
I კვარტალში მოთხოვნა 50%-ით შემცირდა - "ვოიაჟერ 365" მიზეზებზე
ტურისტულ კომპანია "ვოიაჟერ 365"-ში აცხადებენ, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში დატვირთა წლიურად დაახლოებით 50%-ით შემცირდა, რაც ძირითადად გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობებისა და საჰაერო მიმოსვლაში არსებული შეფერხებების შედეგია. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, გოგა ქუცნიაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარება აზიის მიმართულებებზე შეიქმნა, სადაც ფრენების შეზღუდვამ და გაუქმებამ მოთხოვნა ფაქტობრივად გააჩერა. ქუცნიაშვილის განმარტებით, პრობლემები შეეხო ასევე დუბაისა და კატარის მიმართულებებს, რომლებიც ზამთრის სეზონზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნით ხასიათდება.
„გასულ პერიოდზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ წინასწარ დაგეგმილსა და საანგარიშო პერიოდთან შედარებით დატვირთულობა შედარებით დაბალი იყო, რაც საჰაერო მიმოსვლაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ზამთრის სეზონი, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით აქტიურია აზიის, ასევე დუბაისა და კატარის მიმართულებებზე, სადაც ამინდის პირობებიდან და სეზონური აქტივობიდან გამომდინარე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. სწორედ ამ პროცესებმა და ავიარეისების გაუქმებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმაზე, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლები წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამ მიმართულებით დატვირთულობა, იმ პერიოდთან შედარებით, რაც საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო, მინიმუმ 50%-ითაა შემცირებული. ერთი მხრივ, ამას განაპირობებს ქვეყანაში არსებული ვითარება, ხოლო მეორე მხრივ - ის ფაქტი, რომ დოჰა წარმოადგენს ძირითად საჰაერო ჰაბს აზიასთან დასაკავშირებლად. შესაბამისად, ისეთი ავიაკომპანიების ფრენების შეჩერებამ, როგორიცაა FlyDubai და Qatar Airways-ი, ამ სეგმენტზე ძალიან მძიმე გავლენა იქონია. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ბალის, იაპონიის ან მალდივების მიმართულებით მოთხოვნა სტაბილური იყო, რეისები ან საერთოდ არ სრულდებოდა, ან მხოლოდ ალტერნატიული მარშრუტებით ხორციელდებოდა, რაც უფრო ძვირი ჯდებოდა სტანდარტულ ტარიფებთან შედარებით. ამის გამო მოთხოვნა ამ მიმართულებებზე მკვეთრად შემცირდა და ფაქტობრივად მინიმალურ ნიშნულამდე დავიდა“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული კონფლიქტის ფონზე, საავიაციო საწვავზე ფასი გაორმაგდა, რის გამოც ავიაკომპანიებს ბილეთების გაძვირება და რეისების გაუქმებაც უწევთ.
BM.GE
წყარო: bm.ge