
"ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას" - მსოფლიო ლიდერები ირან-აშშ-ის შეთანხმებას ეხმაურებიან
აშშ-ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ევროკავშირი მიესალმება. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას თებერვლის ბოლოდან ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე, რომელიც ყოველწლიურად ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით მეხუთედს ატარებს.
"ეს შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნის საშუალებას უნდა იძლეოდეს, რაც აუცილებელია რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური ეკონომიკისთვის. შეთანხმება გზას უხსნის უფრო ფართო მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ.ასევე ბოლო უნდა მოუღოს ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებს, ისევე როგორც მის დესტაბილიზაციის მცდელობას რეგიონში", - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
სამშვიდობო შეთანხმებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც და განაცხადა, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო მისია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებას უზრუნველსაყოფად შეიქმნა, მზად არის ადგილზე იმუშაოს.
„საზღვაო მიმოსვლის აღდგენა ყოველგვარი შეზღუდვებისა თუ ბაჟის გარეშე რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესია“, - დაწერა მაკრონმა X-ზე.
სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც.
"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ და მივესალმები“, - დაწერა ერდოღანმა X-ზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შეთანხმებას ომის დასრულებისკენ გადადგმული „უაღრესად მნიშვნელოვანი“ ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ „ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს.
გუშინ, 14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედს ატარებს, 19 ივნისს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. ეს სრუტე თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილია, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა. სრუტის ჩაკეტვის საპასუხოდ, აშშ-მა ირანის ნავსადგურებთან მიმავალი გზები გადაკეტა.