
იაპონიის სამხრეთში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა: გამოცხადდა ცუნამის საშიშროება
სამშაბათს, ნაშუადღევს, იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუსიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც დროებით ცუნამის საშიშროება გამოცხადდა, - იუწყება იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო (JMA).
სააგენტოს ცნობით, გაფრთხილება შეეხო მიმდებარე არიაკესა და იაცუშიროს ზღვებს - კუმამოტოს, ნაგასაკის, ფუკუოკასა და საგას პრეფექტურების დასავლეთ სანაპიროებზე, ტოკიოდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 900 კილომეტრში. გაფრთხილება ორ საათში გაუქმდა.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) თავდაპირველად მიწისძვრის სიძლიერე 7.1 მაგნიტუდით შეაფასა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები 6.8 მაგნიტუდამდე შეამცირა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ სანაპირო ზოლს, სადაც 1 მეტრამდე სიმაღლის ცუნამი იყო პროგნოზირებული. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ შექმნა საგანგებო ჯგუფი ინფორმაციის მოსაგროვებლად, შესაძლო ზარალის შესაფასებლად და სამაშველო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად.
მოგვიანებით ტაკაიჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის, გზების, ხიდებისა და შენობების დაზიანების, ასევე ელექტროენერგიის გათიშვისა და ხანძრის შესახებ, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ცეცხლის ქურებთან და ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევებთან.
"ჩვენთვის ადამიანების სიცოცხლე მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა ტაკაიჩიმ და მოუწოდა ძლიერი ბიძგების ზონაში მყოფ მცხოვრებლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე შესაძლო ძლიერი განმეორებითი ბიძგების (აფტერშოკების) გამო.
იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მსხვილი საზოგადოებრივი ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ცნობები არ შესულა, თუმცა სპეციალისტები ზარალის მასშტაბებს კვლავ აფასებენ.