
"გვინდა, მომხმარებელი ლოკაციაზე კი არა, ბრენდზე იყოს მიბმული" - DRIWO-ს გეგმები
ავტომობილის გარეცხვა რამდენიმე წუთში, მანქანიდან გადმოუსვლელად და რიგში დგომის გარეშე - სწორედ ამ გამოცდილების მასშტაბურ ქსელად ქცევას გეგმავს ავტომატური ავტოსამრეცხაო DRIWO, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მასურაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ავტომატური, უკონტაქტო ავტოსამრეცხაო DRIWO, ინდუსტრიისთვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზებას ცდილობს. კომპანიის მიზანი ავტომობილის მოვლის პროცესის გამარტივება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი სტანდარტის შექმნაა. მასურაშვილის ინფორმაციით, DRIWO დღეს თბილისში, ვარკეთილში ოპერირებს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
"თავიდანვე ჩვენი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ერთი ობიექტის გახსნა. გვინდოდა შეგვექმნა სერვისი, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურობას გაუმარტივებდა და ავტომობილის მოვლას ნაკლებად დამღლელ პროცესად აქცევდა. ახლა უკვე გვინდა, მომხმარებელი კონკრეტულ ლოკაციაზე კი არა, ბრენდზე იყოს მიბმული და საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღოს ერთი და იგივე მაღალი ხარისხის, სწრაფი და ტექნოლოგიური მომსახურება", - აცხადებს ზურაბ მასურაშვილი.
DRIWO-ს შექმნის იდეა სწორედ ყოველდღიური პრობლემის გადაჭრის სურვილიდან გაჩნდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, აქამდე მომხმარებელს არჩევანის გაკეთება ორ არასრულყოფილ ალტერნატივას შორის უწევდა - ან თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოში საკუთარი დროისა და ენერგიის დახარჯვა, ან ტრადიციულ ავტოსამრეცხაოში მანქანის დატოვება და საათობით ლოდინი.
"ვფიქრობდით, რატომ არ შეიძლებოდა ავტომობილის რეცხვა ისეთივე მარტივი ყოფილიყო, როგორიც საწვავის ჩასხმა. ადამიანი მოდის, იღებს სტანდარტულ, ხარისხიან მომსახურებას და რამდენიმე წუთში აგრძელებს გზას. სწორედ ამ კითხვამ დაბადა DRIWO", - ამბობს ის.
მისი ინფორმაციით, დღეს DRIWO, რომელშიც 450 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, მომხმარებლებს სრულად ავტომატიზებულ და უკონტაქტო მომსახურებას სთავაზობს. სისტემა იყენებს ავტომობილის სანომრე ნიშნების ამოცნობის ტექნოლოგიას, ავტომატურ გადახდებსა და მონაცემთა ანალიტიკის სისტემებს, რაც მომსახურების პროცესს სრულად აციფრულებს.
„ტექნოლოგია ჩვენთვის მხოლოდ აღჭურვილობა არ არის. ეს არის მომხმარებლის გამოცდილების საფუძველი. გვინდოდა შეგვექმნა გარემო, სადაც ყველაფერი სწრაფად, მარტივად და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე იმუშავებდა. DRIWO-ში არ გამოიყენება ჯაგრისები, რაც ავტომობილის ზედაპირის დაზიანების რისკს გამორიცხავს. რეცხვის პროცესი მაღალი წნევის სისტემების, სპეციალური ქაფის, ოსმოსური წყლისა და ავტომატური შრობის ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. მომსახურების სრული ციკლი კი საშუალოდ 6-11 წუთს გრძელდება.
მომხმარებლებს შეუძლიათ ავტომობილის დაბინძურების ხარისხის მიხედვით სამი განსხვავებული პაკეტიდან შეარჩიონ სასურველი მომსახურება. მათთვის ასევე ხელმისაწვდომია უფასო თვითმომსახურების ზონა მტვერსასრუტებითა და ხალიჩების საწმენდი მოწყობილობებით”, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ცოტა ხნის წინ ბაზარზე "DRIWO ულიმიტოც" წარადგინა, რომელიც საქართველოს ავტოსამრეცხაოების ინდუსტრიაში პირველი ულიმიტო სააბონენტო მოდელია.
„დღეს ადამიანები ბევრ სერვისს სააბონენტო მოდელით იყენებენ. გვინდოდა ეს მიდგომა ავტოსამრეცხაოების სფეროშიც გადმოგვეტანა. მომხმარებელი იხდის ფიქსირებულ ყოველთვიურ გადასახადს და ავტომობილის ულიმიტოდ გარეცხვის შესაძლებლობას იღებს“, - აღნიშნავს მასურაშვილი.
ამასთან, კომპანიას სრულად ციფრული ლოიალობის პროგრამაც აქვს. სისტემა ავტომატურად ითვლის ვიზიტებს და მომხმარებლებს სერვისით სარგებლობის სიხშირის მიხედვით სხვადასხვა შეღავათს სთავაზობს.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, DRIWO-ს მომსახურებით დღეს უკვე 9 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი სარგებლობს. მათ შორის არიან როგორც კერძო ავტომობილების მფლობელები, ისე მცირე და საშუალო ბიზნესები, ტაქსის მძღოლები, კორპორაციული ავტოპარკები და კომპანიები, რომელთათვისაც ავტომობილების სისუფთავის სწრაფად და ეფექტიანად შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
მისივე შეფასებით, საქართველოში სწრაფ და ტექნოლოგიურ მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა ავტოსამრეცხაოების ბაზრის დაახლოებით 80% კვლავ თვითმომსახურების ფორმატზე მოდის.
„ბაზარი ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის ეტაპზეა. სწორედ ამიტომ ვხედავთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით სექტორის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. გვინდა, DRIWO ავტომობილის მოვლის სფეროში ხარისხის, სისწრაფისა და კომფორტის სინონიმად იქცეს“, – აცხადებს ზურაბ მასურაშვილი.
მისივე თქმით, კომპანია ამ ეტაპზე 13 ადამიანს ასაქმებს, თუმცა უკვე აქტიურად განიხილავს როგორც ახალი ფილიალების გახსნის, ისე ფრენჩაიზის განვითარების შესაძლებლობებს და შესაბამისად, საკადრო ფონდის ზრდას.
"ჩვენი ამბიცია დიდია. გვინდა შევქმნათ ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიან სტანდარტს დაამკვიდრებს და მომხმარებელს ზუსტად იმ გამოცდილებას შესთავაზებს, რომელსაც DRIWO-სგან ელოდება", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge