
"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს
სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციების 99.40387%-ის მფლობელი შპს „სითი ექსპო“ კომპანიის დარჩენილი აქციების სავალდებულო წესით გამოსყიდვას გეგმავს. შესაბამისი განაცხადი „სითი ექსპომ“ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
კომპანიის განცხადებით, ის „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლების გამოყენებას აპირებს. განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ „სითი ექსპო“ ნებისმიერ დროს შეძლებს სასამართლოს მიმართოს და აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურის დაწყება მოითხოვოს.
„სითი ექსპოს“ ინფორმაციით, „ექსპო ჯორჯიას“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად განხორციელდება, ხოლო აქციების სამართლიან ფასს სასამართლო დაადგენს.
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „სითი ექსპო“ აქციების გამოსასყიდ თანხას სპეციალურ ანგარიშზე განათავსებს. თანხა დარჩენილი აქციონერების სასარგებლოდ გაიხსნება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლიანი ფასის შესაბამისად, მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების ღირებულება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „სითი ექსპოს“ 90%-ს IG Group-ისა და „სითიზენის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი მინდია საბანაძე ფლობს, 10%-იანი წილი კი ზურაბ ხუციშვილს ეკუთვნის. „სითი ექსპომ“ „ექსპო ჯორჯიას“ საკონტროლო პაკეტი 2024 წელს შეიძინა.
კომპანიის განმარტებით, „ექსპო ჯორჯიას“ აქციების სრულად გამოსყიდვის მიზანი კომპანიის მართვის უფრო ეფექტურად განხორციელებაა.
„ექსპო ჯორჯია“ საერთაშორისო და ეროვნული გამოფენების, ბაზრობების, ასევე სხვადასხვა მარკეტინგული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებითა და ჩატარებით არის დაკავებული.
„ექსპო ჯორჯიას“ აქტივები მოიცავს 37,444 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებს და მათზე განთავსებულ 7,736 კვადრატულ მეტრ პავილიონებს. ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომია „ექსპო ჯორჯიას“ 2023 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალმა 6 მილიონი ლარი შეადგინა.
„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის განვითარების გეგმა
2024 წელს „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია ბიზნესმენ მინდია საბანაძის მიერ დაფუძნებულმა დეველოპერულმა კომპანია „სითიზენმა“ შეიძინა, რის შემდეგაც კომპანიამ ტერიტორიის განვითარების გეგმებიც წარმოადგინა.
გეგმის მიხედვით, ტერიტორიაზე საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი. საცხოვრებელი კომპლექსის ძირითადი ნაწილი წერეთლისა და სამტრედიის ქუჩების კვეთასთან განთავსდება. პროექტი ხუთ ობიექტს მოიცავს.
მთლიანობაში პროექტში დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა გათვალისწინებული, ხოლო მისი სრული განვითარება რვა წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მე-11 პავილიონის ადგილმდებარეობის შეცვლა. კომპანიის განცხადებით, სხვა პავილიონები და არსებული გამწვანებული სივრცე სრულად შენარჩუნდება, რეაბილიტირდება და საზოგადოებისთვის ღია დარჩება.
BM.GE
წყარო: bm.ge