
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ₾104-მილიონიანი გზის მშენებლობა ამ დრომდე დაუმთავრებელია
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე დღეს, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა მოადგილეებთან და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოების პროგრესი შეამოწმა და ერთ-ერთ მონაკვეთთან დაკავშირებით სამუშაოების ხარისხისა და ტემპის გაუმჯობესების მიზნით მათ მითითებები მისცა.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან აკავშირებს და ის აღმოსავლეთ-დასავლეთის რიკოთის მაგისტრალის ერთ-ერთი ალტერნატივაც არის, შესაბამისად მას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და აქედან გამომდინარე მაღალი სატრანსპორტო დატვირთვა აქვს, ის ასევე მიმდებარე სოფლებისთვის რაიონულ ცენტრებთან უმოკლესი დამაკავშირებელი მარშრუტია.
აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით, 2020 წლის შემდეგ შვიდი სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულება 104 მილიონი ლარია, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის ჯამური ათვისება 89.4 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის ყველაზე დიდია ჩამორჩენა პროექტზე - "გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ70+500-კმ82+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები". აღნიშნულ მონაკვეთზე ტენდერი 2021 წლის აგვისტოში გამოცხადდა და ამავე წლის ოქტომბერში გაფორმდა 14.8 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი შპს "გზებთან", თუმცა კომპანიამ 3.3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. 2023 წელს კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყდა, ხოლო კომპანიას 887 ათასი ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანახმად, ამ დრომდე არაა დასრულებული გზის კმ41+000-კმ52+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც კომპანია "რერუთთან" 10,594,999 ლარის ღირებულების კონტრაქტი 2022 წლის აგვისტოში გაფორმდა და მას სამუშაოები 2023 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა კომპანიას კონტრაქტი 44-ჯერ შეეცვალა და პროექტის დასრულების საბოლოო თარიღმაც არაერთხელ გადაიწია. საბოლოოდ კი გზის მშენებლობა 2026 წლის ივლისში უნდა დასრულდეს. პროექტზე ამ დრომდე 7,687,609 ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი, რაც 73%-იანი ათვისების მაჩვენებელია.
BM.GE
წყარო: bm.ge