
"გვექნება კომუნიკაცია მსოფლიო ბანკთანაც"|კითხვები უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე
ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრის, დეპუტატ ტატა ხვედელიანის შეფასებით, უმაღლესი განათლების ე.წ. რეფორმა არის ნაჩქარევი, გაუაზრებელი და ქაოსური.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერპელაციის ფორმატით საქართველოს პარლამენტში მისული განათლების მინისტრ გივი მიქანაძის გამოსვლა შეაფასა.
სწორედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა მიმართეს გივი მიქანაძეს 44 კითხვით. დეპუტატების კითხვები განათლების სფეროში არსებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს – უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმას შეეხებოდა.
ტატა ხვედელიანის შეფასებით, 44 კონკრეტულ კითხვაზე განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას კონკრეტული პასუხები არ ჰქონდა.
"სამწუხაროა, რომ ინტერპელაციამაც ვერ უშველა ბუნდოვან ვითარებას და კითხვებს ე.წ. რეფორმის ირგვლივ, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ისევ დარჩა. მინისტრმა თავი დაიძვრინა ძალიან ბევრი კონკრეტული შეკითხვისგან”, - აღნიშნა მან.
ტატა ხვედელიანის აზრით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ჩავარდნა უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელია, რაზედაც სამინისტრო მსოფლიო ბანკის ჩართულობითა და კვლევებით იკვეხნის, თუმცა პროცესი 2021 წლიდან უშედეგოდ ჭიანურდება.
რას ითვალისწინებს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი? - მინისტრის განმარტება
გივი მიქანაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ვადები, როდის ამოქმედდება ახალი წესი.
ცნობისთვის: მინისტრი გულისხმობდა პროექტს – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“, რომელიც 5 ძირითად კომპონენტს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა. დაფინანსების წესი ორი ძირითადი – საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული – დაფინანსების მოდელისაგან შედგება. ამ პროექტის ფარგლებში საქართველომ, დაფინანსების სახით, 90 მილიონი ევრო მიიღო. ეს არ არის ახალი ინიციატივა – შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობამ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან ჯერ კიდევ 2019 წელს გააფორმა.
განათლების მინისტრის განცხადებას, რომ სტუდენტებისთვის ფინანსური ნორმატივები საინტერესო არ არის, რადგან ისედაც სახელმწიფო აფინანსებს სწავლას, დეპუტატი არაკომპეტენტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელებს აქვთ უფლება იცოდნენ, რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული.
„[გივი მიქანაძემ] მთავარ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი - რა არის ის ფინანსური ნორმატივი, რომელიც ერთი სტუდენტისთვის არის განაწილებული; როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით განათლების სისტემის ყველაზე მწვავე გამოწვევა გახლავთ განათლების ხარისხი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენი სტუდენტები, ჩვენი ახალი თაობა რა ხარისხის განათლებას იღებს და ამაში სახელმწიფო რას იხდის. მოსახლეობას აქვს უფლება, რომ ეს იცოდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც „ოცნება“ წარმოადგენს კორუფციულ და კორუმპირებულ ძალას”, - ამბობს დეპუტატი.
ინტერვიუში პარლამენტარმა რეფორმის რეალურ, კულუარულ მოტივებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს მხოლოდ პირადი სარგებლის მიხედვით იღებს.
ტატა ხვედელიანის მტკიცებით, ვინაიდან აბიტურიენტთა მხრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი დაბალი აღმოჩნდა, ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს ამ პროექტის გადარჩენას სხვა უმაღლესი სასწავლებლების ხარჯზე. ამის მაგალითად მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოჰყავს, რომელსაც მისაღები კვოტები 93%-ით შეუმცირდა.
“ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები გახლავთ ერთი ადამიანი. მისი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო... საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს ქუთაისის უნივერსიტეტში ახალი პროგრამების დანერგვა. ფაქტობრივად, ირიბად ეს ადამიანები ადასტურებენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაძლიერდეს. ამას ემატება აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა - „ოცნებას“ საერთოდ არ აწყობს ჩვენს ქვეყანაში განათლებული ადამიანების სიმრავლე, იმიტომ, რომ განათლებული ადამიანები სვამენ შეკითხვებს”, - აღნიშნა მან.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც დეპუტატის შეფასებით, განათლების მინისტრმა გვერდი აუარა, სახელმწიფო უნივერსიტეტების ოპტიმიზაცია და მათი ქონების ბედია. ტატა ხვედელიანი აღნიშნავს, რომ ფორმულა „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ და პროგრამების ე.წ. მილევად რეჟიმში გადაყვანა რეალურად სასწავლო პროგრამების გაუქმებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების შემცირებას ნიშნავს.
"პროგრამების მილევად რეჟიმში გადაყვანა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შენობების გათავისუფლებას... ამაზე თავად აქვთ ნასაუბრები, რომ რუსთავში შერჩეული აქვთ ტერიტორია, სადაც მოხდება მშენებლობა და თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის მხოლოდ გარკვეული შენობების შენარჩუნება მოხდება, დანარჩენი კი რუსთავში გადავა…”, - დასძინა მან.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს და საფრთხეს უქმნის ქართული დიპლომების საერთაშორისო აღიარებას. ვინაიდან განათლების სამინისტრო დუმილს ამჯობინებს, ოპოზიცია გეგმავს უშუალოდ პროექტის დონორ ორგანიზაციას - მსოფლიო ბანკს - კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს.
„ის დათქმები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხრიდან არის წამოსული, სწორედ ამ დათქმების წინააღმდეგია ეს რეფორმა - ის ფაქტობრივად იზოლაციას უკეთებს ჩვენს განათლების სისტემას. ბევრი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, რამდენად მოდის ეს თანხვედრაში ბოლონიის პროცესთან და ხომ არ დადგებიან ჩვენი ახალგაზრდები გამოწვევის წინაშე, თუ სწავლას სხვა ქვეყანაში განაგრძობენ. ჩვენ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მსოფლიო ბანკთანაც, რათა ამ ქაოსურ პროცესს ნათელი მოეფინოს“, - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
„[საგანმანათლებლო პროგრამების] ამოცანები და სამიზნე მაჩვენებლები აქტუალური რჩება“ – მსოფლიო ბანკი ნახევარი მილიარდი დოლარის სესხზე
BM.GE
წყარო: bm.ge