
იდეალური იქნებოდა, 100 000-დან 200 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის განაკვეთი 0.5%-მდე შემცირებულიყო - დავით პაპიაშვილი
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ქვეყანაში დაბეგვრის არსებული რეჟიმი პრინციპულად არ იცვლება და ახალი სქემა არ დანერგილა. ამის შესახებ BMG-სთან „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, წარდგენილი ცვლილებები „კომპრომისული გადაწყვეტილებაა“. როგორც პაპიაშვილი აცხადებს, ერთი მხრივ, 40 000-ლარიანი შეღავათის 100 000 ლარამდე გაზრდა ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, მეორე მხრივ, სისტემამ შეინარჩუნა ის ხარვეზები, რაც მანამდეც არსებობდა.
„წარსულში არსებული სისტემის მთავარი უსამართლობა ის იყო, რომ როგორც კი ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარს გადასცდებოდა, გადასახადი ოთხჯერ ან ხუთჯერ იზრდებოდა (0.2%-იდან 0.8-1%-მდე). იდეალური იქნებოდა, რომ 100 000-დან 200 000 ან 250 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის განაკვეთი შემცირებულიყო (მაგალითად, 0.5%-მდე), ხოლო 1%-იანი განაკვეთი მხოლოდ უფრო მაღალი შემოსავლის სეგმენტზე გავრცელებულიყო.
აქამდე, 1%-იანი განაკვეთი იყო 100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის და 1% რჩება - ანუ არ იზრდება და ასე ვთქვათ, იგივე გადასახადის გადახდა მოუწევთ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის განაკვეთიც არასწორი იყო, ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ეს განაკვეთი შემცირებულიყო, პირობითად 0,5%-მდე. შემდეგ კი, შეიძლება სხვა განაკვეთზე გვემსჯელა და შემოსავლის სხვა კატეგორია დაწესებულიყო მაგალითად, 200 000 ლარს თუ 300 000 ლარს ზემოთ ყოფილიყო ეს 1%“, - აცხადებს დავით პაპიაშვილი BMG-სთან.
კითხვაზე, ხომ არ აჯობებდა, რომ კიდევ უფრო მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის გაზრდილიყო ქონების გადასახადის განაკვეთი (1.2% ან 1.5%), „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი განმარტავს, რომ ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია.
დავით პაპიაშვილის თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ქონების გადასახადის განაკვეთი 1%-ს ან 1.5%-ს შეადგენს, მას არა რეალური საბაზრო ფასიდან, არამედ „საკადასტრო“ (საგადასახადო) ღირებულებიდან ითვლიან, რაც ხშირად საბაზრო ფასის ნახევარს ან 30%-ს შეადგენს. საქართველოში კი დაბეგვრა პირდაპირ რეალური საბაზრო ღირებულებიდან ხდება. შესაბამისად, საქართველოს 1%-იანი განაკვეთი ევროპული ქვეყნების გადათვლილ განაკვეთებთან შედარებით ისედაც საკმაოდ მაღალია.
„თუ ჩვენ განაკვეთებს 1.2%-მდე ან 1.5%-მდე გავზრდით, მივიღებთ რეალობას, სადაც საქართველოში ქონების გადასახადი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ევროპის წამყვან სახელმწიფოებში. ამიტომ, არსებული 1%-იანი განაკვეთი ფაქტობრივად მაქსიმალური ზღვარია და მისი შემდგომი ზრდის რესურსი უბრალოდ არ არსებობს“, - აცხადებს დავით პაპიაშვილი.
პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტით უქმდება ფიზიკური ქირის ქონების გადასახადით დაბეგვრის მრავალსაფეხურიანი სისტემა - 40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები, და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, შეღავათი სავარაუდოდ შეეხება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს, რომელთა შემოსავალი 40000-დან 100 000 ლარამდეა და რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22,3 მილიონ ლარს შეადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge