახლოეს თვეებში. საბოლოო მიზანია ისეთი მოდელის შექმნა, სადაც ადამიანი და ტექნოლოგია ერთმანეთს არ ანაცვლებს, არამედ ერთმანეთის შესაძლებლობებს აძლიერებს.

უახლოეს თვეებში ჩვენ უნდა შევძლოთ ხელოვნური ინტელექტის აგენტების აწყობა, რომლებიც კონკრეტული სამუშაოები გაკეთებაში დაგვეხმარებიან. შესაბამისად, იქნება გარკვეული სივრცე, სადაც ყველა ტიპის ინფორმაცია კატეგორიებად, კლასტერებად დალაგდება და ინფორმაციის ნაწილს ხელოვნური ინტელექტი დაამუშავებს და ადამიანებს ექნებათ მეტი დრო, რომ გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენ გარდა ვერავინ იზამს.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ დღევანდელ დღეს არქიტექტურულ ნაწილის გადაწყვეტილებში, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებს ვთავაზობთ, ჩვენ უკვე ვიყენებთ AI აგენტებს. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც სხვადასხვა ქვეყნებს სამშენებლო, არქიტექტურულ ნორმებთან დაკავშირებით განსხვავებული კანონმდებლობა აქვთ, უკვე შეგვიძლია პროექტების ადაპტაცია, რომელიც BIM-ში ხელოვნური ინტელექტის აგენტის საშუალებით მზადდება, ის კონკრეტული ქვეყნისთვის აკეთებს ადაპტაციას. მაგალითად, როდესაც ჩვენ წინანდადებას ვამზადებთ პოტენციური კლიენტისთვის, ჩვენი გაყიდვის AI აგენტი, ხვდება, რომ ეს კონკრეტული მაგალითი სომხეთისთისაა და მთელი დიზაინის ადაპტირებას ახდენს, რადგან იცის, რომ სომხეთისთვის დიზაინი სხვა ელემენტებს უნდა შეიცავდეს.

ძალიან ბევრ რაღაცას, რასაც შეიძლება ადრე დასჭირვებოდა თვეები, ახლა საათები სჭირდება. მაგალითად, პირველადი წინადადებისთვის სრული საპროექტო ინფორმაციის შესწავლა, საპროექტო დოკუმენტაციის შედარება - ეს ყველაფერი ჩვენი ხუთკაციანი გუნდისთვის კვირების მანძილზე შესწავლის საგანი იყო. ახლა ამას ორი საათი და ალბათ, ერთი ადმინისტრატორი სჭირდება.

ახალ ბაზრებზე ჩვენი გასვლა სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ შიდა პროცესები უკვე სისტემურად, ტექნოლოგიურად და მასშტაბირებადად არის აწყობილი.

- საუბრის დაწყებისას თქვენ აღნიშნეთ, რომ კომპანიის მიზანი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაა. კომპანიაში მიმდინარე ცვლილებები რას ნიშნავს უშუალოდ დამკვეთისა და ინვესტორისთვის - რა არის CMC-ის მთავარი დაპირება მათ მიმართ?

- მართვის ამ მოდელითა და განვითარების განახლებული მიდგომებით CMC გაცილებით უფრო ხარისხიან, სრულყოფილ სერვისებს გასწევს. ჩვენ შეგვეძლება სრულად შევაფასოთ პროექტის რისკები, სრულად ვაკონტროლოთ და ვიყოთ პასუხისმგებელი ბიუჯეტზე, ხარისხზე და პროექტის განხორციელების დროზე. გარდა ამისა, ჩვენ შეგვეძლება უფრო ეფექტურები ვიყოთ დროსა და ბიუჯეტშიც. ასევე, ჩვენ შეგვეძლება დავაზღვიოთ კლიენტის ის რისკები, რომელსაც შეიძლება პირდაპირ CMC-ს მომსახურებები ადრე არ ეხებოდა. ამგვარად, ჩვენ უფრო საჭირო პარტნიორი გავხდებით ჩვენი კლიენტებისთვის, საიმისოდ, რომ მათი პროექტები წარმატებული იყოს. ჩვენ ახლა უფრო მეტი ინსტრუმენტი გვაქვს საიმისოდ, რომ ჩვენი კლიენტების რისკები დავაზღვიოთ. საბოლოო ჯამში CMC-ს სერვისის როლი დამკვეთის სერვისების დაზღვევაა. კმაყოფილი დამკვეთ ნიშნავს, რომ ჩვენ მას მშენებლობასთან და დაპროექტებასთან დაკავშირებული რისკები სწორად ვუმართეთ. ახლა სწორედ ამ რისკების მართვის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანის გზაზე ვდგავართ.

- CMC-ის საერთაშორისო გაფართოება მხოლოდ ახალი გეოგრაფიების დამატებას არ გულისხმობს. როგორია თქვენი რეგიონული განვითარების ხედვა?

დიახ, რეგიონული განვითარების გეგმა ჩვენს სრულ პასუხისმგებლობას მოიცავს. სხვადასხვა ქვეყანა განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა, მაგრამ ინვესტორისთვის ყველგან ერთნაირად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ჰქონდეს სრული, სტრუქტურირებული საპროექტო და საბიუჯეტო ინფორმაცია.

სწორედ ამიტომ, ახალ ბაზრებზე CMC-ს უკვე გაცილებით ადრეულ ეტაპზე შეუძლია ჩართვა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იდეა ყალიბდება, მიმდინარეობს due diligence, ფასდება აქტივი და ინვესტორი წყვეტს, შეიძინოს თუ არა მიწა და რა ტიპის პროექტი განავითაროს.

ამ ეტაპზევე შეგვიძლია ვურჩიოთ, რა ბიზნესმოდელი იქნება ოპტიმალური, როგორ უნდა დაიგეგმოს ინვესტიცია და რა ფორმით შეიძლება პროექტის მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევა.

სწორედ აქედან იწყება CMC-ის ტრანსფორმაცია სრულფასოვან ბიზნეს და საინვესტიციო მრჩევლად. ეს არის კომპანიის მომავალი როგორც საქართველოში, ისე ახალ ბაზრებზე. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც სექტორი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ჩვენი როლი და გავლენა უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.

- ახალი ბაზრებიდან, ყველაზე ახლოს საქართველოსთან ტერიტორიულად სომხეთია. რას წარმოადგენს სომხეთი CMC-ის რეგიონული სტრატეგიისთვის?

- სომხეთი პირველ რიგში ნაცნობი ბაზარია. დიახ, ნაცნობია გეოგრაფიულად ადგილმდებარეობის გამო და იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკები მსგავსია. ჩვენთვის ნაცნობია ის განვითარება, რომელსაც სომხეთი ახლა გადის. შესაბამისად, ჩვენთვის ნათელია როგორი ცვლილებები განხორციელდება ეკონომიკაში, რა ტიპის ინვესტორები შემოვლენ, რა ტიპის პროექტებში მოხდება ინვესტიცია. სწორედ ამიტომ ჩვენი გამოცდილება სომხეთში განსაკუთრებით აქტუალურია. აქ შეგვიძლია საქართველოში უკვე გამოცდილი მიდგომები და მოდელები პრაქტიკულად პირდაპირ გადავიტანოთ და არა მხოლოდ ცალკეული პროექტების განხორციელებაში ჩავერთოთ, არამედ თავად სექტორის განვითარების მიმართულებების ფორმირებაშიც ლიდერის როლი შევასრულოთ. მაგალითად, ჩვენ აქტიურად ვხვდებით დონორ ორგანიზაციებს, ბანკებს და მათთან ერთად განვიხილავთ პროექტებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ინვესტორებმა, დეველოპერებმა CMC-სთან გავლილი პროექტები მიიტანონ მათთან. რაც მათთვის დაფინანსების ალბათობას გაზრდის. სწორედ, ამ ნდობით სარგებლობს CMC, სომხეთში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.

დღეს სომხეთში უკვე რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობთ. მათ შორის არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - Dalan Technopark, სადაც CMC სამშენებლო ზედამხედველობას ახორციელებს.

ასევე, ჩვენ განვახორციელეთ ACBA Bank-ის სათავო ოფისის მშენებლობის სრული ზედამხედველობა და ვთანამშრომლობთ Renshin-თან, სომხეთის ერთ-ერთ წამყვან და ძლიერ დეველოპერულ კომპანიასთან, განსაკუთრებით საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით.

ეს პროექტები კარგად აჩვენებს, რომ სომხეთის ბაზარზე CMC უკვე არა მხოლოდ წარმოდგენილია, არამედ მაღალი ნდობის მქონე პროფესიულ პარტნიორადაც პოზიციონირდება.

- მეორე მიმართულება კომპანიისთვის ცენტრალური აზიაა. პოზიციონირების რა ეტაპზეა CMC უზბეკეთში?

რაც შეეხება უზბეკეთს, უზბეკეთი საკმაოდ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. შესაბამისად, ბაზარიც საკმაოდ მასშტაბურია - შენდება ახალი ქალაქი, რომელსაც ახალ ტაშკენტს უწოდებენ. ამ პროექტში ჩვენ აქტიური როლის შესრულება გვინდა იმ მიმართულებით, სადაც ჩვენ ბოლო 17 წლის მანძილზე ყველაზე უკეთ წარმოვაჩინეთ თავი - ეს არის ინვესტიციების გაფრთხილება და პროექტების რისკების მართვა და მათი დასრულება. უზბეკეთში აღმშენებლობის ეტაპია ახლა და ვფიქრობთ, ამ პროცესში ჩვენი როლი შეუფასებელი იქნება, რადგან ვთვლით, რომ უზბეკეთის ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მორგებული უნარების მქონე კომპანია ვართ.

- რა კომპეტენციის განვითარების საშუალებას აძლევს უზბეკეთის ბაზარი თავად CMC-ს?

- უზბეკეთი ჩვენთვის მასშტაბირების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ბაზარზე მიღებული გამოცდილება საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად უფრო დიდ ქვეყნებსა და უფრო მასშტაბურ პროექტებზე გადავიდეთ.

როდესაც ჩვენი პროექტების მოცულობა ორჯერ ან სამჯერ გაიზრდება, ეს უკვე თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს შექმნის - გვეყოლება უფრო მსხვილი დამკვეთები, უფრო კომპლექსური პროექტები და მნიშვნელოვნად გაფართოებული პორტფელი. შესაბამისად, ამ გამოცდილების სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გადატანაც გაცილებით მარტივი გახდება.

დღეს, უზბეკეთში, რამდენიმე პროფილურ კომპანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, მათ შორის Murad Buildings-თან, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიასთან.

ასევე ვთანამშრომლობთ New Tashkent-ის ადმინისტრაციასთან. საუბარია სრულიად ახალი, დაახლოებით ნახევარმილიონიან ქალაქზე, რაც თავისი მასშტაბით უნიკალური პროექტია. ამ მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის ვემზადებით.

ჩვენი მიზანია, უკვე მიმდინარე წელს უზბეკეთში რამდენიმე რეალური პროექტი დავიწყოთ და ეს ბაზარი CMC-ის შემდგომი საერთაშორისო ზრდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ვაქციოთ.

- ამ ბაზრებზე განვითარების გეგმის ფარგლებში როგორია თქვენი შემდგომი ნაბიჯები - იგეგმება თუ არა CMC-ის წარმომადგენლობების შემდგომი გაძლიერება?

- მჯერა, რომ ახლა საუკეთესო დროა, CMC სომხეთსა და უზბეკეთში უკვე ფიზიკურადაც იყოს წარმოდგენილი. აგვისტოში ოფისების გახსნას ვგეგმავთ ერევანსა და ტაშკენტში და ორივე ქვეყანაში კომპანია სრულფასოვნად დაიწყებს ოპერირებას.

ორივე ბაზარზე უკვე გვყავს რეგიონალური მენეჯერი და ტექნიკური დირექტორი, ძირითადი გუნდებიც დაკომპლექტებულია. შემდგომი გაფართოება კი პროექტების მოცულობისა და საჭიროებების მიხედვით მოხდება.

სტრატეგიული და საკვანძო პროცესები სათავო ოფისიდან იმართება, თუმცა ადგილობრივ კომპანიებს საკმაოდ მაღალი ოპერაციული ავტონომია ექნებათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს აღარ იყოს „CMC Georgia-ს მიერ განხორციელებული პროექტი ერევანში ან ტაშკენტში“ - ეს იქნება CMC Armenia-სა და CMC Uzbekistan-ის საკუთარი პროექტები, ადგილობრივი გუნდებითა და პასუხისმგებლობით.

სწორედ ასე ვხედავთ CMC-ის მომავალს - როგორც რეგიონულ ჯგუფს, რომელიც ერთიან სტანდარტს ინარჩუნებს, თუმცა თითოეულ ქვეყანაში ადგილობრივი ბაზრის სრულფასოვანი მონაწილე ხდება. CMC იქნება ქართული, სომხური და უზბეკური კომპანია ერთდროულად - ერთი ბრენდით, ერთი ხარისხით და საერთო განვითარების ხედვით.

- სომხეთისა და უზბეკეთის გარდა, როგორია დღეს CMC-ის საერთაშორისო ოპერირების გეოგრაფია და რომელ ბაზრებზეა კომპანია აქტიურად წარმოდგენილი?

- ახლა ყაზახეთში სწორედ ოფისის გახსნის მიზნით ჩამოვედით. კომპანია ასტანაში დარეგისტრირდება და CMC უკვე ყაზახეთშიც სრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი.

ყაზახეთი საკმაოდ კონცენტრირებული და კონკურენტული ბაზარია, სადაც ჩვენი საერთაშორისო კონკურენტებიც აქტიურად მუშაობენ. თუმცა CMC-ის მნიშვნელოვანი უპირატესობა საერთაშორისო პროექტების მართვისა და უცხოურ ინვესტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებაა.

ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას იმ სეგმენტში, სადაც ადგილობრივ ბაზარს საერთაშორისო კაპიტალთან, განსაკუთრებით დასავლური ტიპის ინვესტორებთან, თანამშრომლობისთვის უფრო ძლიერი პროფესიული და ინსტიტუციური მხარდაჭერა სჭირდება.

სწორედ აქ იქნება CMC-ის ნიშა - ადგილობრივი ბაზრის ცოდნის დაკავშირება საერთაშორისო საინვესტიციო სტანდარტებთან და ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ინვესტორსა და ადგილობრივ პროექტებს შორის სანდო პროფესიულ ხიდს შექმნის.

გარდა ამისა, წელს CMC პროექტების განხორციელებას და ოფისების გახსნას საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გეგმავს.

რაც შეეხება ევროპას, ჩვენ ერთეული პროექტები შესრულებული გვაქვს ჩეხეთსა და ხორვატიაში. რადგან ეს ქვეყნები უფრო მზად არიან ჩვენნაირი კომპანიების მისაღებად, ჩვენი აქცენტიც სწორედ ამ ორ ქვეყანაზე გაკეთდება.

- კომპანიის მასშტაბირების ამ გეგმის ფარგლებში, თქვენი შეფასებითა და მოლოდინით, როგორ გაიზრდება CMC-ის საერთაშორისო პორტფელი?

- თუ ვამბობთ, რომ საერთაშორისო ექსპანსიის შედეგად საქართველოს წილი CMC-ის მთლიან პორტფელში დაახლოებით 20% უნდა გახდეს, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის საერთო პორტფელი პრაქტიკულად ხუთჯერ უნდა გაიზარდოს. თუმცა. ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ზრდის ტემპი არ არის. გვინდა, ეს გაფართოება იყოს თანმიმდევრული და გააზრებული - თითოეულ ახალ ბაზარზე შესვლამდე დეტალურად ვსწავლობთ ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს, სექტორის სტრუქტურას, კონკურენციას, რეგულაციებს და რეალურ საინვესტიციო პოტენციალს.

სხვათა შორის, იმ ქვეყნებში, სადაც დღეს CMC შედის, უკვე აქტიურად შედიან სხვა ქართული კომპანიებიც. ჩვენთვის ეს დამატებითი სიგნალია, თუმცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბაზრის საერთო ინტერესზე არ ვაფუძნებთ - მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეულ ქვეყანაში საკუთარი კვლევა, რისკების შეფასება და ბაზრის ღრმა ანალიზი გვქონდეს.

ამიტომ ჩვენი საერთაშორისო ზრდის პრინციპი მარტივია: სწრაფად კი არა, სწორად გავიზარდოთ.

- ეს ყველაფერი კი შემოსავლების ზრდაში ითარგმნება, თუმცა გარდა ფინანსური შედეგისა, რას იღებს CMC საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობით?

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია ძლიერი საერთაშორისო გუნდის ჩამოყალიბება, ისეთი გუნდის, რომელსაც მასშტაბური და კომპლექსური პროექტების მართვის რეალური შესაძლებლობა ექნება.

სწორედ ეს გახდება ჩვენი შემდეგი განვითარების საფუძველი და მოგვცემს საშუალებას, ეტაპობრივად გავიდეთ სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, დასავლეთ ევროპასა და ამერიკის ბაზრებზე.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ CMC-ის განვითარების შემდეგი დიდი ეტაპი სწორედ დასავლეთის ბაზრები იქნება.

17 წლის წინ CMC საქართველოში მომსახურების ახალი სტანდარტის შექმნას იწყებდა. დღეს კომპანია უკვე სხვა კითხვას პასუხობს - როგორ შეიძლება საქართველოში დაგროვილი ცოდნა საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესად გარდაიქმნას.

CMC-ისთვის ახალი ეტაპი მხოლოდ მეტი ქვეყანა, მეტი ოფისი ან უფრო დიდი პროექტები არ არის. ეს არის ქართული გამოცდილების გარდაქმნა საერთაშორისო კომპეტენციად ანუ ისეთი კომპანიის შექმნა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს ადგილობრივი სხვადასხვა ბაზარზე და გლობალური თავისი სტანდარტით.

ერევანი, ტაშკენტი და ასტანა ამ გზის დასაწყისია. შემდეგი თავი კი, როგორც გიორგი ვახტანგიშვილი ამბობს, უკვე დასავლეთში უნდა დაიწეროს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კოლუმბიაში მომხმდარმა მიწისძვრამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

კოლუმბიაში მომხმდარმა მიწისძვრამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

BM.GE

"საოცარი პარადოქსი": რატომ მიდიან პაციენტები აჭარიდან თურქეთში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის - ნატო ხონელიძე

"საოცარი პარადოქსი": რატომ მიდიან პაციენტები აჭარიდან თურქეთში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის - ნატო ხონელიძე

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

11 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

11 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE