
"გვკითხეს..." vs "არაფერი გვიკითხავს" - მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისმა ვაშინგტონს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სამოქმედო გეგმის გაზიარება სთხოვა, ან იკითხა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ამის შესახებ პრემიერმა მარკო რუბიოს გუშინდელი განცხადების პასუხად განაცხადა.
საქმე ის არის, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას გუშინ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელ კოლეგებს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლება შესთავაზა, თუმცა რაიმე სახის დაპირებაზე ან "საშემოდგომოს გამოყოლაზე" საუბარი ზედმეტია. ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ მარკო რუბიო იტყუება, კობახიძემ უპასუხა, რომ „ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება საკუთარი ინტერპრეტაციით რაღაცა თქვას“.
„ჩვენ გვქონდა საინტერესო საუბრები. ამ საუბრის დეტალებზე საჯაროდ გაგვიჭირდება ლაპარაკი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგახსენოთ ზოგად მიდგომაზე. მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში. რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა.
ძალიან კარგად გახსოვთ, რას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია, როგორ უჭერდა მხარს რადიკალიზმს, სიძულვილს, სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ახალისებდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს, მათ შორის, როგორ უბიძგებდა რადიკალურ ოპოზიციას არ ესარგებლათ მანდატებით. ეს მოხდა, როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკული მხარისთვის.
არაფრის დაპირებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ჩვენ პრინციპის დონეზე ვსაუბრობთ, რომ მიდგომები უნდა იყოს მკაფიო და სამართლიანი. დაპირებებზე საუბარიც არასწორია. ყველას მინდა შევახსენო, რომ რაც გაფუჭდა, გაფუჭდა ამერიკის წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100%-ით გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ გვაქვს გზავნილი, რომელიც საჯაროდაც განვაცხადეთ. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან. საქართველო, სწორედ, ღირსებას იცავდა, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ითხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ, უმძიმესი რისკები აგვეცილებინა თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. უმძიმეს რამეს ითხოვდა წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით,“- აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძემ კიდევ ერთხელ ჩაკითხვისას აღნიშნა, რომ მათ არ უკითხავთ აშშ-სთვის, თუ არა რა იყო საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯებესებისთვის საჭირო.
"არა არ გვიკითხავს. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც მე და არც ერთ ჩემს კოლეგას მსგავსი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება ადამიანი რომ საუბრობს რაღაცა ან ასე თქვას, ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რაც არის ფაქტი. ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით მარტივი რამ, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი რაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთანაა დაკავშირებული", - ირაკლი კობახიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge