
გვიჩენს ეჭვს, რომ იქმნება ფულის გათეთრების კიდევ ერთი გზა - ვიკა ფილფანი აზარტული თამაშების კანონში ცვლილებებზე
პარლამენტარი, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანი აზარტული თამაშების კანონში ინიცირებულ ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათების დაჩქარებული განხილვა ფულის გათეთრების მექანიზმის შესაძლო შექმნის შესახებ აჩენს კითხვებს. მან საკანონმდებლო ინიციატივაზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, კაზინო შესაბამისი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ასეთ ტურნირებში მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ცვლილება შედის ექვს სხვადასხვა კანონში, მათ შორის საგადასახადო კოდექსში. პარლამენტში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა 27 ოქტომბერს დაიწყო. ინიციატორები უმრავლესობის დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, საერთაშორისო პოკერისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებამ შესაძლოა ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების დამატებითი ნაკადი მოიზიდოს და ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი. კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებას მხოლოდ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი შეძლებს. ტურნირში მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცალკე ნებართვა იქნება საჭირო, რომლის წლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარს შეადგენს.
"კანონპროექტში არ არის გაწერილი, საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის კონკრეტულად რამდენი მონაწილეა საჭირო. მაგალითად, ეს არის 100 მონაწილე, სადაც 70% უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და 30% ქართველი, თუ ამისთვის საკმარისია 4 მონაწილეც. ეს გვიჩენს იმის ეჭვს და იმის ფიქრის საფუძვლიან საბაბს, რომ ეს კონკრეტული ცვლილება, განსაკუთრებით დაჩქარებული წესით - გუშინ იყო პირველი მოსმენა, დღეს არის მეორე და მესამე მოსმენები - გაკეთებულია მხოლოდ იმისთვის, რომ შეიქმნას ფულის გათეთრების კიდევ ერთი გზა. ვინაიდან არ არის კანონში გაწერილი, რამდენი ადამიანი უნდა იღებდეს მონაწილეობას ამ კონკრეტულ ტურნირში, რომ ჩატარდეს, უმარტივესად შეიძლება, რომ 4 ადამიანით, 5 და 10 ადამიანითაც ჩაითვალოს ჩატარებულად, რაც ფაქტობრივად ამის საშუალებას იძლევა ყოველ მეორე დღეს.
მათი არგუმენტით, დაჩქარებული წესით ეს რეგულაცია შემოდის იმიტომ, რომ ეკონომიკა განვითარდეს, დაიტვირთოს სასტუმროები, დაიტვირთოს ტურისტული სექტორი. მაგრამ ამავდროულად, ტურისტული სექტორისთვის რეალურად რაც მნიშვნელოვანია და რასაც ჩვენ ვთხოვთ ხოლმე, რომ უნდა გააკეთოთ და მოაწესრიგოთ, ეს მათთვის არ არის მნიშვნელოვანი. როცა ტურიზმზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს პირველ რიგში ქვეყანაში და აზარტულ საერთაშორისო თამაშზე კი არ დავაფუძნოთ ტურისტული სექტორი და ამხელა მოლოდინი.
ამ ყველაფერს კიდევ რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ერთ-ერთი პრეტენზია, რაც იყო ამ კანონთან დაკავშირებით, საქართველოში სერიოზული პრობლემაა თამაშდამოკიდებულების",- ამბობს ვიკა ფილფანი.
BM.GE
წყარო: bm.ge