
"გვაქვს გეგმები, დაელოდეთ და კარგ ინფორმაციებს გაიგებთ" - შოთა ბერეკაშვილი სურსათის ფასებზე
"ფასების საპარლამენტო კომისიის" თავმჯდომარე, დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბერძნული კალათის მსგავსი მოდელის დახვეწა რა ასევე არის სხვა გეგმები. მან ამის შესახებ BMG-ს განუცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 13 ივნისს განაცხადა, მთავრობას სურს, შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით გრძელვადიანში დასტაბილურება მაინც და მოკლევადიანი მინიმალური შეღავათი იყოს. „ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს", - თქვა მდინარაძემ.
BMG დაინტერესდა რამდენად სრულდება შეთანხმება და რა გეგმებია ამ მიმართულებით. საპასუხოდ ბერეკაშვილი გეგმებს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი
"ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ ქსელებთან და საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტებზე, რომლებსაც გავუკეთეთ იდენტიფიცირება, ყოველკვირეულად ახლდება შეთავაზებები, საუკეთესო შეთავაზებები. გვაქვს კიდევ გეგმები და დაელოდეთ და კარგ ინფორმაციებს გაიგებთ.
საუბარი მაქვს მოკლევადიან გეგმებზე, მიმდინარეობს ბერძნული კალათის მსგავსი მოდელის კიდევ უფრო დახვეწა, გვაქვს კარგი მოკლე და საშუალოვადიანი გეგმები და გაიგებთ",- ამბობს ბერეკაშვილი.
21 მაისს ცნობილი გახდა, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო "საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს შექმნის. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს. პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიურად განახლდება.
ქსელური მარკეტები, რითეილერები, საწვავი, მედიკამენტები - „ფასების კომისიის“ დასკვნა და რეკომენდაციები
„სოციალური კალათის“ ვებპლატფორმის შესაქმნელად მთავრობამ 53 000 ლარი გამოყო
BM.GE
წყარო: bm.ge