
ICR მოლებში ქართული სწრაფი კვების ობიექტების გახსნასაც გეგმავს
"ICR ჯგუფმა“ კვების სექტორში შვილობილი ბრენდი - „ხინკილა“ ბაზარზე მიტანის სერვისით დააბრუნა. ბრენდი, რომელიც ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვებზეა (მიტანისა და გატანის სერვისებზე) ორიენტირებული, რესტორან „ტაბლას“ ბაზაზე იმუშავებს.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განაცხადა.
ბიზნესმენის განმარტებით, ქართული სწრაფი კვების (Fast Food) კონცეფცია კომპანიას ჯერ კიდევ პანდემიამდე ჰქონდა, თუმცა მაშინ ბაზარი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.
"ეს პროექტი ჯერ კიდევ პანდემიამდე გვქონდა - ბრენდი „ტაბლას“ ბაზაზე შევქმენით და ობიექტი „გალერია თბილისში“ გავხსენით, თუმცა მაშინ ბაზარი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და მალევე დავხურეთ. ახლა კი, რადგან კვების სექტორში ონლაინ მიმართულება - მიტანისა და გატანის სერვისები (Delivery & Takeaway) - საკმაოდ წარმატებულია, გადავწყვიტეთ, „ტაბლას“ შვილობილი ბრენდი, „ხინკილა“ აგვემოქმედებინა. პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია“, - თქვა ბიზნესმენმა.
როგორც ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, ბრენდის მთავარი აქცენტი ხინკალსა და იმ ქართულ კერძებზეა, რომელთა ადაპტირებაც სწრაფი კვების ფორმატშია შესაძლებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია ფიზიკური ობიექტების გახსნასაც გეგმავს.
"ბრენდის სახელი „ხინკილა“, ბუნებრივია, ხინკალთან ასოცირდება. ზოგადად, ქართული სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია და ვარჩევთ იმ კერძებს, რომელთა ტრანსფორმაციაც სწრაფი კვების ფორმატშია შესაძლებელი. როგორც კი მენიუს საბოლოოდ დავხვეწთ, სამომავლოდ ვგეგმავთ, სავაჭრო მოლებში ქართული, ჯანსაღი სწრაფი კვების ობიექტები გავხსნათ“, - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.