
ჰაბი სკოლების შექმნა - რას მოიცავს სასკოლო კვების მოდელი, რომელზედაც განათლების სამინისტრო მუშაობს
"სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად მოსწავლეებში დამკვიდრდეს ჯანსაღი კვების კულტურა", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში განაცხადა.
ინტერპრელაციის წესით გამოსვლისას მან სასკოლო კვებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა.
"პირველ რიგში, შესწავლილი იქნა სკოლებში არსებული ბუფეტებისა და კვების ობიექტების მდგომარეობა და სკოლების რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვების ობიექტების მოწესრიგებაზე.
სურსათის უვნებლობასა და კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას დაქვემდებარებული რომ არ არის, ეს ცალსახაა, ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. შედეგად, შემუშავებული იქნა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი დეტალურად არეგულირებს პერსონალის ჰიგიენის, მონიტორინგისა და კონტროლის საკითხებს, ასევე განსაზღვრავს დასაშვები და აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვას. სკოლის კვების ბლოკში აიკრძალა ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა საღეჭი რეზინი, კანფეტი, შოკოლადი, არომატიზირებული წასახემსებლები, როგორიც არის ჩიფსები, ჟელიბონები და სხვა, მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული, მაიონეზი და მაიონეზით დამუშავებული პროდუქტები, დაკონსერვებული პროდუქტები, თერმულად დამუშავებული კვერცხი, სოკო ნებისმიერი ფორმით, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ყავა.
სამინისტროსთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, სწორედ ამიტომ, სკოლები ვალდებული არიან შექმნან მონიტორინგის ჯგუფები, რომელშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები (სასურველია ბიოლოგიის პედაგოგებიც), ასევე სკოლის ექიმი ან ექთანი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯგუფი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სამინისტრო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით აგრძელებს მუშაობას კვებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად. სასკოლო კვების პროგრამის განსავითარებლად საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის დეტალური მოკვლევა საერთაშორისო აპრობირებული სასკოლო კვების ოთხი მოდელისთვის რელევანტურ საჭიროებებთან მიმართებით განხორციელდა. აღნიშნული ოთხი მოდელი მოიცავს ჰაბი სკოლების შექმნას, რომლებიც მოამარაგებენ სხვა სკოლებს, სკოლებში სამზარეულოების გამართვას და ადგილზე მომზადებას, ჰაბი სკოლებიდან საკვების მიმღებ სკოლებში და ეგრეთ წოდებული ლანჩბოქსებით მომარაგებას. თუმცა სასკოლო კვების სისტემის შემოღება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საჭიროა სრული ლოგისტიკური ქსელის აწყობა, მოწესრიგებული უნდა იყოს კვების ინფრასტრუქტურა, საკვების შენახვისთვის აუცილებელი პირობები, მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა. შესაბამისად, სასკოლო საათებში კვების საკითხის მოგვარებას ჩვენ ვუდგებით სისტემურად და ორიენტირებული ვართ მდგრადი მექანიზმის შექმნაზე", - განაცხადა მინისტრმა.
BM.GE
წყარო: bm.ge