
"საოცარი პარადოქსი": რატომ მიდიან პაციენტები აჭარიდან თურქეთში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის - ნატო ხონელიძე
უშვილობის სამკურნალოდ აჭარიდან პაციენტების თურქეთში გადინება იმ ფონზე, როდესაც რეგიონში 10 000-ლარიანი დაფინანსების პროგრამა მოქმედებს, ხოლო თბილისსა და ბათუმში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები მუშაობენ, "საოცარი პარადოქსია" - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა "ჯანდაცვის სტანდარტის" ეთერში კლინიკა "ლიდერმედის" დამფუძნებელმა, ნატო ხონელიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უნაყოფობის მკურნალობისთვის პაციენტებს მაქსიმუმ 10 000 ლარით აფინანსებს და ამ თანხის გამოყენება აჭარის გარეთ, საქართველოს სხვა კლინიკებშიც შესაძლებელია, მოსახლეობა მაინც საზღვარგარეთ მიდის.
"აჭარის რეგიონს გარკვეული თანხა აქვს გამოყოფილი პაციენტებისთვის, მაგრამ არის საოცარი პარადოქსი: ინ-ვიტრო განაყოფიერების მიზნით პაციენტები თურქეთში მიემართებიან. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მარტო აჭარა, სადაც არსებობს ინ-ვიტრო კლინიკა - არის თბილისიც, სადაც არიან ძალიან მაღალტექნოლოგიური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
მარტო დაფინანსება, ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი. ალბათ ერთიანი მიდგომაა საჭირო იმისათვის, რომ შენს მოსახლეობას, ქალბატონებს დაანახო, რომ აქ, საქართველოში ნამდვილად არის იმ დონის სპეციალისტი და ისეთი კლინიკა, სადაც მან უნდა ჩაიტაროს უნაყოფობის მკურნალობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს თუნდაც თურქეთში. სახელმწიფოს ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი ამ მხრივ", - აცხადებს ნატო ხონელიძე.
"ლიდერმედის" დამფუძნებელი განმარტავს, რომ პაციენტების გადინება ძირითადად ტრაპიზონისა და ანკარას კლინიკებში ხდება, თუმცა მცდარია წარმოდგენა, თითქოს თურქეთში მკურნალობის ხარისხი ან სტანდარტი საქართველოსაზე მაღალია.
"აჭარის რეგიონიდან ხდება გადინება, იქ რაღაც პოპულარული ექიმები არსებობენ ირგვლივ, ტრაპიზონში, ანკარაში და ასე შემდეგ. სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ის, რომ ჩვენზე მაღალი დონის კლინიკაში მიდიან, ეს არ არის სწორი. ის, რომ იქ იღებენ აუცილებლად, აპრიორი არაჩვეულებრივ მკურნალობის მეთოდს, რაღაც განსხვავებულს, ეგეც არ არის სწორი, იმიტომ რომ სტანდარტები ჩვენთან არის საკმაოდ მაღალი. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა", - აღნიშნავს ხონელიძე.
როგორც "ჯანდაცვის სტანდარტის" ეთერში ითქვა, საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერების ერთი სრული ციკლის ღირებულება, მედიკამენტების ჩათვლით, 12 000-დან 15 000 ლარამდე მერყეობს, თურქეთში კი ეს პროცედურა დაახლოებით 2 000 დოლარი ჯდება. ფასებს შორის ამგვარი სხვაობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ თურქეთის სახელმწიფო მედიკამენტების 50%-იან სუბსიდირებას ახდენს საკუთარი მოქალაქეებისთვის.
რაც შეეხება აჭარის ადგილობრივ პროგრამას, რომელიც 10 000 ლარით აფინანსებს პაციენტებს (მასწავლებლებს, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს), მას მკაცრად გაწერილი სამედიცინო კრიტერიუმები არ გააჩნია.
ხარისხის მართვისთვის 2024 წელს სახელმწიფომ ეროვნული რეესტრი შექმნა, თუმცა, ნატო ხონელიძის თქმით, სისტემა დღეს ხარვეზებით მუშაობს, რაც პაციენტს ართმევს შესაძლებლობას, კლინიკა რეალური სტატისტიკის მიხედვით აირჩიოს.
"დადებითსაც ვიტყვით: 2024 წელს სახელმწიფომ გააკეთა ძალიან დიდი საქმე - სამედიცინო დახმარებით რეპროდუქციის საქმიანობის სტატისტიკის წარმოების მიზნით შექმნა ერთიანი ეროვნული რეესტრი. ამის შემდეგ, რატომღაც ეს რეესტრი მუშაობს, მაგრამ მუშაობს ხარვეზებით... დღეს ჩვენ არ ვიცით, რომელ კლინიკას რა მონაცემი აქვს, რამდენი ინ-ვიტრო განაყოფიერება კეთდება, რამდენი ციკლია, რა პროცენტული მაჩვენებელი აქვს ორსულობის წარმატების, რამდენი სპონტანური ორსულობის შეწყვეტა მოხდა, როგორია სუროგაციითა და დონაციით დაბადებული ბავშვების სტატისტიკა", - აცხადებს "ლიდერმედის" დამფუძნებელი.
მისივე თქმით, პაციენტმა კლინიკა დაბალი ფასის გამო კი არ უნდა აირჩიოს, არამედ მაღალი სტანდარტისა და გამჭვირვალე მონაცემების საფუძველზე: "პროფესიულმა ასოციაციებმაც, სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც უნდა დავძრათ ეს საკითხი... აუცილებელია, რომ კლინიკას ჰქონდეს მაღალი სტანდარტი და ეს სტანდარტი ზუსტად მიაწოდოს გამჭვირვალობით ეროვნულ რეესტრს".
საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში შობადობა 28%-ით შემცირდა. ნატო ხონელიძის შეფასებით, არსებული დემოგრაფიული კრიზისის ფონზე, თითოეულ დაბადებულ ბავშვს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, კლინიკა "ლიდერმედმა" 6 თვის წინ ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინა მასშტაბური პროექტი, რომელიც შობადობის სტიმულირებას ეხება.
"საქართველოში, როდესაც ასეთი დემოგრაფია გვაქვს - კატასტროფა, რასაც ჰქვია - ერთი დაბადებული ბავშვიც ქმნის ნამდვილად შობადობის მომატების საშუალებას. ინ-ვიტრო განაყოფიერების მომავალი არის არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ბაზა, არამედ ეს არის სახელმწიფოს ეროვნული სტრატეგია, ეფექტური სერვისი, გამართული ერთიანი ეროვნული რეესტრი, პერსონალიზებული მედიცინა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რათა ემბრიოლოგს მიეცეს საშუალება, საშვილოსნოში ყველაზე ხარისხიანი ემბრიონი გადაიტანოს", - აღნიშნა ნატო ხონელიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge