
ჰაბი სკოლების შექმნა - რას მოიცავს სასკოლო კვების მოდელი, რომელზედაც განათლების სამინისტრო მუშაობს
"სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად მოსწავლეებში დამკვიდრდეს ჯანსაღი კვების კულტურა", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში განაცხადა.
ინტერპრელაციის წესით გამოსვლისას მან სასკოლო კვებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა.
"პირველ რიგში, შესწავლილი იქნა სკოლებში არსებული ბუფეტებისა და კვების ობიექტების მდგომარეობა და სკოლების რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვების ობიექტების მოწესრიგებაზე.
სურსათის უვნებლობასა და კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას დაქვემდებარებული რომ არ არის, ეს ცალსახაა, ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. შედეგად, შემუშავებული იქნა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი დეტალურად არეგულირებს პერსონალის ჰიგიენის, მონიტორინგისა და კონტროლის საკითხებს, ასევე განსაზღვრავს დასაშვები და აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვას. სკოლის კვების ბლოკში აიკრძალა ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა საღეჭი რეზინი, კანფეტი, შოკოლადი, არომატიზირებული წასახემსებლები, როგორიც არის ჩიფსები, ჟელიბონები და სხვა, მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული, მაიონეზი და მაიონეზით დამუშავებული პროდუქტები, დაკონსერვებული პროდუქტები, თერმულად დამუშავებული კვერცხი, სოკო ნებისმიერი ფორმით, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ყავა.
სამინისტროსთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, სწორედ ამიტომ, სკოლები ვალდებული არიან შექმნან მონიტორინგის ჯგუფები, რომელშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები (სასურველია ბიოლოგიის პედაგოგებიც), ასევე სკოლის ექიმი ან ექთანი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯგუფი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.