GITA-მ დამწყები IT სპეციალისტებისთვის პროგრამის ბოლო ნაკადი დაიწყო - სახელმწიფო დაფინანსებით 1000 აპლიკანტი ისწავლის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) "5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს. პროგრამის მონაწილეები 23 631 მსურველიდან შეარჩიეს.
სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიმდინარე ნაკადის ფარგლებში აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი კურსები ოთხი ძირითადი მიმართულებიდან აერჩიათ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა/მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტი (AI).
ჩარიცხული აპლიკანტების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
• პროგრამირება - 500 სტუდენტი; • დიზაინი - 200 სტუდენტი; • მართვა და მხარდაჭერა - 150 სტუდენტი; • ხელოვნური ინტელექტი (AI) - 150 სტუდენტი.
GITA-ს ცნობით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაზე დაფიქსირდა, სადაც 3 798 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
ჯამური რეგისტრაციების რაოდენობით მეორე ადგილზე - პროგრამირების, შედგომ კი მართვა/მხარდაჭერის მიმართულებაა.
პროგრამა ინიციატივა "Do IT in Georgia"-ს შემადგენელი ნაწილია, მის მიზანს საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება და მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია წარმოადგენს.
IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge. აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც ციფრულ ინდუსტრიაში კარიერის დაგეგმვას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
