
ვინ არის ზაზა ბიძინაშვილი, რომელსაც დავით ფერაძესთან ერთად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა?
პირი, რომელსაც „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ დირექტორთან, დავით ფერაძესთან ერთად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ზაზა ბიძინაშვილია.
კიდევ 6 ბრალდებულს, რომლებიც დაკავებულები არიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ასევე პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მათ კორუფციული სქემით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებას ედავება. გამოძიება ბრალდებულებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებასა და ფულის გათეთრებას (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას) ედავება.
8 ბრალდებულიდან 7-ის ვინაობა მედიისთვის ამ დრომდეც ცნობილი იყო. თუმცა, არაერთი მიმართვის მიუხედავად, სამართალდამცავი უწყებები არ ასაჯაროებდნენ ზაზა ბიძინაშვილის ვინაობას, რომელსაც აღკვეთის მსგავსად, ბრალიც დაუსწრებლად წარედგინა.
სუსის გამოძიების მიხედვით, შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია-ხურო ჩართული იყო ჯართის სქემაში და ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით მის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაბარებაში. სამეწარმეო რეესტრის თანახმად ის 2019 წლის აპრილში დაფუძნდა და მისი 100%-ის წილი ეკუთვნის ზაზა ბიძინაშვილს, ის ასევე კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს. თუმცა, სქემის მოქმედების პერიოდში მისი მესაკუთრე და დირექტორი იყო დავით ჯამალაშვილი.
საქმეზე ბრალდებულების სრული ჩამონათვალი ასეთია:
• დავით ფერაძე – „რკინიგზის“ ყოფილი დირექტორი; • გიორგი მარუქაშვილი – „რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ყოფილი დირექტორი; • ზაზა ბიძინაშვილი – შპს სამშენებლო-სარემონტო კომპანია „ხურო“; • მალხაზ ომარაშვილი – შპს „კახეთის” დამფუძნებელი და დირექტორი; • გიორგი კურტანიძე – შპს „ნოვა ტრანსის” დამფუძნებელი და დირექტორი; • ალექსანდრე ტორიაშვილი – შპს „ჯადექსას” დამფუძნებელი და დირექტორი; • ანზორ ჯამალაშვილი – შპს „გრანდ კახეთი“; • რევაზ რევაზიშვილი – შპს „რაველდის” დირექტორი.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე სასამართლოს სთხოვდა, რომ მათ მიმართ საერთოდ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიება, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გადახდას სთავაზობდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
BM.GE
წყარო: bm.ge