
"გვინდა, გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტები" - პრემიერი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულებებია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება და ოპტიმიზაცია. როგორც მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობის სურვილია გააძლიეროს რეგიონული უნივერსიტეტები.
„ასევე, ოპტიმიზაცია არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს ოპტიმიზაციის კუთხით მდგომარეობას.
ხორციელდება პროგრამების ოპტიმიზაცია და არსებითად გადავდივართ 3+1 სისტემაზე. სახელმწიფო უნივერსიტეტები არსებითად მიიღებენ მხოლოდ ქართველ სტუდენტებს. 5%-იანი ზღვარი იქნება დადგენილი უცხოელი სტუდენტებისთვის, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
საკადრო პოლიტიკას რაც შეეხება, შემოვიღეთ წამყვანი პროფესორის თანამდებობა შესაბამისად გაზრდილი ანაზღაურებით და ესეც არის ამ რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება. გავაძლიერებთ კვლევით კომპონენტს. პირველად ჩვენს ქვეყანაში, არსებითად ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი და გამოიკვეთა ძალიან დიდი შეუსაბამობები შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოშვებას შორის, მიღებასა და გამოშვებას შორის. საბოლოო ჯამში, ჩვენ პირველად, მთელი ამ წლების მანძილზე, უზრუნველვყავით ის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მოვიდა შესაბამისობაში მიღება და ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე გადაიხედა დაფინანსების სისტემა.
„მანამდე იყო ძალიან ხისტის სისტემა - თითო სტუდენტზე 2 250 ლარი და ახლა უკვე გვაქვს ახალი დაფინანსების სისტემა, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის შესაბამის საჭიროებებს.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაწყებულია მუშაობა, მათ შორის მიწების უზრუნველყოფის პროცესი და სათანადო ვადებში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
საბოლოო ჯამში, ჩვენ თბილისსა და ასევე ქუთაისში გვექნება თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურა. საქართველოში ქართველ სტუდენტებს შეეძლებათ იმავე გარემოში განათლების მიღება, როგორი განათლებაც არის უზრუნველყოფილი მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. ასევე, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და უმაღლესი განათლებაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში გახდა უფასო ყველა სტუდენტისთვის,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობა საუნივერსიტეტო ქალაქს თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან ააშენებს - მიმდინარეობს მიწების გამოსყიდვა
BM.GE
წყარო: bm.ge