
ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?
ექვსი თვის წინ, 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის შეტევით დაწყებულმა ომმა ირანთან პრაქტიკულად გააჩერა ნავთობის ტრანზიტი ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიო ნავთობვაჭრობის დაახლოებით მეხუთედის (20-21 მლნ ბარელი დღეში) და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ვაჭრობის დაახლოებით მეოთხედის მთავარ სატრანზიტო არხში. 22 აგვისტოს მდგომარეობით, კონფლიქტი არათუ დასრულებულა, არამედ ახალ ესკალაციის ფაზაშია შესული: 17 ივნისს ხელმოწერილი აშშ-ირანის მემორანდუმი ორშაბათს ფორმალურად ამოიწურა, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გაგრძელება არ აინტერესებს, ხოლო ომანს დაბომბვით დაემუქრა, თუ ის ხელს შეუშლის სრუტესთან დაკავშირებულ ამერიკულ ოპერაციებს.
ბოლო კვირის ყველაზე საინტერესო განვითარება არა პოლიტიკური, არამედ მონაცემობრივი ხასიათისაა. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაითმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტმა ომამდელ დონეს გადააჭარბა და უკვე ერთი კვირაა, რაც ნორმალურ მაჩვენებლებთან ახლოსაა. ეს მოცემულობა ეწინააღმდეგება გემების თვალთვალის მონაცემებს (Kpler, MarineTraffic), რომლებიც სრუტეში ტრანზიტის მკვეთრ კლებას აჩვენებენ. გასული კვირის 84 გემიდან, რომლებმაც სრუტე გაიარეს, 17 იყო "ჩრდილოვანი ფლოტის" ტრანკირებული ტრანზიტი და 10 სანქცირებული ტვირთით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ითვლებიან თუ არა ისინი ოფიციალურ სტატისტიკაში. ამასთან, სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებს დღემდე სჭირდებათ აშშ-ის საზღვაო ფლოტის ფიზიკური თანხლება; სამხედრო გემები კონვოის პრინციპით იცავენ ტანკერებს ირანის შესაძლო თავდასხმისგან გავლის დროს. ეს დეტალი თავისთავად უარყოფს ნარატივს, რომ სრუტე ღიაა და უბრალოდ კონტროლდება; არაკონფლიქტურ პირობებში კომერციულ გემებს სამხედრო ესკორტი არ სჭირდებათ.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე კვარტალში მოსალოდნელი ნავთობის დეფიციტი წინა თვის პროგნოზთან შედარებით გაორმაგდა 1.8 მლნ ბარელამდე დღეში. აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, სრუტის გავლით ტრანზიტი ომამდელი 21.6 მლნ ბარელიდან დღეში დაეცა დაახლოებით 4.9 მლნ ბარელამდე მეორე კვარტალში. გლობალური მარაგები სწრაფად იწურება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამი კვირით სრუტის ნაწილობრივმა გახსნამ ივლისში საშუალება მისცა 200-ზე მეტ მილიონ ბარელს გამოსულიყო სრუტიდან, თუმცა ეს მარაგი უკვე ამოწურულია.
საბაზრო ფასების დინამიკა საინტერესო სურათს გვაჩვენებს: ბრენტის ნავთობი აგვისტოს შუა რიცხვებში $84-87 დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო 17-18 აგვისტოს, მემორანდუმის ვადის ამოწურვისა და ტრამპის განცხადებების ფონზე, $91-მდე აიწია. ეს დონეები არსებითად დაბალია მარტის პიკთან შედარებით, როცა ბრენტი $120-ს მიუახლოვდა. აქ იბადება კითხვა: რატომ არის ბაზარი შედარებით მშვიდი, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის მასშტაბი ისტორიულად უპრეცედენტოა?
პასუხი რამდენიმე ფაქტორშია: უპირველეს ყოვლისა, გლობალური მოთხოვნა დაეცა; მეორეც, ჩინეთმა მოულოდნელად დიდი მარაგები გამოიყენა მილიარდზე მეტი ბარელის ოდენობით, რაც ომის დაწყებამდე დაგროვდა; მესამე, ბაზარმა ექვსი თვის განმავლობაში შეისისხლხორცა ადმინისტრაციის ნარატივი მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ, თუმცა, RBC Capital Markets-ის დირექტორის, ჰელიმა კროფტის თქმით, "ჩვენ ნორმასთან ახლოსაც არ ვართ".
Reuters-ის ეკონომისტთა გამოკითხვამ (ივლისი) აჩვენა, რომ ყურის ეკონომიკები, საერთო კომისიის (GCC) წევრები, მოსალოდნელზე უფრო მკვეთრად შემცირდებიან 2026 წელს. ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღეს ქუვეითმა და კატარმა. ორივეს ეკონომიკის შემცირება 8.1%-ით არის მოსალოდნელი (რომელიც გაიზარდა აპრილის 4.4%-ისა და 6.0%-ის პროგნოზებთან შედარებით). ბაჰრეინის ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდება. საინტერესოა, რომ საუდის არაბეთი და ომანი ერთადერთი GCC ეკონომიკებია, რომლებიც ზრდას ინარჩუნებენ. საუდი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენით ახერხებს წითელი ზღვის გავლით ნავთობის გატანას, ხოლო ომანის საექსპორტო ტერმინალი თავად სრუტის გარეთ მდებარეობს.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კრიზისის ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ ნავთობის ფასზე, არამედ ლოჯისტიკურ ალტერნატივებზე. ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სრუტის გვერდის ავლის ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად ნაკლებად დაზარალდნენ, ვიდრე ისინი, ვინც მთლიანად ჰორმუზზეა დამოკიდებული.
IMF-მა და OECD-მ დასწიეს გლობალური ზრდის პროგნოზები. OECD-ის ივნისის შეფასებით, გლობალური ზრდა 2026 წელს 3.4%-დან 2.8%-მდე შენელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს სიტუაცია შედარებით სწრაფად მოგვარდება; ხოლო გახანგრძლივებული სცენარის შემთხვევაში, ზრდა 2.1%-მდე დაეცემა. დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის მოდელირებით, სრუტის ერთი კვარტლით დახურვა გლობალურ მშპ-ს 0.2 პროცენტული პუნქტით ამცირებს, ხოლო ორი კვარტლით დახურვა კი- 0.3 პროცენტული პუნქტით. აღსანიშნავია, რომ დღემდე დარღვევა უკვე ექვს თვეს ითვლის, რაც თავდაპირველ მოდელირებულ სცენარებზე გაცილებით გრძელია.
ინფლაციური ზეწოლა ასევე რჩება მნიშვნელოვან რისკად. სრუტეზე არა მხოლოდ ნავთობი, არამედ სასუქებისა და ჰელიუმის ვაჭრობის მესამედი გადის, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზეც აისახება მთელს მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ფასები ჯერჯერობით პიკზე დაბალია, კრიზისის გახანგრძლივება და ფაქტი, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა, მნიშვნელოვან რისკს უქმნის გლობალურ ეკონომიკას მე-4 კვარტალში. სამი ცვლადი განსაზღვრავს შემდგომ განვითარებას: გაგრძელდება თუ არა ირან-ომანის ორმხრივი მოლაპარაკებები დამოუკიდებელი შედეგით, გადაწყვეტს თუ არა აშშ სამხედრო ესკალაციას ომანთან მიმართებით, და რამდენად სწრაფად შეძლებენ სხვა მწარმოებლები (განსაკუთრებით საუდის ალტერნატიული მილსადენები) დეფიციტის კომპენსირებას. ბაზრის ამჟამინდელი სიმშვიდე მყიფეა და, შესაძლოა, უფრო მეტად ასახავს ადმინისტრაციის კომუნიკაციურ წარმატებას, ვიდრე ფუნდამენტურ რეალობას.
ავტორი - დავით დოლიძე
BM.GE
წყარო: bm.ge