
ჰაერის ხარისხი: ევროპის რომელ ქვეყნებშია PM2.5-ის ყველაზე ცუდი მაჩვენებლები?
ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს (EEA) ჰაერის ხარისხის სტატუსის უახლესი ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი PM2.5 კონცენტრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იტალიას აქვს.
PM2.5 სახიფათო, წვრილი მტვერია, რომელიც ღრმად აღწევს ფილტვებსა და სისხლში. მისი გამომწვევი შეიძლება საგზაო მოძრაობა, ასევე გადამმუშავებელი ქარხნები, ცემენტის ქარხნები, წიაღისეული საწვავი და ტყის ხანძრები იყოს.
EEA-ს მონაცემებით, 2024-2025 წლებში ყველაზე მაღალი საშუალო წლიური მაჩვენებლები სამხრეთ იტალიაში დაფიქსირდა.
ქალაქებში ჩელიე-მესაპიკასა და ტორკიაროლოში ყველაზე ცუდი შედეგებია - შესაბამისად, 117 და 113 μg/m3 (მიკროგრამი კუბურ მეტრზე). შედარებისთვის, ევროკავშირის მიერ დადგენილი წლიური ზღვარი 25 μg/m3-ია.
"როგორც წარსულში ვნახეთ, ეს მკვეთრი მატება ძირითადად ზამთარში ბიომასის წვითაა გამოწვეული - ძირითადად ბუხრებიდან. დაბინძურება კიდევ უფრო მწვავდება იმის გამო, რომ წელიწადის ამ დროს ატმოსფეროს მავნე ნაწილაკების გაფანტვის უნარი მცირდება", - განაცხადა ჯანლუიჯი დე ჯენარომ, ბარის უნივერსიტეტის ქიმიისა და გარემოზე ზემოქმედების პროფესორმა.
2024-2025 წლების პერიოდში, იტალიის გარდა ზღვარს გადააჭარბეს რეგიონებმა ევროკავშირისა და მის გარეთ მყოფ 8 ქვეყანაში, კერძოდ: პოლონეთში, ხორვატიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთში, თურქეთსა და დანიაშიც კი.
ევროპაში ამ "წითელი წერტილების" (ყველაზე დაბინძურებული ადგილების) ზოგიერთი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სარაევოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ინდუსტრიულ ზონებში აღმოჩნდა.
ფაქტობრივად, ბალკანეთი და აღმოსავლეთ ევროპა ის რეგიონებია (მათ შორის ალბანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და რუმინეთი), სადაც PM2.5-ის ხანგრძლივ ზემოქმედებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია.
კვლავ, იტალიას აქვს ბევრად უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი - ყოველ 100 000 მოსახლეზე 10 - ვიდრე მსგავსი ზომის ქვეყნებს, მაგალითად, ესპანეთს (41), საფრანგეთსა (34) და გერმანიას (37). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი ჩრდილოეთ ევროპაში დაფიქსირდა: ისლანდიაში, ფინეთში, შვედეთში, ესტონეთსა და ნორვეგიაში.
თუმცა ზოგადად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უფრო მკაცრი სტანდარტების მიხედვით (რომელიც PM2.5-ის ზღვარს მხოლოდ 5 μg/m3-ზე აწესებს), ყოველი 10 ევროპელიდან 9-ზე მეტი დაბინძურებული ჰაერის სახიფათო კონცენტრაციის ზემოქმედებას განიცდის.
10 ქვეყანა, სადაც PM2.5-ის ხანგრძლივ ზემოქმედებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია:
• ჩრდილოეთ მაკედონია - 222.2 • ბოსნია და ჰერცეგოვინა - 199 • ალბანეთი - 196.1 • სერბეთი - 188.3 • კოსოვო - 172.4 • ბულგარეთი - 143.8 • მონტენეგრო - 141.8 • საბერძნეთი - 137.7 • რუმინეთი - 108.4 • ხორვატია - 107.3
10 ქვეყანა, სადაც PM2.5-ის ხანგრძლივ ზემოქმედებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე დაბალია:
• ისლანდია - 0 • ფინეთი - 0.9 • შვედეთი - 3 • ესტონეთი - 5 • ნორვეგია - 6.6 • ირლანდია - 9.7 • ანდორა - 11.8 • ლუქსემბურგი - 15.4 • დანია - 18.3 • ლიხტენშტაინი - 21.5
BM.GE
წყარო: bm.ge