
რა არის Alipay+ რომლის სისტემაზე წვდომა ქართულ ბანკებს "ნეო ქართული ბანკის" დახმარებით შეეძლებათ
Ant International-ის გლობალური საგადახდო პლატფორმა Alipay+ საქართველოში შემოდის. 27 ოქტომბერს, თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში, „ნეო ქართულმა ბანკმა“ და Ant International-მა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ქართული ბანკი ქვეყანაში Alipay+-ის ექსკლუზიური პარტნიორი იქნება. სისტემის სრული საოპერაციო ამოქმედება, მარეგულირებელი ნებართვებისა და საპილოტე ტესტირების დასრულების შემდეგ, 2027 წლის მეორე კვარტალის ბოლოს იგეგმება.
Alipay+ საერთაშორისო საგადახდო ქსელია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მობილურ საფულეებსა და საგადახდო აპლიკაციებს სავაჭრო ობიექტებთან აკავშირებს. მისი საშუალებით მომხმარებლებს საზღვარგარეთ გადახდა უკვე არსებული აპლიკაციებით, მათ შორის QR-კოდის დასკანერებით, შეუძლიათ. პლატფორმა აერთიანებს 50-ზე მეტ საგადახდო პარტნიორს, 2 მილიარდზე მეტ მომხმარებლის ანგარიშსა და 150 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტს მსოფლიოში. ქსელის პარტნიორებს შორისაა ჩინეთის Alipay, სამხრეთ კორეის Kakao Pay და Naver Pay, ფილიპინების GCash და მალაიზიის Touch 'n Go eWallet.
„ნეო ქართული ბანკის“ განცხადებით, ბანკი საქართველოში Alipay+-ის ტექნოლოგიური და ანგარიშსწორების ცენტრალიზებული ჰაბის ფუნქციას შეასრულებს, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები ქსელში ჩართვას შეძლებენ. პროექტი ითვალისწინებს ქართულ ბაზარზე QR-გადახდების დანერგვას, ადგილობრივი ბანკების ერთიან სისტემასთან ინტეგრაციასა და ქართული ბარათებისა და აპლიკაციების Alipay+-ის გლობალურ ქსელთან თავსებადობას.
„ეს პარტნიორობა ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - ჩვენ საქართველოს მთელ საფინანსო სისტემასა და ეროვნულ ეკონომიკას მსოფლიოში უმსხვილეს საგადახდო ქსელთან ვაკავშირებთ. ეს ჩვენი ბანკის პირველი ფლაგმანური ტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც ქართულ ბიზნესს აზიისა და გლობალური ბაზრების მომხმარებლებთან პირდაპირ და გაცილებით ეკონომიურ წვდომას აძლევს“, - აცხადებს „ნეო ქართული ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კოდუა.
Alipay+-ის პოტენციალი საქართველოში
პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი პოტენციური მიმართულება ტურიზმია. საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს, რომელთა ქვეყნებშიც Alipay+-ის პარტნიორი საგადახდო აპლიკაციები გამოიყენება, შესაძლებლობა ექნებათ, ადგილობრივ სავაჭრო, კვებისა და განთავსების ობიექტებში საკუთარი მობილური საფულეებით გადაიხადონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ტურისტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ადგილობრივი გადახდის მეთოდების გამოყენების სირთულეებს ან ბარათით ანგარიშსწორებისას დამატებით ხარჯებს აწყდებიან.
პლატფორმის მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს აზიის ბაზრებთან საგადახდო კავშირების გაძლიერებაც. ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გავრცელებული ციფრული საფულეების ქსელთან ინტეგრაცია ქართულ სასტუმროებს, რესტორნებს, საცალო ვაჭრობის ობიექტებსა და მცირე ბიზნესებს დამატებითი მომხმარებლების მომსახურების შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, QR-გადახდების გავრცელებამ შესაძლოა მცირე სავაჭრო ობიექტებისთვის საერთაშორისო გადახდების მიღება გაამარტივოს.
Alipay+-ის შესაძლებლობები მხოლოდ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების მომსახურებით არ შემოიფარგლება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული ბარათებისა და აპლიკაციების გლობალურ ქსელთან თავსებადობაც, რაც მომავალში ქართველ მოგზაურებს საზღვარგარეთ გადახდების გამარტივების შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, ამ მიმართულების პრაქტიკული მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ქართული საგადახდო პროდუქტები ჩაერთვება სისტემაში და რომელ ქვეყნებსა და სავაჭრო ობიექტებში იქნება შესაძლებელი მათი გამოყენება.
Ant International-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტისა და მდგრადობის მთავარი ოფიცრის, ლეიმინგ ჩენის განცხადებით, პარტნიორობის მიზანია, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები საერთაშორისო საგადახდო ქსელთან დააკავშიროს და ამ შესაძლებლობით სხვადასხვა ზომის ბიზნესი უზრუნველყოს.
„ჩვენ მარტივი რწმენით დავიწყეთ: ადამიანებს უნდა შეეძლოთ გადახდა იმ აპლიკაციებით, რომლებსაც უკვე ენდობიან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ხოლო ნებისმიერი ზომის ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიაღწიოს მომხმარებლებს საკუთარი საზღვრების მიღმა“, - აცხადებს ლეიმინგ ჩენი.
BM.GE
წყარო: bm.ge