
Grand Theft Auto VI ოფიციალურად გამოვიდა - თამაშმა Rockstar-ს წინასწარი გაყიდვებით $1.5 მლრდ მოუტანა
კომპანია Rockstar Games-ის ვიდეოთამაში Grand Theft Auto VI ოფიციალურად გამოვიდა და პირველად ახალ ზელანდიაში გახდა ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ თამაში PlayStation 5-ისა და Xbox Series X/S-ის კონსოლებზე თითოეულ სასაათო სარტყელში ადგილობრივი დროით შუაღამისას ეშვება, თუმცა შესაბამის ლოკაციაზე მორგებული ანგარიშის ქონის შემთხვევაში მოთამაშეებს მისი ჩართვა უკვე შეუძლიათ.
ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის მონაცემებით, ოფიციალურ გამოსვლამდე GTA 6-ის წინასწარმა გაყიდვებმა $1.5 მილიარდს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ გაიყიდა თითქმის 16 მილიონი ციფრული ასლი.
ამ შედეგით ვიდეოთამაში ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მოთხოვნად წინასწარ შეკვეთილ პროდუქტად იქცა და წინა რეკორდსმენის, Cyberpunk 2077-ის მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა.
როგორც ირკვევა, მყიდველთა დაახლოებით 87%-მა არჩევანი $100-იან Ultimate Edition-ზე შეაჩერა.
ინდუსტრიის ანალიტიკოსების შეფასებით, თამაშის შექმნასა და მარკეტინგზე დეველოპერმა $1 მილიარდზე მეტი დახარჯა. შესაბამისად, წინასწარი გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა პროექტის ბიუჯეტი გლობალური რელიზის დასრულებამდე სრულად გადაფარა.
ცნობისთვის, Rockstar Games-მა Grand Theft Auto VI-ზე მუშაობა ოფიციალურად 2022 წლის თებერვალში დაადასტურა და პირველი თრეილერი 2023 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, თუმცა რეალურად, მასზე მუშაობა 2017-2018 წლებში უკვე დაწყებული იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge