
Heineken-მა ისტორიაში პირველად CEO-ს პოსტზე გარე პირი შეარჩია - ვინ არის რაფაელ ოლივეირა
Heineken-ის დირექტორთა საბჭომ ისტორიაში პირველად გენერალური დირექტორის პოსტზე კომპანიის გარედან შერჩეული კანდიდატი წარადგინა. ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ლუდის მოხმარების კლებას ებრძვის, არჩევანი ყავისა და ჩაის მწარმოებელი კომპანია JDE Peet-ის ყოფილ ხელმძღვანელ რაფაელ ოლივეირაზე შეაჩერა.
ნიდერლანდური ჯგუფი აქციონერთა მხრიდან ზეწოლის ქვეშაა, გარე კანდიდატის დანიშვნას სწორედ ისინი ითხოვდნენ, რათა მას კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები - მათ შორის ინფლაცია და ლუდის მოხმარების შემცირება - ახალი ხედვით შეეფასებინა.
Heineken-ს დე კარვალიო-ჰაინეკენის ოჯახი აკონტროლებს, რომელიც აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობს და ჰოლდინგური კომპანიის საბჭოში რვიდან ხუთ ადგილს იკავებს. 87-წლიანი საჯარო ისტორიის განმავლობაში, Heineken-ს პოსტზე სრულიად გარედან მოსული კადრი არასოდეს დაუნიშნავს და მხოლოდ ერთხელ ჰყავდა არაჰოლანდიელი გენერალური დირექტორი.
წარმოშობით ბრაზილიელ-ბრიტანელი ოლივეირა JDE Peet-ს გენერალური დირექტორის პოსტზე 2024 წელს შეუერთდა და ახალი გიგანტისთვის უნდა ეხელმძღვანელა, სახელწოდებით Global Coffee Co, რომელიც Keurig Dr Pepper-ის მიერ კომპანიის 16 მილიარდ ევროდ შესყიდვის შედეგად იქმნება. მანამდე ოლივეირა Kraft Heinz-ის საერთაშორისო ბაზრების ხელმძღვანელი იყო, უფრო ადრე კი 10 წელი Goldman Sachs-ში მუშაობდა.
ოლივეირა ოჯახის მიერ კონტროლირებად Heineken-ს შეზღუდული ვადით - ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შევა ძალაში.
საბჭომ ხსენებული კანდიდატურა ერთხმად შეარჩია "სტრატეგიული ხედვის, საოპერაციო გამოცდილებისა და ფინანსური ალღოს უნიკალური ნაზავის გამო".
"მას შემოაქვს ახალი პერსპექტივა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, Heineken-ს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს", - ამბობენ კომპანიაში.
ნიდერლანდური ლუდის მწარმოებელი კომპანიისთვის ახალი ხელმძღვანელის ძებნა რთული აღმოჩნდა, რადგან ჯგუფს გარე კანდიდატსა და შიდა კადრს შორის, არჩევანის გაკეთება უჭირდა.
ყოფილმა ხელმძღვანელმა, დოლფ ვან დენ ბრინკმა კომპანია მაისში, მოსალოდნელზე ადრე დატოვა და მის შემცვლელად ორი შიდა კანდიდატი განიხილებოდა. თუმცა, საკითხში ჩახედული პირის თქმით, დირექტორთა საბჭომ ჩათვალა, რომ ისინი ამ როლისთვის მზად არ იყვნენ, რამაც კომპანიას გარე კანდიდატების ძიებისკენ უბიძგა.
Heineken-ში განაცხადეს, რომ ოლივეირა კომპანიის არსებული სტრატეგიის განხორციელებას გააგრძელებს.
Heineken-ს გლობალური შტატების 7%-ით შემცირება სურს და ხარჯების ოპტიმიზაციას ევროპული ლუდსახარშების კონსოლიდაციისა და მცირე ბაზრებზე ადმინისტრაციული ოპერაციების გაერთიანების გზით ცდილობს.
Heineken-ის აქციები, რომლებიც ამჟამად დაახლოებით 73 ევროდ ივაჭრება (რაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას 40 მილიარდ ევრომდე განსაზღვრავს), ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 30%-ით შემცირდა, რითაც ჩამორჩა ისეთ კონკურენტებს, როგორებიც Anheuser-Busch InBev და Carlsberg არიან.
BM.GE
წყარო: bm.ge